სამველ მანუკიანი: 2020 წლის ბოლოს სოფელ სულდას ექნება ახალი საბავშვო ბაღი
ვერდიქტი: შესრულდა
რეზიუმე: 2020 წლის 2 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი სამველ მანუკიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტით ახალქალაქის სოფელ სულდაში ჩავიდა და იქ სულდას და მეზობელი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მანუკიანმა მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში დაწერა: „მოეწყობა სოფლის შიდა წყალგაყვანილობის სისტემის 750 მეტრიანი კვანძი, 2020 წლის ბოლოს კი სოფელს ექნება ახალი საბავშვო ბაღი, რისთვისაც მოსახლეობა მთავრობისადმი დიდ მადლიერებას გამოხატავს“.
ანალიზი: საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია 2021 წლის 1 ივნისს გაიმართა, თუმცა სამუშაო ადგილებზე ვაკანსია ახალქალაქის „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ჯერ კიდევ 21 იანვარში იყო. ბაღში დასაქმებულია 10 პირი, ხოლო უკვე დარეგისტრირებული არის 75-მდე აღსაზრდელი. ადგილობრივების თქმით, ბაღი მარტიდან (ონლაინ) ფუნქციონირებს, თუმცა შენობის ოფიციალური გახსნის ცერემონია სიმბოლურად 1 ივნისს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სულდას საბავშვო ბაღის გახსნას ელოდებოდნენ ასევე მეზობელი სოფლების - დადეშის, ბოზალის, მიასნიკიანის მაცხოვრებლებიც და, შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების სოფელ სულდას #12 საბავშვო ბაღში ბავშვები მეზობელი სოფლებიდანაც ივლიან.
შენობა მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურით და გათვლილია 70 აღსაზრდელზე. სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერია, რომ პროექტის განხორციელებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 140 000 ლარი დაიხარჯა.
სოფელ სულდას საბავშვო ბაღის შენობა ჯერ კიდევ 1907-1912 წლებიდან არსებობს. ადრე აქ სკოლა ფუნქციონირებდა, 1961 წლიდან კი შენობა მიტოვებული იყო. იმის გათვალისწინებით, რომ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, 2019 წელს მერიამ გადაწყვიტა, რომ საბავშვო ბაღი სწორედ ამ შენობაში მოეწყო.
2018 წელს, განხორციელდა შენობის პირველი რეაბილიტაცია, თუმცა საბავშვო ბაღმა სოფელში არსებული წყლის და გათბობის სისტემების პრობლების გამო, ფუნქციონირება არ დაიწყო. შემდგომში, შენობის რეაბილიტაციისთვის დამატებითი ტენდერი გამოცხადდა. ამ ტენდერით უნდა მოგვარებულიყო ზემოაღნიშნული პრობლემები, თუმცა, როგორც „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, 2019 წელსაც აღმოჩნდა, რომ წინა რეაბილიტაციის შემდეგ, იატაკის ლამინატი მთლიანად განადგურდა, შესაბამისად საჭირო გახდა დამატებითი რეაბილიტაცია. 2019 წლის 9 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომის დროს გადაწყდა, რომ 12 500 ლარი დაიხარჯება საბოლოო რეაბილიტაციაზე. ამასთან ერთად, სოფლის რწმუნებულმა ზარზანდ კოჯოიანმა განაცხადა, რომ 2019 წელს სულდაში არანაირი სამუშაოები არ ჩატარებულა. მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანის სიტყვებით კი - 2019 წლის ბიუჯეტში არ იყო საკმარისი თანხა მთლიანი სამუშაოების ჩატარებისთვის, ამიტომ 2019 წელს შენობის რეაბილიტაცია არ დაწყებულა. დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთვის კი დავუკავშირდით სამველ მანუკიანს, თუმცა მან ჩვენი ზარები და წერილები პასუხის გარეშე დატოვა.
2020 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა კიდევ ერთი ტენდერი ( NAT200014334 ) ჯამური ღირებულებით დაახლოებით 25 ათასი ლარი, რომელიც მოიგო შპს „გარიკ-111“-მა. კომპანიამ ახალქალაქის ორი სოფლის სულდასა და სოფელ კოჩიოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია შეასრულა. აქედან, 19 675 ლარი სოფელ სულდას საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.
2020 წლის დეკემბერში სულდას საბავშვო ბაღის შენობა ბავშვების მიღებისთვის მზად იყო, თუმცა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვების გამო, სხვა საბავშვო ბაღების მსგავსად, საბავშვო ბაღი ონლაინ - მარტის თვიდან ამუშავდა.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19 შეზღუდვების გამო, შენობის ფუნქციონირება 2020 წლის ბოლოს ვერ მოხერხდა, თუმცა შენობა მზად იყო, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სამველ მანუკიანის დაპირება შესრულდა.