-
2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 1 150 000 ადამიანი, 2020 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 730 000-მდე ჩამოვიდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებასVS
-
„ირაკლი კობახიძემ მოიტყუა, როდესაც თქვა რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა. მაგალითად, 2021 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 80 ათასით გაიზარდა“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის მცდარი.
მცდარიგანცხადება არაზუსტია25/06/2021ნახვა 4863
ირაკლი კობახიძე: 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო 1 150 000 ადამიანი, 2020 წლის დასაწყისისთვის ეს მაჩვენებელი 730 000-მდე ჩამოვიდა.შემდეგ როცა პანდემია დაგვატყდა თავს, ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 800 000 გადაცდა. შესაბამისად, სერიოზულად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მიღების მოთხოვნით.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: 2019 წელს - 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 2012 წელს აბსოლუტურ სიღარიბეში დაახლოებით 1,115.5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 724.8 ათასამდე შემცირდა.
პანდემიის პერიოდში, 2020 წელს 69 ათასზე მეტი ადამიანი გაღარიბდა და სიღარიბის დონე 21.3%-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო. 2011-2012 წლებში სიღარიბის მაჩვენებელი 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2013-2015 წლებში კი - 8.4 პროცენტული პუნქტით. 2016 წელს სიღარიბის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, შემდგომ კი, 2017-2019 წლებში, 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ირაკლი კობახიძე სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე სწორად მიუთითებს და კონკრეტულ მონაცემებსაც ზუსტად ასახელებს. თუმცა ის ბოლო წლების [2016-2019] ტენდენციას უგულებელყოფს, როდესაც სიღარიბის დონე ჯერ გაიზარდა, შემდგომ კი სიღარიბის შემცირების ტემპი შენელდა.
დავით კირკიტაძე: „ირაკლი კობახიძემ მოიტყუა, როდესაც თქვა რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა. მაგალითად, 2021 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 80 ათასით გაიზარდა“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით კირკიტაძის განცხადება არის მცდარი.
რეზიუმე: პანდემიის პერიოდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნულ ფაქტს ირაკლი კობახიძეც არ უგულებელყოფს, პირიქით, ის განცხადებისას პანდემიის პერიოდში სიღარიბის დონის ზრდაზე და შედეგად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდაზეც საუბრობს. „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო პანდემიამდეც, თუმცა სიღარიბის დონე 2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, მართლაც შემცირებული იყო.
პანდემიის პერიოდში, 2021 წლის მაისში - 2020 წლის მარტთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 127,344-ით გაიზარდა. მათგან - ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა - 93,170 ადამიანით გაიზარდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად პანდემიის პირობებში დახმარების მიმღებთა წრის გაფართოებამაც განაპირობა. მხოლოდ 2021 წელს (იანვარ-მაისში) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 27,040 ადამიანით გაიზარდა.
პანდემიამდე პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, 2012 წლის მაჩვენებელზე დაბალი იყო. თუმცა ამ ორი მონაცემების ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია, რადგან ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება სხვადასხვა მეთოდოლოგიით ხდებოდა.
ანალიზი
17 ივნისს თოქ-შოუში „რეაქცია“ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, მსოფლიო ბანკის მონაცემებია ეს. 2020 წლის დასაწყისისთვის, პანდემიამდე ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 730 000-მდე. შემდეგ როცა პანდემია დაგვატყდა თავს, ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 800 000 გადაცდა. შესაბამისად, სერიოზულად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების მიღების მოთხოვნით“.
ირაკლი კობახიძის აღნიშნულ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე გამოეხმაურა, მისი განცხადებით: „მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა. მაგალითად, 2021 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 80 ათასით გაიზარდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დახმარების მიღებაზე განაცხადი აქვს გაკეთებული, გაზრდილია კატასტროფულად“.
საქართველოს ეროვნული სიღარიბის მაჩვენებელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქვეყნებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ასახავს. აბსოლუტური სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება, სიღარიბის ზღვრად აღებულია საარსებო მინიმუმი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს - 2012 წელთან შედარებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 2012 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დაახლოებით 1,115.5 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 724.8 ათასამდე შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).
პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა. 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის წილი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ დამატებით 69 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრისას, ასევე უნდა განვიხილოთ ტენდენცია. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2016 წლამდე გაგრძელდა. 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით, 2013-2019 წლებში კი ჯამში 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. წინა 4 წელს თუ გავაანალიზებთ, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ გაიზრდა, შემდეგ კი შედარებით დაბალი ტემპით მცირდებოდა. 2016 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 2017-2019 წლებში კი 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. [1]
გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან
წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები
რაც შეეხება დავით კირკიტაძის განცხადებას სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. პანდემიის პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც ძირითადად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა, რაც თავის მხრივ, პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა ბაზებში უკვე რეგისტრირებული პირებისათვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებამ იქონია (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2021 წლის მაისში ფულადი სოციალური დახმარება [საარსებო შემწეობა] 551,638 ადამიანმა (153,394 ოჯახმა) მიიღო. პანდემიის პერიოდში, 2021 წლის მაისში - 2020 წლის მარტთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 127,344-ით (36,498 ოჯახი) გაიზარდა. მათგან ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 93,170 ადამიანით (24,655 ოჯახი) გაიზარდა. მხოლოდ 2021 წელს (იანვარ-მაისში) საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 27,040 ადამიანით გაიზარდა.
აღნიშნულ ფაქტს ირაკლი კობახიძე არ უგულებელყოფს, პირიქით, ის განცხადებისას პანდემიის პერიოდში სიღარიბის დონის ზრდაზე და შედეგად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდაზეც საუბრობს.
პანდემიამდე პერიოდში სოციალურად დაუცველთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს და 2013 წლის დასაწყისში იყო. სიღარიბის დონის ცვლილების შესაფასებლად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შედარება წინა ხელისუფლების პერიოდთან არარელევანტურია, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლის დროს, 2015 წელს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია დამტკიცდა. ახალი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულების გრადაცია მოხდა. ახალი მეთოდოლოგიით, ფულადი სოციალური დახმარება დაენიშნათ იმ ოჯახებსაც, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს აღემატებოდა და წინა მეთოდოლოგიით დახმარების მიმღები არ იყვნენ. ამასთან, პროგრამაში გაჩნდა ბავშვზე დანამატიც, რაც მანამდე არ იყო. მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად, საწყის ეტაპზე, ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების პროცესში, დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა, შემდგომ კი გაიზარდა.
ზოგადად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო მუდმივად ამოწმებენ. ამასთან, პროგრამას ახალი ბენეფიციარებიც ემატება. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებას. 2020-2021 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან პირდაპირ კავშირშია.