იტვირთება

ბადრი ჯაფარიძე: როდესაც კატასტროფული ვარდნა გქონდა, იქიდან აკეთებ გაზომვას და ამით ამაყობ, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად მცდარი

რეზიუმე:

2020 წლის აპრილში, ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ მკაცრ შემზღუდავ ზომებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო რომ 2021 წლის აპრილში, ნაკლები შეზღუდვების პირობებში, წინა წლის აპრილთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალი - ორნიშნა იქნებოდა და ამ პირობებში, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე მითითება - მანიპულაციური. თუმცა, მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც 44.8%-ს შეადგენდა, ობიექტურ მოლოდინს გადააჭარბა. აღნიშნული ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა.

აპრილში, 44.8%-იანი ზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 20.7%-ით არის გაზრდილი და 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა, 2020 წლის აპრილის 16.6%-ით შემცირების საბაზო ეფექტს არა მხოლოდ ფარავს, არამედ მისი გამორიცხვითაც, ზოგად ტენდენციასთან შედარებითაც არსებითად მაღალ ზრდას წარმოადგენს. შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ 44.8%-ის ზრდის ნაწილი საბაზისო ეფექტს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიტიკოსის განცხადება რელევანტური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა 20-25%-ის ფარგლებში დარჩებოდა, რისი ობიექტური მოლოდინებიც საზოგადოებაში არსებობდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსის პათოსი იმ ნაწილში, სადაც ერთი თვის მონაცემზე დაყრდნობით „ხმამაღალი“ განცხადებების გაკეთების უსაფუძვლობაზე მიუთითებს, ნაწილობრივ სწორია. იმ პირობებში, როდესაც ჯამში საქართველოს ეკონომიკა ისედაც მცირე მოცულობისაა, მისი თვიურ ჭრილში ჩაშლილი კიდევ უფრო მცირე მაჩვენებელი (ბაზა), მრავალი ფაქტორის გავლენის პირობებში, ზოგადი სურათიდან შეიძლება ტექნიკურად იყოს ამოვარდნილი, მათ შორის წინა ან მომდევნო თვეში განსახორციელებელი აქტივობების დროში მცირედი დაყოვნების ან წინსწრების შედეგად. მით უმეტეს, როდესაც სტანდარტული ეკონომიკური პროცესები და გადაწყვეტილებები ცვალებადი რეგულაციებისა და გაურკვევლობის მაღალი ხარისხის ფონზე არასტაბილურია (დაყოვნებულია ან პირიქით წინსწრებით არის განხორციელებული).

ანალიზი:

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა: როდესაც კატასტროფული ვარდნა გქონდა [2020 წლის აპრილში], იქიდან აკეთებ გაზომვას და ამით ამაყობ, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1%-ია. 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ - 4.2%.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა 2019-2021 წლებში, ყოველთვიური მონაცემები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბუნებრივია, აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა. გარკვეულწილად, აპრილის თვეში მაღალი, ორნიშნა ზრდის დაფიქსირება მოსალოდნელი იყო, რადგან 2020 წლის აპრილის თვეში, ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, მკაცრი შეზღუდვების გამო. თუმცა, აპრილში, 44.8% ზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 20.7%-ით არის გაზრდილი და 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდა, 2020 წლის აპრილის 16.6%-ით შემცირების საბაზო ეფექტის არა მხოლოდ დაფარვას ახერხებს, არამედ ზოგად ტენდენციასთან შედარებით, არსებითად მაღალ ზრდასაც წარმოადგენს.

ამავდროულად, 2021 წლის მარტის მშპ, 2019 წლის მარტთან შედარებით, 1.2%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულთან კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან 2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, პანდემიასთან დაკავშირებული რაიმე არსებითი შეზღუდვის მოხსნა არ მომხდარა და სიმკაცრის ინდექსიც, იდენტურ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შემდეგ დარგებში შეინიშნებოდა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3377 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი