იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: ყურძენი თქვენს დროს [ნაციონალების] ღირდა 30 თეთრი, ჩვენს დროს ღირს მინიმუმ 1, 1.5, 2 ლარი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: საანგარიშო პერიოდში, რქაწითელის (მასობრივი მოხმარების ყურძნის) ფასი ერთი ლარი - სუბსიდიის ჩათვლით, მხოლოდ 2012, 2013, 2014 წლებში იყო, ყველა დანარჩენ წელს ყურძნის ფასი ლარზე ნაკლები იყო. შესაბამისად, ყურძენი (რქაწითელი) დასახელებულ წლებში, ლარზე მეტი არ ღირდა. არც „ნაციონალების“ მმართველობის წლებში (2008-2012) ყოფილა ყურძნის ღირებულება 0.30 ლარი. თუმცა, საფერავის ღირებულება (სუბსიდიის ჩათვლით), „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თითქმის მუდმივად ლარს აღემატება (გარდა 2015-2016 წლებისა). ლოგიკურია, განცხადების გაკეთებისას პრემიერს მხედველობაში მასობრივი მოხმარების ყურძნის ფასი ჰქონოდა. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს ვითვალისწინებთ და პრემიერის განცხადებას ვაფასებთ, როგორც მცდარს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი ყურძნის ფასს მთავრობის წარმატება-წარუმატებლობის საზომად იყენებს, რაც ჩვენი აზრით, ცალსახად არასწორი მიდგომაა. როგორც აღვნიშნეთ, პროდუქტის (მათ შორის - ყურძნის) ფასს მოთხოვნა მიწოდებას შორის თანაფარდობა უნდა განაპირობებდეს და მთავრობა ფასის ფორმირებაში საერთოდ არ უნდა ერეოდეს. გარდა ამისა, პოლიტიკოსების მსგავსი ტიპის განცხადებები მოსახლეობაში (მევენახეებში) გადაჭარბებულ მოლოდინს აჩენს, ისინი მუდმივად ყურძნის ფასის სუბსიდირების იმედად არიან და, ბიუჯეტიდან გაწეული სოლიდური ხარჯის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ყურძნის ფასი მაინც უკმაყოფილების საგანი ხდება.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სხვა მრავალ საკითხთან ერთად სოფლის მეურნეობაზეც ისაუბრა და ყურძნის ფასზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ყურძნის ფასი 30 თეთრი იყო, კახეთში ყველამ იცის. იმიტომ გეშინოდათ ივანიშვილის მოსვლის, რადგან პირდებოდა, რომ ყურძენი ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს....30 თეთრი ღირდა ყურძენი, ჩვენს დროს ღირს მინიმუმ 1,1.5,2 ლარი“.

სანამ საანგარიშო პერიოდში უშუალოდ ყურძნის ფასის განხილვაზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს, რომ ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან ხორციელდება. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს (2006 წელს რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე ემბარგო დააწესა) ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. 2008-2017 წლებში ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 165.8 მლნ ლარი გამოიყო. 2018-2019 წლებში მთავრობას ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განუხორციელებია, თუმცა ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესაძენად სახელმწიფო საწარმო „აკურას“ ორივე წელს 10-10 მილიონი ლარი გამოუყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთველის ირიბი სუბსიდირება იყო.

2020 წელს, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილება კვლავ მიიღო. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდიას ის ღვინის კომპანიები მიიღებდა, რომლებიც 2020 წლის რთველის განმავლობაში კახეთის რეგიონიდან არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეისყიდიდა და გადაამუშავებდა და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0,80 ლარს გადაუხდიდა. 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია შემდეგი ოდენობით გაიცა: 1 კგ რქაწითელისთვის - 0.30 ლარი და 1 კგ კახური მწვანესთვის - 0.30 ლარი.

ცხრილი 1: 2008-2020 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

2012 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, როცა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ხვდებოდა და იმდროინდელი ხელისუფლების ქმედებებს აკრიტიკებდა, აცხადებდა, რომ ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

„როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს ფასი?! 1 ლარიც არ არის ყურძნის ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი“, - აცხადებდა ივანიშვილი

უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. თუ მიწოდება (მოსავალი) გაზრდილია, მოთხოვნა შემცირებული, ყურძენზე ფასიც, ბუნებრივია, უნდა შემცირდეს. თუმცა პოლიტიკოსების მიერ წლების განმავლობაში გაცემული დაპირებები და მუდმივად ყურძნის ფასზე აპელირება (ყურძნის ფასის სუბსიდირების აუცილებლობა, ყურძენი ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს) მევენახეებში გადაჭარბებულ მოლოდინს ქმნის და ბიუჯეტიდან ყურძნის ფასის სუბსიდირებაზე დახარჯული სოლიდური თანხების მიუხედავად, ისინი ფასით მუდმივად უკმაყოფილო რჩებიან. პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გამოსვლისას კვლავ ყურძნის ფასზე ყურადღების გამახვილება და ხაზგასმა, რომ მათ დროს ყურძენი ლარი და ლარზე მეტი ღირდა, მოსახლეობაში გააჩენს განცდას, რომ მიმდინარე წელსაც ყურძნის ფასი ლარზე დაბალი არ იქნება და სახელმწიფო ფასს კვლავ დაასუბსიდირებს.

რაც შეეხება უშუალოდ ყურძნის ფასს, საანგარიშო პერიოდში, სუბსიდიის ჩათვლით, შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: ყურძნის ფასი (ლარებში) 2008-2020 წლებში, სუბსიდიის ჩათვლით

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორც მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში, რქაწითელის ფასი (რქაწითელის ფასზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ გადამუშავებული ყურძნის 60%-ზე მეტი სწორედ რქაწითელია) სუბსიდირების ჩათვლით ერთი ლარი მხოლოდ სამ წელს 2012, 2013, 2014 წლებში იყო, ლარზე მეტი აღნიშნული ყურძნის ფასი არც ერთ წელს არ ყოფილა. რაც შეეხება, „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში ყურძნის ფასს, 2008-2012 წლებში (მას შემდეგ რაც ყურძნის ფასის სუბსიდირება ხორციელდება), ყურძნის ფასი სუბსიდირების ჩათვლით 0.30 ლარი ასევე არასდროს ყოფილა. ლოგიკურია, განცხადების გაკეთებისას პრემიერს მხედველობაში მასობრივი მოხმარების ყურძნის ფასი ჰქონოდა. თუმცა, რადგან წითელი ყურძნის სუბსიდირებული ფასი 2013-2020 წლებში მართლაც ლარს აღემატება (გამონაკლისია 2015, 2016 წლები), აღნიშნულ ფაქტს ვითვალისწინებთ და პრემიერის განცხადებას ვაფასებთ, როგორც მცდარს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი ყურძნის ფასს მთავრობის წარმატება-წარუმატებლობის საზომად იყენებს, რაც ჩვენი აზრით, ცალსახად არასწორი მიდგომაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროდუქტის (მათ შორის - ყურძნის) ფასს მოთხოვნა მიწოდებას შორის თანაფარდობა უნდა განაპირობებდეს და მთავრობა ფასის ფორმირებაში საერთოდ არ უნდა ერეოდეს. ამის ნაწილობრივი მცდელობა 2018-2019 წლებში უკვე იყო, თუმცა მთავრობამ ბოლომდე მაინც ვერ „გარისკა“ და ბაზარზე ჭარბად დარჩენილი ყურძენი მაინც შეისყიდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის 49.8 მლნ ლარია გათვალისწინებული. ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება, თუ - არ და რა თანხა დაიხარჯება, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა წინასაარჩევნოდ ყურძნის ფასის სუბსიდირებაზე უარს, დიდი ალბათობით, ხელისუფლება არ იტყვის.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი