ლევან ანთაძე: „თუ 2020 წლის მარტს, როცა დაიწყო პანდემია, შევადარებთ 2021 წლის მაისს, დღემდე, რამდენი ოჯახი მოხვდა დამატებით ამ [მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზა] სიაში, ეს არის 4 589 ოჯახი და აქედან სიღატაკეში ანუ 100 000 [სარეიტინგო] ქულის ქვევით მოხვდა 3 131 ოჯახი“.

ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის მარტში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრები 28 045 ოჯახი, საიდანაც საარსებო შემწეობას 10 069 ოჯახი იღებდა. რეგისტრირებული ოჯახებიდან, 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა 13 444 ოჯახს ჰქონდა მინიჭებული.

2021 წლის მაისის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 4 778 ერთეულით გაიზარდა და 32 823 ოჯახი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი რიცხვი გაზრდილია 2 295-ით, რაც ნიშნავს, რომ მაისში აჭარაში ფულადი სოციალური დახმარების მიმღები 12 364 ოჯახი იყო. 100 000 და ნაკლებ სარეიტინგო ქულას კი 16 575 ოჯახი ფლობდა. აქედან გამომდინარე, სიღატაკეში 3 131 ოჯახით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2020 წლის მარტში იყო.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსმა ამ განცხადებით აჭარის ა/რ 2021 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფის პროგრამის“ ამოღება გააკრიტიკა. აღნიშნული მიზნით, ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში 1 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, აჭარის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხა ორჯერ გამოიყო, ჯამში 1 262 000 ლარის ოდენობით.

ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა წევრმა ლევან ანთაძემ განაცხადა: „თუ 2020 წლის მარტს, როცა დაიწყო პანდემია, შევადარებთ 2021 წლის მაისს, დღემდე, რამდენი ოჯახი მოხვდა დამატებით ამ [მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზა] სიაში, ეს არის 4 589 ოჯახი და აქედან სიღატაკეში ანუ 100 000 [სარეიტინგო] ქულის ქვევით მოხვდა 3 131 ოჯახი“ .

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე 2020 წლის მარტში მონაცემთა ბაზაში სულ რეგისტრირებული იყო 28 045 ოჯახი (111 133 პირი). აქედან შემწეობას 10 069 ოჯახი (44 918 პირი) იღებდა.

შარშან, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე ის ოჯახებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც მანამდე მიზნობრივი დახმარების საჭიროება არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, გაიზარდა როგორც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, ისე შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი. მათმა რაოდენობამ, მიმდინარე წლის მაისში, შესაბამისად, 32 823 ოჯახი (129 234 პირი) და 12 364 ოჯახი (54 797 პირი) შეადგინა.

ცხრილი 1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა, აჭარა, 2020 წელი და 2021 წლის იანვარ-მაისი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

არსებული სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის მაისში მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რიცხვი, 2020 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით, 4 778-ით გაიზარდა, ხოლო რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა - 18 101-ით. შესადარებელ პერიოდში, 2 295-ით გაზრდილია საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების, ხოლო 9 879 ერთეულით - პირთა რაოდენობა.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, 2021 წლის მაისში 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა მინიჭებული ჰქონდა აჭარაში მცხოვრებ 16 575 ოჯახს, ხოლო 2020 წლის მარტში მათი რიცხვი 13 444-ს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ სიღატაკეში მყოფი ოჯახების რაოდენობა 3 131-ით გაიზარდა.

ლევან ანთაძემ აღნიშნული საკითხი აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე „აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს წამოჭრა და აჭარის ა/რ 2021 წლის ბიუჯეტიდან „სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფის პროგრამის“ ამოღება გააკრიტიკა. აღნიშნული მიზნით, გათვალისწინებული იყო 1 მლნ ლარი, რომლითაც სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის მოსახლეობისთვის სურსათის შეძენა დაიგეგმა. პროგრამა 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში შეიტანეს. (დანართი 1) თუმცა სახეცვლილ დოკუმენტში აღარ გვხვდება.

აქვე უნდა ითქვას, რომ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ პირების, მარტოხელა პენსიონერების, სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეებისა და სხვა კატეგორიის შეჭირვებული მოსახლეობის „სასურსათო კალათით“ უზრუნველყოფის მიზნით, აჭარის ა/რ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 1 262 000 ლარი გამოიყო. სურსათი ორჯერ დარიგდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ დაწერა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეგიონის მთავრობამ დახმარება წელსაც სარეზერვო ფონდიდან გასცეს. მიუხედავად ამისა, ლევან ანთაძის მიერ განცხადებაში მოყვანილი ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, რადგან ხელისუფლებამ ბიუჯეტში ამ ტიპის დახმარების ცალკე პროგრამად/ქვეპროგრამად გათვალისწინება გადაიფიქრა.

ინფორმაციისთვის: „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, ღატაკად ითვლება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია.

იმ ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, რომელთა იდენტიფიცირებაც შეფასების სისტემით ხდება, სახელმწიფო საარსებო შემწეობას ანუ ფულად სოციალურ დახმარებას გასცემს.

100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის შემთხვევაში, ოჯახის ყველა 16 წლამდე ასაკის წევრზე 50-ლარიანი დახმარება გაიცემა. ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში აღნიშნული ფულადი შემწეობა ოჯახს საბანკო ბარათზე სრულად ერიცხება, ხოლო ბათუმის, ხელვაჩაურის, შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, მთლიანი თანხიდან, საბანკო ბარათზე მხოლოდ 20 ლარი მიემართება, ხოლო 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე“ ირიცხება. უკვე ცნობილია, რომ ივლისიდან თანხის ოდენობა იზრდება და აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახის ყველა 16 წლამდე ასაკის წევრისთვის 100 ლარია გათვალისწინებული.

მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებული ისეთი მოქალაქეებიც (ოჯახები), რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობა ეკუთვნით, თუმცა ამ ეტაპზე ფულად სოციალურ დახმარებას არ იღებენ. მათი რიცხვი ცვალებადია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი