იტვირთება

ალტ-ინფოს დეზინფორმაცია: ევროკავშირი და ევროსაბჭო საქართველოსგან ლგბტქ+ ადამიანების ქორწინებისა და ბავშვთა აყვანის დაკანონებას მოითხოვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

2021 წლის 2 ივლის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პრორუსული გამოცემის, „ალტ-ინფოს“, ეთერში ევროკავშირსა და ევროსაბჭოსთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა. გადაცემის წამყვანები, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, გიორგი ქარდავა და შოთა მარტინენკო, სიძულვილის ენითა და მიზანმიმართული დეზინფორმაციით საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ.

2 ივლისის გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის - Council of Europe Office in Georgia – ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს მიეძღვნა. ვიდეო, რომელშიც ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი უთანასწორო გარემოში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, კამპანიის #მართლმსაჯულებაყველას ფარგლებში მომზადდა, რომელსაც მხარს პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ უჭერს. აღნიშნული ვიდეო გადაცემის წამყვანებმა ჯერ ევროსაბჭოს, შემდეგ კი ევროკავშირის საერთო პოზიციად და მიზნად მოიხსენიეს. მათი განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსგან არა მარტო მარშის ჩატარებას, არამედ ლგბტქ+ ადამიანებისთვის ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლებასაც ღიად მოითხოვს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭო, იგივე ევროსაბჭო (Council of Europe), და ევროკავშირი (European Union) ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან. ევროპის საბჭო ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1949 წელს დაარსდა. ის 47 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი 1999 წელის 27 აპრილს გახდა. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაა.

ევროკავშირი კი ევროპის საბჭოსგან დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც ამჟამინდელი სახელითა და ფორმით 1992 წლიდან არსებობს. მისი საფუძველი 1951 წელს შექმნილი „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაა“, რომელშიც ექვსი სახელმწიფო - ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები - შედიოდნენ. ევროკავშირი დღეისათვის ევროპის 27 სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა მიზანი თავიანთი მოქალაქეებისათვის მშვიდობის, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფაა.

რაც შეეხება ალტ-ინფოს მტკიცებას, რომ ევროკავშირი საქართველოსგან არა მარტო მარშის ჩატარებას, არამედ ლგბტქ+ ადამიანებისთვის ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლებას მოითხოვს, ყალბია.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი საქართველოს თავის არცერთ პოლიტიკას თავზე არ ახვევს და მისი ნების გარეშე შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა. საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ გზა დამოუკიდებლად, თავად აირჩია. კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერით, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის შესახებ, საქართველომ, პირველ რიგში, ვალდებულება საკუთარი ხალხის წინაშე აიღო. საქართველოს გაცხადებული სურვილიდან გამომდინარე, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება Tbilisi Prides-ის მიერ ორგანიზებულ მარშს - ღირსების მარში - #სოლიდარობისთვის! - მისი ჩატარება არა ევროკავშირის მიერ თავსმოხვეული და ნაკარნახევი ვალდებულება, არამედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაა. კერძოდ, ღირსების მარშის მიზანი ლგბტქ+ თემის წინაშე არსებული პრობლემების გაჟღერება და მასზე ხმამაღლა საუბარია. მათ მოთხოვნებს შორისაა ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების უზრუნველყოფა; პოზიტიური ვალდებულების შესრულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა; თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

ჩამოთვლილი მიზნები სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან, როგორებიცაა: აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, შეკრების თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უფლებების „შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“, ასევე, „ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ ლგბტქ+ თემის წინაშე არსებული პრობლემების გაჟღერების მშვიდობიან საშუალებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან თანხვედრაშია და არ არის თავსმოხვეული რომელიმე ევროპული ინსტიტუტისგან. მხარდაჭერა, რომელიც დასავლელმა პარტნიორებმა „ღირსების მარშს“ გამოუცხადეს, ნიშანია იმისა, რომ ისინი ლგბტქ+ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ მოსაგვარებლად სამართლის ნორმის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებს სრულად იზიარებენ.

ალტ-ინფოს მეორე მტკიცება, თითქოს ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოსგან ლგბტქ+ ადამიანებისთვის ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლების მინიჭებას ითხოვს, ასევე ყალბია.

2000 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაციები. რეკომენდაციები სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაციის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას და მათი უფლებების ჰეტეროსექსუალ ადამიანთა უფლებებთან გათანაბრებას ეხებოდა. მათ შორის იყო რეკომენდაცია იმგვარი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შესახებ, რომელიც ერთნაირსქესიან პარტნიორებს იმ უფლებებით სარგებლობის საშუალებას მისცემდა, როგორიც სხვადასხვასქესიან წყვილებს კანონიერად თანაცხოვრების დროს ენიჭებათ (რეგისტრირებული პარტნიორობა).

რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ, დაიცვან ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, აიკრძალოს სექსუალური ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაცია და თანაბრად მოექცნენ ერთნაირსქესიან წყვილებს, როგორც საპირისპირო სქესის წყვილებს, როცა ისინი იყენებენ ევროკავშირის კანონმდებლობას (მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებასთან დაკავშირებული კანონი, მიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებელთა კანონი). ევროკავშირის კანონმდებლობა წევრ სახელმწიფოებს (ასევე წევრობის მსურველ სახელმწიფოებს) არ აიძულებს, ნება დართონ ან აღიარონ ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა (თანაცხოვრება) ან ქორწინება. აღნიშნული კანონის მიღება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკის უფლებამოსილებაა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც აღიარებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ან სამოქალაქო პარტნიორობას, შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

ანალოგიური მდგომარეობაა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭების თაობაზეც. ევროკავშირი არ ავალდებულებს წევრ ქვეყნებს, მიიღონ ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილის აყვანის კანონი. ევროკავშირის კანონმდებლობა წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს უტოვებს უფლებამოსილებას, თავად დაარეგულირონ შვილად აყვანის უფლება, რომელიც მეტწილად მრავალფეროვან ეროვნულ ტრადიციებსა და დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას ასახავს.

ამდენად, ალტ-ინფოს მტკიცებები, თითქოს ევროკავშირი საქართველოში „ღირსების მარშის“ ჩატარებას ითხოვს და საქართველოს ავალდებულებს ლგბტქ+ ადამიანებს ქორწინებისა და ბავშვის აყვანის უფლება მიანიჭოს, ყალბია. მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი დასავლეთის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. აღნიშნულ მიზანს ალტ-ინფო თავადაც ღიად აცხადებს, რაც ცალსახად ოკუპანტი რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი