იტვირთება

დიმიტრი ლორთქიფანიძის მანიპულაცია მთავრობის მიერ ღირსების მარშის აკრძალვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით

ვერდიქტი: მანიპულაცია

2021 წლის 3 ივნისს ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ეთერში, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით საუბრისას, განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, ასევე კანონები „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ მთავრობას უფლებას აძლევს შეზღუდოს უმცირესობების შეკრების უფლება და 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში გააუქმოს. მისი თქმით, „როდესაც აშკარად დგება დღის წესრიგში საფრთხე იმისა, რომ შეიძლება გარკვეული, ღია, მით უმეტეს, იდეოლოგიის დონეზე დაფუძნებული წინააღმდეგობა მოხდეს და ამ წინააღმდეგობამ გამოიწვიოს მსხვერპლიც, ასეთი ტიპის შეზღუდვას უშვებს კანონი, როგორც კონსტიტუცია. ეს გახლავთ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილი, შეკრებისა და მანიფესტაციის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონები, სადაც წერია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოების დემოკრატიული მიზნებიდან გამომდინარე, თუკი ასეთი საჭიროება არსებობს“. მსგავსი განცხადებები მან რადიო „Georgian Time-ის” გადაცემაშიც გააკეთა. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება ასევე გამოქვეყნდა Patrioti-TV.ge-ის ვებგვერდზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს, ხოლო 21-ე მუხლით შეკრების თავისუფლებაა განმტკიცებული. ეს უფლებები აბსოლუტურ უფლებებს არ წარმოადგენს და კონკრეტულ შემთხვევებში მათი შეზღუდვა შესაძლებელია. კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია. ასევე, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

კონსტიტუციასთან ერთად, შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველო კანონები არეგულირებს. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, გამოხატვის უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს, თუ ეს ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით არის გათვალისწინებული და შეზღუდვით დაცული სიკეთე, შეზღუდვით მიყენებულ ზიანს აღემატება. ამასთან, შემზღუდავი კანონი აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის და მიემართებოდეს ლეგიტიმური მიზნის განხორციელებას. შემზღუდველი ნორმა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. იმავე მიდგომას იზიარებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონიც. ამასთან, კანონის მე-2 მუხლში დაკონკრეტებულია, რომ შეკრების უფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ უნდა იყოს მიმართული.

აღნიშნულ საკითხზე დამატებით განმარტებისთვის, „ფაქტ-მეტრი“ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორ, მარი კაპანაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა როგორც საქართველოს კონსტიტუცია და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, ცალსახად მიუთითებს იმაზე, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეს უფლება შეიზღუდოს. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ განსხვავებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისგან, ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს გამოხატვის შეზღუდვას საჯარო მორალის საფუძვლით. ასევე არ გვაქვს არანაირი ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის შეზღუდვა დასაშვებია სხვისი რელიგიური გრძნობების დასაცავად. ის რომ ადამიანთა ჯგუფს შესაძლოა აღიზიანებდეს სხვა პირთა გამოხატვა და წინააღმდეგობაში მოდიოდეს მათ ღირებულებებთან, არაა საკმარისი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად არც ჩვენი კონსტიტუციით, არც ევროპულ ქვეყნებში და არც მით უმეტეს, აშშ-ში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუდმივად იმეორებს, რომ „[გამოხატვის თავისუფლება] მიემართება არა მხოლოდ ისეთ „ინფორმაციასა“ და „იდეებს“, რომელიც მოწონებულია და მიღებულია როგორც არაძალადობრივი ან ინდიფერენტული, არამედ ისეთებსაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან შემაწუხებელი შეიძლება იყოს სახელმწიფოსათვის, ან მოსახლეობის რომელიმე სექტორისათვის.“[1] ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს: „ზოგადად, სიტყვის მართლმსაჯულების ობიექტად ქცევა უკიდურეს შემთხვევაში უნდა ხდებოდეს, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია. არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მართლმსაჯულების გზით მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებით, გვეშინია, გვძულს, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მორალისა თუ ტრადიციების შეუსაბამოა“.

საქართველოში მოქმედი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი მიახლოებულია ამერიკულ სტანდარტებთან და ამ უფლების დაცვის მაღალ გარანტიებს გვთავაზობს. როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი, ისე საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად უშვებს პრაიდის ჩატარების შესაძლებლობას. მეტიც, მისი აკრძალვა შეუსაბამობაში მოვიდოდა თანამედროვე ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპი კი (რომელიც ჩვენი კონსტიტუციითაა გარანტირებული) ცალსახად ადგენს, რომ სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის უფლებებით, რაც მას ავალდებულებს დაიცვას უმცირესობებიც, მათ შორის მაშინ, როდესაც მათი დაცვა უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოა.

ზემოხსენებულის მიუხედავად, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, კონსტიტუციისა და სხვა კანონების მანიპულაციური განმარტებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. აღნიშნული განცხადებით, იგი ცდილობს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ გაცხადებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციით გაამართლოს.

შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მხოლოდ, მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამგვარი შეზღუდვა დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის არის საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, ღირსების მარშის გაცხადებულ მიზნებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა წარმოადგენს. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი, სწორედ სხვადასხვა ნიშნით უმცირესობების უფლებათა დაცვაა. ეს გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზება უზრუნველყოს. უმცირესობების მიმართ საზოგადოების ფართო მასებში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება, არ შეიძლება გახდეს თავად ამ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის საფუძველი.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვისას, შეზღუდვით დაცული სიკეთე, შეზღუდვით მიყენებულ ზიანს უნდა აღემატებოდეს. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის კრიტიკულად საჭირო ისეთი სიკეთე, რომელიც გაამართლებდა კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის უფლებათა შეზღუდვას. ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები, მათსავე სუბიექტურ აღქმებს, ირაციონალურ შიშებსა და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიუღებლობას ემყარება. აღნიშნული ვერ ჩაითვლება ისეთი მნიშვნელობის სიკეთედ, რომელიც სხვა ადამიანების უფლებათა შეზღუდვის საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის არცერთი წინაპირობა ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით, არ არსებობს.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3489 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი