იტვირთება

დეზინფორმაცია: ი-რნმ ვაქცინები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სხვადასხვა ორგანოში გადადის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16 ივნისს ანტივაქსერმა ჰომეოპათმა თინა თოფურიამ Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით დაუდასტურებელ ცნობებს შეიცავს. პოსტის თანახმად, ჩვენ დიდ შეცდომას ვუშვებდით, როცა გვეგონა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ინექციის შემდეგ ინექციის ადგილას რჩებოდა. თინა თოფურიას მტკიცებით, სინამდვილეში, ი-რნმ ვაქცინები რამდენიმე საათში სხვადასხვა ორგანოში ხვდება, მათ შორის ელენთაში, საკვერცხეებში, ძვლის ტვინში. თოფურიას პოსტს თან Mercola.com-ის სტატია ერთვის.

ვებგვერდი Mercola.com, რომელზე დაყრდნობითაც თინა თოფურია ი-რნმ ვაქცინებზე დეზინფორმაციას ავრცელებს, სინამდვილეში, mediabiasfactcheck-ის მიერ კონსპირაციულ, დაბალი სანდოობის მქონე სააგენტოდ არის შეფასებული. ვებგვერდზე სამედიცინო თემებთან დაკავშირებით - ყალბი, დეზინფორმაციული მტკიცებები ხშირად ვრცელდება. ამიტომ Mercola.com-ის სტატიები, ხშირ შემთხვევაში, შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს. რაც შეეხება Mercola.com-ის დამაარსებელს და ზემოთ მოცემული სტატიის ავტორს, ანტივაქსერ ექიმ ჯოზეფ მერკოლას - იგი შეცდომაში შემყვანი და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო სამედიცინო რჩევების გავრცელების გამო, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) სამიზნე არაერთხელ გამხდარა. FDA-მ სამი გამაფრთხილებელი წერილი გამოსცა, სადაც მერკოლა დადანაშაულებული იყო მის ვებგვერდზე ისეთი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მერკოლა ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას, თითქოს C და D ვიტამინები კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება.

თინა თოფურიას პოსტში წარმოდგენილი მტკიცება, რომ ი-რნმ ვაქცინები ინექციის შემდეგ სხვადასხვა ორგანოსკენ მიემართება, კანადელი იმუნოლოგის ბაირამ ბრაიდელის იმავე შინაარსის განცხადებას ეყრდნობა. განცხადება დაფიქსირებულია მერკოლას სტატიაში.

როგორ მუშაობს ი-რნმ ვაქცინები?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი, ი-რნმ (ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა) ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების - Pfizer-ისა და Moderna-ს, მოქმედების მექანიზმი ტრადიციული გზით დამზადებული ვაქცინებისგან განსხვავდება. ი-რნმ ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს.

ვაქცინა მკლავის ზედა კუნთში კეთდება. ვაქცინაციის შემდეგ ი-რნმ ადამიანის იმუნურ უჯრედებში აღმოჩნდება. იმუნური უჯრედები, ი-რნმ-ით მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, წვეტოვანი ცილების ხელოვნურად დამზადებას იწყებენ. მას შემდეგ, რაც ორგანიზმში წვეტოვანი ცილების გარკვეული რაოდენობა სინთეზირდება, უჯრედები ი- რნმ-ს შლიან და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი წვეტოვანი ცილები ორგანიზმისთვის უცხო სხეულია. ამას ადამიანის იმუნური სისტემა აცნობიერებს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას და ამ წვეტოვანი ცილების განეიტრალებას. შესაბამისად, ორგანიზმი ვაქცინის ხარჯზე სწავლობს, თუ მომავალში COVID-19-ის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს.

ვაქცინაციის შემდეგ ვაქცინის უმეტესი ნაწილი ინექციის ადგილის (მკლავის ზედა კუნთის) გარშემო - კუნთის უჯრედებში ან იმუნური რეაქციის გამომუშავებაზე პასუხისმგებელ ლიმფურ კვანძებში რჩება. ბრაიდელის მტკიცებით, ეს დაშვება არასწორია. მისი თქმით, COVID-19-ის წვეტოვანი ცილა გადადის სისხლში და ისეთ ქსოვილებში გროვდება, როგორებიცაა: ელენთა, ძვლის ტვინი, ღვიძლი, თირკმელზედა ჯირკვალი და საკვერცხეები. ბრაიდელი ამ მტკიცებას ერთ-ერთ მცირე კვლევაზე დაფუძნებით აჟღერებს. კვლევის თანახმად, იმ ადამიანების სისხლის ნიმუშები იქნა შესწავლილი, რომლებმაც Moderna-ს ვაქცინა მიიღეს და 13-დან 11 ვაქცინირებულის სისხლში წვეტოვანი ცილები იქნა აღმოჩენილი. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ვაქცინების შეფასების ცენტრის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯული ბეტინგერმა განმარტა, რომ კვლევა მცირე რაოდენობის ნიმუშების გამოყენებით ჩატარდა. გარდა ამისა, კვლევაში არსად წერია, რომ ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი წვეტოვანი ცილის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება სისხლში მოხვდეს, ორგანიზმისთვის საზიანოა. Deplatform Disease–ის მიერ ამ მონაცემების გაანალიზების შემდეგ დადგინდა, რომ წვეტოვანი ცილის რაოდენობა, რომელიც კვლევის ავტორებმა ვაქცინირებული ადამიანების სისხლში იპოვეს, დაახლოებით 100 000-ჯერ ნაკლები იყო წვეტოვანი ცილების იმ რაოდენობასთან შედარებით, რამაც ორგანიზმს შესაძლოა, საზიანო შედეგები მოუტანოს. როგორც ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის ჯანმრთელობის ცენტრის პროფესორმა ალ აჰმადმა განმარტა, „არც Moderna-ს და არც სხვა კორონავირუსის ვაქცინების შემთხვევაში წვეტოვანი ცილის საზიანო რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში არ კონცენტრირდება. ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ პაციენტი კორონავირუსით დაავადდა და დაავადება მძიმე ფორმებში მიმდინარეობს“.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის უმეტესი ნაწილი ინექციის ადგილის გარშემო კონცენტრირდება, შესაძლოა, მისი მცირე რაოდენობა სისხლშიც მოხვდეს. ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ სისხლში გადასული ვაქცინის წილი ძალიან მცირეა და ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება: „როგორც დადგინდა, ვაქცინაში არსებული ი-რნმ, რომელიც ლიპიდური ნანონაწილაკების შიგნითაა მოქცეული, ვაქცინაციის შემდეგ ძირითადად ინექციის ადგილას რჩება და მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს სხვა ქსოვილებამდე, მაგალითად, ღვიძლამდე… ცხოველებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების დროს ვაქცინის გარკვეული ნაწილის სხვა ქსოვილებში გადასვლის შემთხვევაში, არანაირი სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგი არ დამდგარა“.

შესაბამისად, კვლევები ცხადყოფს, რომ ი-რნმ ვაქცინების ძირითადი ნაწილი ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილის გარშემო კონცენტრირდება. მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდეს, თუმცა მისი აკუმულირება ძვლის ტვინში, ელენთაში ან საკვერცხეებში არ ხდება. ვაქცინის ეს რაოდენობა ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი