დეზინფორმაცია: ავსტრიელები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს დაფინანსება შეუჩეროს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

2021 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „ახალის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით - „ავსტრიელები ითხოვენ ევროკავშირმა საქართველოს დაფინანსება შეუჩეროს“. სტატიაში ავსტრიული საინფორმაციო გამოცემის - Zeit im Bild (ZIB) - გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს ვხედავთ, ტექსტით - „ავსტრიული მედია ქართულ ჯოჯოხეთზე - ავსტრიელები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს დაფინანსება შეუჩეროს“.

აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზია „ახალმა“ თავის Facebook-გვერდზე გააზიარა. ანალოგიური პოსტი გამოაქვეყნა Facebook-გვერდმა - Captain Domenic Mango. ინფორმაცია გაზიარდა საჯარო Facebook-ჯგუფებში: ახალი არხი, წარმატებული ქართველები ამერიკაში. Successful Georgians In America, ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürc, ''მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაცია.

სინამდვილეში, ინფორმაცია, თითქოს ავსტრიელები ითხოვენ, ევროკავშირმა საქართველოს დაფინანსება შეუჩეროს, ყალბია. ავსტრიულმა გამოცემა ZIB-მა საქართველოში 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩაშლისა და ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესახებ Facebook-პოსტი ნამდვილად გამოაქვეყნა. თუმცა მასში არათუ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შეჩერების მოთხოვნა, არამედ სიტყვა „ევროკავშირიც“ კი არაა ნახსენები. პოსტის აღწერის თანახმად, „საქართველოში სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო პრაიდის მარში გაუქმდა. ჰომოსექსუალებისა და სხვა სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის თბილისში დემონსტრაცია იყო დაგეგმილი. თუმცა მსვლელობამდე კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობა განხორციელდა. ამიტომ „ღირსების მარში“ გაუქმდა“.

რაც შეეხება პოსტში მოცემულ ფოტოს, რომელზეც კონტრაქციის მონაწილე მოძალადეები Tbilisi Pride-ის ოფისის აივანზე არიან გამოსახული, დატანილია შემდეგი ტექსტი:

„თბილისი (საქართველო): ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ პრაიდის მარში გაუქმდა.

თავდასხმებისა და შეტაკებების შემდეგ თბილისში პრაიდის მარშის ჩატარების გაუქმება აუცილებელი გახდა. ძალადობრივი ჯგუფების მიერ ათობით აქტივისტი და ჟურნალისტი დაშავდა. თავდამსხმელები სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის დაგეგმილი მსვლელობის ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ. საქართველოში ჰომოფობია ფართოდ არის გავრცელებული. პრაიდის მსვლელობისას მონაწილეებზე კვლავ ძალადობენ“.

საინფორმაციო გამოცემა ZIB-ი არც Facebook-ზე გამოქვეყნებულ მოცემულ პოსტში და არც სხვა რომელიმე პლატფორმაზე განთავსებულ სიახლეებში არ წერს, რომ ავსტრიელები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაფინანსების შეჩერებას ითხოვენ.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი