იტვირთება

გიორგი ხოჯევანიშვილი: იმ პირთა უმრავლესობას, რომელთა დასაქმებასთანაც დამაკავშირეს 10-15 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე:

გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2018 წელს ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა, ორი წლის შემდეგ კი მმართველი გუნდის სახელით კენჭი იყარა და გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ამ პერიოდში, სახელმწიფო უწყებებში მის სახელთან დაკავშირებული 10-მდე პირი დაინიშნა, რომელთანაც ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ყველა მათგანმა საბიუჯეტო დაწესებულებაში მუშაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ძმები ხოჯევანიშვილები სახელმწიფო უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ.

საჯარო სექტორში მუშაობის 10- წლიანი გამოცდილება დასახელებული 10 პირიდან არცერთს გააჩნია.

ანალიზი:

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში ხსენებულ ნეპოტისტურ სქემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი დადანაშაულება დასახელებულ პირთა დასაქმების პროცესში უსაფუძვლოა, რადგან მასთან დაკავშირებულ პირთა უმრავლესობას, როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

„ნეპოტიზმი ამ ქვეყნის გამოწვევაა, მაგრამ ჩვენი დაკავშირება ამ პროცესთან არ არის სწორი. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, რომლებმაც სიუჟეტი მოამზადეს და იმ ადამიანებს, რომლებმაც მათ გარკვეული ინფორმაციები მიაწოდეს, იმ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც მე დამაკავშირეს, 10-15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მათ შორის ძალოვან უწყებებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ტელეკომპანია იმედის სიუჟეტში გიორგი ხოჯევანიშვილის შესაძლო გავლენით დასაქმებულთა შორის დასახელდნენ: მისი მეუღლე ნათია ჯავახი, ცოლის და და მისი მეუღლე, თამარ ჯავახი და ალექსანდრე სანდოძე, გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელი - ბაჩანა გვიანიშვილი, მეგობრები - ნუგზარ სამხარაძე, ერასტი ელიჯარაშვილი, ზაზა აბრამიშვილი, ოლეგ ხუბულური, ლექსო მახარაშვილი და ვახტანგ ჯოხაძე.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, სად და როდის დაიწყეს მუშაობა ამ ადამიანებმა და რა გამოცდილება აქვთ გიორგი ხოჯევანიშვილთან აფილირებულ დასახელებულ პირებს.

ნათია ჯავახი, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლე

2011-2016 წლებში ქონებრივ დეკლარაციებში არ ფიქსირდება, როგორც შემოსავლის მიმღები პირი. ანაზღაურებადი სამუშაოს შემსრულებელი ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ამ პერიოდში მხოლოდ გიორგი ხოჯევანიშვილია. 2013 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი თანამდებობრივი სარგოა. ამ პერიოდში მისმა წლიურმა ხელფასმა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე 39 530 ლარი შეადგინა. ნათია ჯავახს იმ პერიოდისთვის შემოსავალი კვლავ არ უფიქსირდებოდა.

2018 წლის აგვისტოში გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორი გახდა და 2013 წლის შემდეგ პირველად, ახალ თანამდებობაზე ქონებრივი დეკლარაციის შევსება ისევ მოუწია, სადაც როგორც წესი, გასული წლის შემოსავლები უნდა დაეფიქსირებინა. 2017 წლისთვის მისი მეუღლე უკვე შპს „ნორბის“ 10%-იანი წილის მესაკუთრედ ფიქსირდება, საიდანაც მისმა წლიურმა შემოსავალმა იმ დროისთვის, 29 473 ლარი შეადგინა.

2017 წლის მონაცემების თანახმად ის უკვე სახელმწიფო უწყების თანამშრომელია და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტის პოზიციას იკავებს და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას დღემდე აგრძელებს. მისი თანამდებობრივი სარგო კი 16 620 ლარითაა განსაზღვრული.

თამარ ჯავახი, გიორგი ხოჯევანიშვილის მეუღლის და:

ალექსანდრე სანდოძე, გიორგი ხოჯევანიშვილის ცოლის დის, თამარ ჯავახის მეუღლე:

თამარ ჯავახს ქონებრივი დეკლარაცია დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, დის მსგავსად, შევსებული არ აქვს. თუმცა მის შესახებ ინფორმაცია, ამ შემთხვევაშიც, მეუღლის მიერ შევსებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი. ალექსანდრე სანდოძე მიმდინარე წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა. ამ უწყებაში მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა თბილისის მთავარი სამმართველოს კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილეობიდან 2017 წლის დეკემბერში დაწინაურდა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა. ამავე პერიოდში, ამავე უწყებაში, მისი მეუღლეც დასაქმდა და პროტოკოლის სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი გახდა. ერთი წლით ადრე მან სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112" /ადმინისტრაციაში წამყვან სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. უფრო ადრე კი შემოსავალი მხოლოდ შპს „მასტერპრომოუშენის“ გაყიდვების მენეჯერობიდან ჰქონდა.

ბაჩანა გვიანიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელი:

საჯარო სექტორში 2018 წლის სექტემბერში, ანუ გიორგი ხოჯევანიშვილის შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშვნიდან ერთ თვეში გამოჩნდა. მანამდე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ მშენებლობის ზედამხედველი იყო, საიდანაც გვიანიშვილმა გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. ის ადასტურებს, რომ გორი-კასპის მაჟორიტარი თანაკურსელი და ახლო მეგობარია, რომლის დეპუტატად არჩევიდან მალევე დაწინაურდა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის დაინიშნა.

ნუგზარ სამხარაძე, გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი:

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა 2019 წელს დაიკავა. ამ პერიოდში ხოჯევანიშვილი რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე ერთი წლის დანიშნული იყო. ნუგზარ სამხარაძე არ უარყოფს, რომ შეთავაზება მოადგილის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ სწორედ მაშინდელი გუბერნატორისგან, გიორგი ხოჯევანიშვილისგან მიიღო. რაც შეეხება გამოცდილებას, მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა სპეციალობით - სამრეწველო პროდუქციის ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში.

ერასტი ელიჯარაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი:

გორის მერის პირველი მოადგილე 2019 წლიდან გახდა. კონსტანტინე თავზარაშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის შედეგად გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ვიცე-მერის თანამდებობაზე ელიჯარაშვილი, მაშინდელი გუბერნატორის რეკომენდაციით დანიშნა, რასაც თავად გიორგი ხოჯევანიშვილიც არ უარყოფს. მანამდე, ელიჯარაშვილი შსს-ს გენინსპექციაში მუშაობდა. ის კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობდა და აქვს სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. მერის მიერ გათავისუფლებული ელიჯარაშვილი და ასევე მეორე მოადგილე პაატა ივანიშვილი ხოჯევანიშვილების კადრებად მოიაზრებოდნენ. რადგან, თანამდებობები საჯარო დაწესებულებებში მათ სწორედ იმ პერიოდში დაიკავეს, როდესაც გიორგი ხოჯევანიშვილის ძმა ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

ზაზა აბრამიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი

საჯარო უწყებებში მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად მუნიციპალიტეტის მერიის გორის სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით (ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში) კი სატყეო დეპარტამენტის გორის განყოფილების უფროსი გახდა.

ოლეგ ხუბულური, გიორგი ხოჯევანიშვილის მეგობარი:

გორის მერიაში ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე სწორედ გიორგი ხოჯევანიშვილის გუბერნატორობის პერიოდში გახდა. ეს თანამდებობა კი ცოტა ხნის წინ დატოვა, რა დროსაც გორის მერი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მისი გამოცდილების შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია არ იძებნება.

ლექსო მახარაშვილი და ვახტანგ ჯოხაძე გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები არიან. მუნიციპალური ორგანიზაციის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს მისი მუშაობის დაწყებისას ეს ადამიანები სააგენტოში უკვე დასაქმებულები დახვდნენ და მათი გამოცდილების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს. ოფიციალურად კი, სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნული პირების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია პერსონალურია და მისი გაცემის უფლება არ აქვთ.

ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ადამიანები, რომლებიც ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ხსენებულ ნეპოტისტურ სქემაში ფიგურირებენ, გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ნამდვილად არიან კავშირში და საჯარო დაწესებულებებში ისინი ძირითადად მისი გუბერნატორობის პერიოდში დასაქმდნენ ან მაშინ, როდესაც მისი ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. რაც შეეხება ხოჯევანიშვილის განცხადებას, აღნიშნული პირების 10-15-წლიანი გამოცდილების შესახებ, ოფიციალური დოკუმენტებიდან ეს არ დასტურდება და უმრავლესობის სამუშაო გამოცდილება მაქსიმუმ 2013 -2014 წლიდან იწყება.

შესაბამისად, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადება არის მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი