ირაკლი კობახიძე: პანდემიამდე, მათ შორის წინა 3 წლის განმავლობაში, გვქონდა საშუალო 5% ეკონომიკური ზრდა, რაც იყო ფართო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე:

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013-2020 წლებში, ეკონომიკა საშუალოდ 2.81%-ით იზრდებოდა. 2020 წლის, ანუ პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა, ხოლო 2017-2019 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.9%-შეადგენდა. ირაკლი კობახიძის განცხადებაში დასახელებული ზრდა 2017-2019 წლების მაჩვენებელს შეესაბამება. შესაბამისად, ფაქტი რომ მთლიანი ეკონომიკური ზრდა „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში უფრო დაბალი იყო, ვიდრე 5%, არ იკითხება. 0.9 პროცენტული პუნქტი შესაძლოა რიგ მონაცემებზე მსჯელობისას უგულებელვყოთ, თუმცა, 7 წლის განმავლობაში და მშპ-ს მაჩვენებლის შემთხვევაში საუბარი მილიარდობით ლარზეა. თითოეული პროცენტული პუნქტი 1 წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს ასახავს. უფრო კონკრეტულად, საშუალოდ 4.09 პროცენტით ზრდის შედეგად, 2013-2019 წლებში ეკონომიკა დაახლოებით 32.4%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალოდ 5% ზრდის შემთხვევაში, ეკონომიკა გაიზრდებოდა 40.7%-ით.

2013-2019 წლებში, საშუალო რეგიონალური ეკონომიკური ზრდა 3.5%-ს შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა, რეგიონთან შედარებით, უფრო სწრაფად იზრდებოდა. თუმცა, ცალკეული წლების მიხედვით, საქართველოს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით სხვადასხვა პოზიციები ეკავა. კერძოდ, 2019 წელს მეხუთე ადგილი, 2019 წელს მერვე ადგილი, 2017 წელს მეექვსე ადგილი, 2016 წელს მეთხუთმეტე ადგილი, 2015 წელს მეცამეტე ადგილი და ა.შ. შესაბამისად, განცხადება რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იყო, მხოლოდ კონკრეტულ წლებზე ვრცელდება, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებაში ასევე არ ჩანს. უშუალოდ 2013-2019 წლებში, ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპით საქართველო 23 ქვეყნიდან მეცხრე ადგილს იკავებს.

დავით კირკიტაძე: ირაკლი კობახიძემ იცრუა ისეთ რაღაცებზე, რისი გადამოწმებაც არის უმარტივესი. ის ამბობდა რომ მათი ხელისუფლების პერიოდში, პანდემიამდე, ეკონომიკური ზრდა ქონდათ 5%, რაც არ ქონიათ და რასაც მოსახლეობა კარგად გრძნობს, თუმცა ციფრებში ასახული ეს არის 2.7% ზრდა, რაც პრაქტიკულად ზრდად არ ითვლება.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე:

დავით კირკიტაძის მიერ დასახელებული ეკონომიკური ზრდა შესაბამისობაშია 2013-2020 წლებში არსებულ საშუალო ეკონომიკურ ზრდასთან, რაც 2.81%-ს შეადგენდა. პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა, ხოლო 2017-2019 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.9%-შეადგენდა. განცხადებიდან, აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსის მტკიცებით, 2.7% ზრდა პანდემიამდელ პერიოდში ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც „ფაქტ-მეტრმა“ პირადი კომუნიკაციის შედეგად დაადგინა, პოლიტიკოსი საუბრობდა მაჩვენებელზე პანდემიური წლის ჩათვლით. დავით კირკიტაძემ არ დაასახელა პანდემიამდელ პერიოდში არსებული ზრდის მაჩვენებელი, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა. შესაბამისად, მის მიერ დასახელებული მაჩვენებელი, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად ნაკლებად რელევანტურია და პანდემიურ წელს დაფიქსირებული უარყოფითი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე საშუალო მაჩვენებელი არსებითად შემცირებულად არის წარმოჩენილი.

ანალიზი:

17 ივნისს თოქ-შოუში „რეაქცია“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „პანდემიამდე, მათ შორის წინა წლების განმავლობაში - 3 წლის განმავლობაში გვქონდა საშუალო 5% ეკონომიკური ზრდა, რაც იყო ფართო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“.

ირაკლი კობახიძის აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე გამოეხმაურა, მისი განცხადებით (26:00): „ირაკლი კობახიძემ იცრუა ისეთ რაღაცებზე, რისი გადამოწმებაც არის უმარტივესი. ის ამბობდა რომ მათი ხელისუფლების პერიოდში, პანდემიამდე, ეკონომიკური ზრდა ქონდათ 5%, რაც არ ქონიათ და რასაც მოსახლეობა კარგად გრძნობს, თუმცა ციფრებში ასახული ეს არის 2.7% ზრდა, რაც პრაქტიკულად ზრდად არ ითვლება“.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს. მშპ-ს ზრდა, საბაზისო წლის ფასებში გამოსახული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებით იზომება, რაც ზრდაში ინფლაციის ეფექტს გამორიცხავს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013-2020 წლებში, ეკონომიკა საშუალოდ 2.81%-ით იზრდებოდა. 2020 წლის, ანუ პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა, ხოლო 2017-2019 წლებში, საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.9%-შეადგენდა. ირაკლი კობახიძის განცხადებაში დასახელებული ზრდა შეესაბამება 2017-2019 წლების მაჩვენებელს, შესაბამისად, ფაქტი რომ მთლიანი ეკონომიკური ზრდა ქართული ოცნების მმართველობის განმავლობაში უფრო დაბალი იყო, განცხადებაში არ იკითხება. 0.9 პროცენტული პუნქტი შესაძლოა რიგ მონაცემებზე მსჯელობისას უგულებელვყოთ, თუმცა, 7 წლის განმავლობაში და მშპ-ს მაჩვენებლის შემთხვევაში საუბარი მილიარდობით ლარზეა, შესაბამისად, თითოეული პროცენტული პუნქტი 1 წლის განმავლობაში ასახავს დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს. უფრო კონკრეტულად, საშუალოდ 4.09 პროცენტით ზრდის შედეგად. 2013-2019 წლებში ეკონომიკა დაახლოებით 32.4%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალოდ 5% ზრდის შემთხვევაში, ეკონომიკა გაიზრდებოდა 40.7%-ით.

გრაფიკი 1: ეკონომიკის ზრდა საქართველოში და რეგიონში, 2013-2020 წლებში,(%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველო ღია ეკონომიკის ნაწილია და ეკონომიკურ კონიუნქტურაზე, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს. აღნიშნული თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის განცხადება რელევანტურია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება რეგიონის ქვეყნების დინამიკასაც უნდა შედარდეს. შედარებისთვის, მიზანშეწონილია მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის გამოყენება, რომლშიც საქართველოს გარდა 22 ქვეყანა შედის. 2013-2019 წლებში, საშუალო რეგიონალური ეკონომიკური ზრდა 3.5%-ს შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა, რეგიონთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებოდა. თუმცა, ცალკეული წლების მიხედვით, საქართველოს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით სხვადასხვა პოზიციები ეკავა. კერძოდ, 2019 წელს მეხუთე ადგილი, 2019 წელს მერვე ადგილი, 2017 წელს მეექვსე ადგილი, 2016 წელს მეთხუთმეტე ადგილი, 2015 წელს მეცამეტე ადგილი და ა.შ. შესაბამისად, განცხადება რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონში ერთ-ერთი მაღალი იყო, მხოლოდ კონკრეტულ წლებზე ვრცელდება, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებაში ასევე არ ჩანს. უშუალოდ 2013-2019 წლებში, ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპით საქართველო 23 ქვეყნიდან მეცხრე ადგილს იკავებს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, რუმინეთის, სომხეთის და მოლდოვის შემდეგ.

მეორე მხრივ, დავით კირკიტაძის მიერ დასახელებული ეკონომიკური ზრდა შესაბამისობაშია 2013-2020 წლებში არსებულ საშუალო ეკონომიკურ ზრდასთან, რაც 2.81%-ს შეადგენდა. განცხადებიდან, აშკარად რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსის მტკიცებით, 2.7% ზრდა პანდემიამდელ პერიოდში ფიქსირდებოდა, თუმცა, როგორც „ფაქტ-მეტრმა“ პირადი კომუნიკაციის შედეგად დაადგინა, პოლიტიკოსი საუბრობდა პანდემიური წლის ჩათვლით. დავით კირკიტაძემ არ დაასახელა პანდემიამდელ პერიოდში არსებული ზრდის მაჩვენებელი, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა. შესაბამისად, მის მიერ დასახელებული მაჩვენებელი, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად ნაკლებად რელევანტურია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი