„ობიექტივის“ ეთერში კორონავირუსთან და ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციული მტკიცებები ვრცელდება
ვერდიქტი: ტყუილი
19 ივნისს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში ნინო რატიშვილის გადაცემაში „ღამის სტუდია“ გიორგი ლილუაშვილმა და ლევან ჩხაიძემ მორიგი ანტივაქსერული და დეზინფორმაციული მტკიცებები გააჟღერეს. გიორგი ლილუაშვილმა საკუთარი თავი მაყურებლის წინაშე სამხედრო ექიმისა და იურისტის, ხოლო ლევან ჩხიკვაძე მიკრობიოლოგისა და მიკრობიოლოგიის მაგისტრის სტატუსით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ნინო რატიშვილის „ღამის სტუდიაში“ დეზინფორმაციული განცხადებების გასავრცელებლად ანტივაქსერებს ეთერი რეგულარულად ეთმობათ. სოციალურ ქსელში გადაცემის 27-წუთიან მონაკვეთს Facebook-მომხმარებლები დათო სალუქვაძე და George Liluashvili აზიარებენ.
მტკიცება: ვირუსი მუტაციას განიცდის და ვაქცინაცია ვის რაში სჭირდება, მუტირებულ ვირუსზე ეს ვაქცინა არ მოქმედებს, ვის რაში სჭირდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
გიორგი ლილუაშვილი გადაცემაში მანიპულაციურ მტკიცებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსი მუტაციებს განიცდის, რომელზეც ვაქცინა არ მოქმედებს, შესაბამისად ვაქცინაციას აზრი არ აქვს. რეალურად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე SARS-CoV-2-ის ვირუსმა ნამდვილად განიცადა მუტაცია (ბრიტანეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში) და მისი რამდენიმე ვარიანტი განვითარდა - ბრიტანული ვარიანტი (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (B.1.351), ინდური ვარიანტი (B.1.617), ბრაზილიური ვარიანტი (P1). მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობის მაჩვენებელი შემცირდეს, მტკიცება, რომ ვაქცინები ახალი ვარიანტების წინააღმდეგ არ მუშაობს, მცდარია.
დღეისთვის არსებული კოვიდვაქცინები კორონავირუსის ახალი ვარიანტების მიმართ სხვადასხვა დონის ეფექტურობას ავლენს. 20 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის, ინდურის წინააღმდეგ“ (იმ დროისთვის ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები იყო - ფაიზერი, ასტრაზენეკა, მოდერნა, ჯონსონ და ჯონსონი და სინოფარმი).
ინდურ ორმაგ მუტაციაზე ოქსფორდ/ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა. ინდური ვარიანტის წინააღმდეგ, ფაიზერი პირველ დოზაზე 33%-ით, მეორე დოზის შემდეგ კი 88%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა. ოქსფორდ/ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტიანობა პირველ დოზაზე ასევე 33%, მეორე დოზის შემდეგ კი 60%-ია. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (Public Heath England) მიერ 14 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ასტრაზენეკას ვაქცინა ორი დოზის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 92%-ით ამცირებს, ხოლო ფაიზერი 96%-ით.
კატარში ჩატარებული კვლევის თანახმად, 385,853 ადამიანზე დაკვირვებით, ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობა ბრიტანულ შტამზე (B.1.1.7.) 89.5%-ია. სამხრეთ აფრიკულ (B.1.351) მუტაციაზე ფაიზერი 75%-ით ეფექტიანია, მძიმე, კრიტიკული და ფატალური დაავადებისგან დაცვის მაჩვენებელი კი 97.4 %-ია.
New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფაიზერის კორონავირუსის ვაქცინა, ძალზე ეფექტურია ბრაზილიაში პირველად აღმოჩენილი უფრო გადამდები ვარიანტის წინააღმდეგ.
კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ასტრაზენეკას ვაქცინა დაბალეფექტიანია. კვლევის პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ მისი ეფექტიანობა დაახლოებით 10%-ია. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის დაავადების გართულებისგან დაიცავს. ასევე, ოქსფორდის ჯგუფი ვაქცინაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს, რათა მისი ეფექტიანობა ვირუსის აფრიკული ვარიანტის მიმართ გაიზარდოს.
პირველადი ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინის საპასუხოდ გამომუშავებული ანტისხეულები კორონავირუსის ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ აქტიურია, თუმცა შედარებით ნაკლებად ეფექტური. აღნიშნულ საკითხზე მკვლევრები მუშაობას ჯერ კიდევ განაგრძობენ.
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე (Variant of concern) [1] სინოფარმის ეფექტიანობის ან არაეფექტიანობის განსაზღვრისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინას გარკვეული გამანეიტრალებელი ეფექტი ექნება სხვა შტამების წინააღმდეგ. SAGE-ის (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯვარედინი ნეიტრალიზაციის კვლევა აფრიკული შტამის ნეიტრალიზებაზე (B.1.351) მიუთითებს, თუმცა შემცირებული ეფექტურობით. ამავე დასკვნის თანახმად, სხვა შტამებზე ეფექტურობის კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.
შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინები ვირუსის მუტაციურ ვერსიებზე არ მოქმედებს და ვაქცინაციას აზრი არ აქვს, მცდარია.
მტკიცება: ფაუჩის ავთენტური 3000-ზე მეტი წერილი მიუთითებს, რომ ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი
ვერდიქტი: მანიპულირება
ლევან ჩხიკვაძის მტკიცებით, ფაუჩის 3000-ზე მეტმა ელექტრონული ფოსტის წერილმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. რეალურად, 2021 წლის 1 ივნისს, გამოცემებმა - BuzzFeed News და The Washington Post - ენტონი ფაუჩის ათასობით გვერდისგან შემდგარი ელექტრონული ფოსტის წერილები ნამდვილად გამოაქვეყნეს, რომლებიც 2020 წლის იანვრიდან პერიოდს მოიცავს. წერილების გასაჯაროების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ფაუჩისა და მისი კოლეგების რამდენიმე იმეილმა მიიქცია, რომლებიც პირბადეებსა და ვირუსის წარმომავლობას შეეხება.
ერთ-ერთი წერილი სოციალურ ქსელებში მანიპულაციურად გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4), რომლის თანახმადაც ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის მარტშივე იცოდა, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ წყაროდ კი 2020 წლის 11 მარტს ენტონი ფაუჩისთვის ადამ გერტნერის მიერ გაგზავნილი წერილი მოჰყავთ, სათაურით - „ბიოლოგიური იარაღის, კორონავირუსის, შექმნის მეთოდი“ (Coronavirus bioweapon production method). სინამდვილეში, აღნიშნული წერილი არ ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. მოცემული ინფორმაციის მანიპულაციური შინაარსის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი საერთაშორისო პლატფორმაც წერდა (PolitiFact, Leadstories, USAToday, Pointer).
გავრცელებული წერილის ტექსტი 2005 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ტექსტიდანაა (გვ.2) დაკოპირებული:
წერილის ავტორი ადამ გერტნერია, რომელიც საკუთარ თავს „დამოუკიდებელ მკვლევრად“ მოიხსენიებს. გერტნერის მიერ ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა, თუ როგორ შეიქმნა COVID-19. გავრცელებული წერილების მიხედვით, ფაუჩის მეილზე პასუხი არ გაუცია.
გერტნერმა მეილში COVID-19-ის წარმოშობის მტკიცებულებად პენსილვანიის უნივერსიტეტში კორონავირუსის ტიპის ვირუსების შესახებ ჩატარებული კვლევიდან ერთ-ერთი მონაკვეთი სიტყვა-სიტყვით გადაიტანა. კვლევის ავტორების, პაულ ბეითსისა და გრაამ სიმონსის, თანახმად, გერტნერმა წერილში გამოყენებული ტექსტი COVID-19-თან არასწორად დააკავშირა - მათ ექსპერიმენტში გამოყენებული ვირუსის ნაწილები კორონავირუსის გენეტიკურ მასალას არ შეიცავდა.
ფაუჩიმ გავრცელებული წერილების ნაწილზე კომენტარი CNN-თან ინტერვიუში გააკეთა. როგორც მან განაცხადა, სჯერა, რომ COVID-19 ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ კვლევების გაგრძელებას მხარს უჭერს. შესაძლებელია, რომ წარმოშობის სხვა მიზეზიც არსებობდეს, მაგალითად, ლაბორატორიიდან გაჟონვა.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩის ელექტრონული წერილები ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, მცდარია.
მტკიცება: სახლში ვინც იმკურნალა ყველა კარგად არის, ხოლო კლინიკებში ვინც მოხვდა ისინი ან გარდაიცვალნენ, ან დღემდე ფეხზე ვერ დადიან
ვერდიქტი: მანიპულირება
ლევან ჩხიკვაძის გაჟღერებული მტკიცება დაავადებული ადამიანების სახლში მკურნალობასა და საავადმყოფოში მკურნალობის შესახებ, რეალურად არასრული კონტექსტით წარმოდგენილი ინფორმაციაა. საავადმყოფოებსა და სახლში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ერთმანეთთან შედარება არასწორია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი, ჰოსპიტალიზაციას ის ადამიანები საჭიროებენ, რომლებიც რომელიმე რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ან კორონავირუსის მძიმე სიმპტომები აღენიშნებათ. 2020 წლის 17 მარტს WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ყველა შემთხვევის იზოლირება და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა პრიორიტეტულია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, მაშინ პრიორიტეტი რისკის ქვეშ მყოფ პირებს (ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნის და სხვ. დაავადებების მქონენი) ენიჭებათ. შედარებით მსუბუქი შემთხვევების და არა რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი პაციენტები კი სასტუმროებში ან მკურნალობის კურსს, ექიმთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში, სახლებში იტარებენ.
რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალებათა რაოდენობას, COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მეტია, ვიდრე დადასტურებული სიკვდილიანობის რაოდენობა. ეს განსხვავება შეზღუდული ტესტირებითა და გარდაცვალების მიზეზების დადგენის პრობლემურობით არის გამოწვეული. ამასთანავე, დადასტურებული და რეალური გარდაცვალების მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც განსხვავდება, რადგან გარდაცვალების რაოდენობის აღრიცხვა განსხვავებულად ხდება. ზოგიერთი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში შესაძლებელია, მხოლოდ საავადმყოფოებში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევები შედიოდეს, სხვა ქვეყნების სტატისტიკაში კი - სახლში გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდებოდეს.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე საუბარი რთულია, რადგან პანდემიის დასაწყისში უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ჰოსპიტალიზირებული ადამიანების სიკვდილიანობა აღირიცხებოდა, სხვა ბევრი კორონავირუსით ინფიცირების და შესაბამისად, გარდაცვალების შემთხვევაც კი უცნობი რჩებოდა. მარტის თვეში ჩატარებული ორი კვლევის თანახმად (ნიუ-იორკ სითისა და ინგლისის მაგალითზე), მარტის თვეში COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული ადამიანების გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აგვისტოში, ხოლო მოგვიანებით, 2020 წლის ნოემბერში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დადებითად შეიცვალა. COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტები გამოჯანმრთელების უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდნენ, რაც ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრდამ და მკურნალობის მეთოდების დახვეწამ განაპირობა.
მტკიცება: შავი ჭირი და ესპანური გრიპი ხელოვნური იყო
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ლევან ჩხიკვაძის თქმით, შავი ჭირი და ესპანური გრიპი ხელოვნური ვირუსებს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ჩხიკვაძის მტკიცების გასამყარებელი არგუმენტები და მტკიცებულებები არ არსებობს. განცხადებას ეჭვქვეშ აყენებს თუნდაც ის ფაქტი, რომ შავი ჭირი შუასაუკუნეებში გამოჩნდა და შესაბამისად, იმ პერიოდის სამეცნიერო განვითარების დონის გათვალისწინებით, ვირუსის ხელოვნურობაზე საუბარი, აბსურდულია.
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ვირუსების ბუნებრივად წარმოშობა გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ბუნებაში ვირუსები ევოლუციას მუდმივად განიცდიან, რის შედეგადაც ახალი ვირუსები წარმოიქმნება. ვირუსების მომრავლების საფუძველი ველურ ბუნებაში ადამიანთა საქმიანობამ და გარეული ცხოველებით ვაჭრობამ შექმნა. შესაბამისად, ადამიანის ახალი ვირუსით ინფიცირების წყარო, როგორც წესი, ცხოველები ხდებიან, რომლის წინააღმდეგაც ადამიანებს იმუნიტეტი არ გააჩნიათ. ვირუსების სწრაფად გავრცელების უნარიდან გამომდინარე, მათ ეპიდემიებისა და პანდემიების გამოწვევა თავისუფლად შეუძლიათ.
რაც შეეხება უშუალოდ შავ ჭირს, შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი, კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემიაა. რამდენადაც ცნობილია შავი ჭირი ჩინეთში ან ჩინეთის მახლობლად წარმოიშვა, შემდეგ მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და საბოლოოდ სავაჭრო გზებით იტალიიდან ევროპაში შეაღწია. დაავადების გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis-ია, რომელიც ადამიანს რწყილების ან დაინფიცირებული ცხოველების ნაკბენით გადაეცემა. შავი ჭირს შუასაუკუნეებში ევროპასა და აზიაში უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. დღეს თანამედროვე ანტიბიოტიკები ეფექტურია შავი ჭირის სამკურნალოდ, თუმცა დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა სერიოზული დაავადებები ან გარდაცვალებაც გამოიწვიოს.
ხოლო რაც შეეხება ესპანურ გრიპს, ე.წ. „ისპანკას“, ესპანური გრიპი 1918 წელს წარმოიშვა და მისი წარმოშობის ზუსტი ადგილი დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარაუდები მისი ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან გავრცელების შესახებ. გრიპის პირველი შემთხვევა 1918 წელს აშშ-ში, კანზასის შტატის არმიის სამხედრო პერსონალში დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, მსოფლიო მოსახლეობის 500 მილიონი ან 1/3 ესპანური გრიპით დაინფიცირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით სულ მცირე 50 მილიონი შეადგინა, მათ შორის - მხოლოდ აშშ-ში - დაახლოებით 675000.
მტკიცება: გამყრელიძე გამოდის და იძახის სექტემბრამდე ყველა უნდა აიცრას მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც, სტუდენტებიც თორემ არ შევუშვებთ უნივერსიტეტებსა და სკოლებშიო. ეს იძულება არ არის? იძულება კი არა ფაშიზმი არის
ვერდიქტი: მანიპულირება
რეალურად, ამირან გამყრელიძემ 15 ივნისს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა: „ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“. ამირან გამყრელიძის მოადგილის, პაატა იმნაძის დაზუსტებით კი, აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.
„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ, თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ფაქტ-მეტრი“ იმის დასაზუსტებლად, გულისხმობდა, თუ - არა გამყრელიძის განცხადება იმას, რომ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო იქნებოდა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებებმა ჩვენთან განმარტეს, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და შესაბამისად, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და მასწავლებლების ვაქცინაცია იძულებითი და სავალდებულო არ იქნება.
-----------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
[1] “Variant of concern” – “შეშფოთების ვარიანტი“ - ვირუსის ისეთი „ინტერესის ვარიანტი“, რომელზეც კვლევის შედეგად უკვე დადგინდა, რომ მოცემული შტამი თავდაპირველ შტამზე უფრო მეტად გადამდებია, უფრო მძიმე ფორმის დაავადების გამომწვევია (მაგ., ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა) ან ვაქცინებით გამომუშავებულ იმუნიტეტს არ ემორჩილება. WHO-ს მიერ „შეშფოთების ვარიანტად“ კლასიფიცირებულია ე.წ ბრიტანული შტამი (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკული შტამი (B.1351), ბრაზილიური შტამი (P.1), ინდური შტამი (B.1.617).