იტვირთება

გრიგოლ ვაშაძე: ჩვენთან ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი არის 9, ორჯერ მეტი ვიდრე ევროპაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გრიგოლ ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 9.3 პრომილე [1] შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (4.7) დაახლოებით 2-ჯერ აღემატება. ასევე აღემატება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მაჩვენებელს (8).

მდგრადი განვითარების სამიზნე მაჩვენებლის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველომ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 ცოცხლადშობილზე) 6-მდე უნდა შეამციროს. 5-წლიან პერიოდში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯამში მხოლოდ 0.9 პუნქტით შემცირდა.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ჩვენთან ბავშვების სიკვდილიანობა 1000-ზე არის 9, ორჯერ მეტი ვიდრე ევროპაში“.

ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. 2015 წელს განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველომ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1000 ცოცხლადშობილზე) 6-მდე უნდა შეამციროს. 2020 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა (1000 ცოცხლადშობილზე) 9.3 პრომილე შეადგინა. 2015 წელს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი 10.2 იყო. 2016-2017 წლებში ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 11.2-მდე გაიზარდა, შემდეგ კი, 2020 წლისთვის 9.3-მდე შემცირდა. 5-წლიან პერიოდში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯამში 0.9 პუნქტით შემცირდა. ამ ტემპით მდგრადი განვითარების მიზნებით დასახული მაჩვენებლის მიღწევა რთული იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.9 პრომილეა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა, ხოლო 2015 წლის მაჩვენებელზე მხოლოდ 0,7 პუნქტით ნაკლებია.

გრაფიკი 1: საქართველოში ჩვილ ბავშვთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი, 1000 ცოცხლადშობილზე [2]

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფის IGME მონაცემებით, ევროპის რეგიონში [SDG regions] 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი საშუალოდ 4.7 პრომილეა, რაც საქართველოს მაჩვენებელზე დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში [UNICEF regions], რომელიც საქართველოსაც მოიცავს, 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი 8 პრომილეა. საქართველოს მაჩვენებელი, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელსაც აღემატება.

[1] ყოველ 1000 ერთეულზე - მოცემულ შემთხვევაში ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა

[2] 2000-2013 წლების მაჩვენებლები წარმოადგენს შეფასებით მონაცემებს; 2014 წლიდან ეყრდნობა რეგისტრირებულ მონაცემებს


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3301 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი