იტვირთება

თინათინ ბოკუჩავა: ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა საგარეო ინვესტიციები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინათინ ბოკუჩავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 619.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. თუმცა, შედარებისთვის მნიშვნელოვანია მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლის განხილვა. 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.9%-ს შეადგენდა, რაც 2001 წლის შემდეგ, ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. ერთი შეხედვით, უშუალოდ 2020 წელთან მიმართებით, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს, პოლიტიკოსის განცხადება კი სწორედ მთავრობის მიმართ კრიტიკის კონტექსტში გაკეთდა. თუმცა, ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. აგრეთვე, 2009 წელს, პოსტსაომარი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები 2020 წლის მონაცემებს აღემატებოდა.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენაზე განაცხადა: „ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა საგარეო ინვესტიციები“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 125 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ანალოგიურ პერიოდში - 2009 წლის შემდეგ, ყველაზე მცირე მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, სააქციო კაპიტალის ნაკადები 28 მილიონამდე შემცირდა, რამაც მთლიანი მაჩვენებლის 22% შეადგინა. ასევე, 2020 წლის განმავლობაში, სააქციო კაპიტალის ნაკადები პრაქტიკულად ნულს მიუახლოვდა. იმავე პერიოდში ინვესტიციების არსებული დონე, 619.9 მლნ აშშ დოლარი, ძირითადად რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი იყო 2019 წელსაც და მთლიანი ინვესტიციების 50%-ს შეადგენდა. რეინვესტირების მაღალი წილი პუი-ს სტრუქტურაში მიანიშნებს ახალი ინვესტიციების შემოსვლის დაბალ მაჩვენებელზე, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფით მოვლენას წარმოადგენს.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა 2013-2021 (I კვ) წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 2020 წლის დინამიკის განხილვა, რადგან პირველი კვარტლის მონაცემები, ზოგად საინვესტიციო მდგომარეობაზე სრულყოფილ სურათს ვერ მოგვცემს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2020 წელს 619.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. 2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების გამავალი ნაკადები შემომავალ ნაკადებს აჭარბებდა. კვარტალურ ჭრილში, უარყოფითი პუი 1995 წლის შემდეგ (არსებული სტატისტიკის ფარგლებში) პირველად დაფიქსირდა (ინვესტიციების უარყოფითი დინამიკის შესახებ, იხილეთ სტატია). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეტალური სტატისტიკა 2000-2020 წლებში, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

აბსოლუტურთან ერთად, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის განხილვაც. ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ 2010 წლამდე და 2010 წლის შემდეგ, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება შეიძლება მხოლოდ საორიენტაციო სახის იყოს, ვინაიდან 2010 წლის შემდეგ, საქსტატის მიერ მშპ-ს მაჩვენებლის გამოთვლა ახალი მეთოდოლოგიით მოხდა, რასაც აღნიშნულ პერიოდში, მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა მოჰყვა (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხ სტატია). 2020 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-ს 3.9%-ს შეადგენდა, რაც 2001 წლის შემდეგ, ყველაზე მცირე მაჩვენებელია.

ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2000-2020 წლებში, მლნ დოლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სამართლიანობისთვის, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ 2020 წელს, პანდემიური ვითარება საინვესტიციო სფეროსთვის კატასტროფული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს. თუმცა, ინვესტიციების დინამიკა საქართველოში პანდემიამდელ პერიოდშიც პრობლემური იყო. აგრეთვე, 2009 წელს, პოსტსაომარი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მაჩვენებლები 2020 წლის მაჩვენებელს მაინც აღემატებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3489 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი