გრეტა თუნბერგის შესახებ სოციალურ ქსელში მანიპულაციური პოსტი გავრცელდა

ვერდიქტი: მანიპულირება

7 ივნისს Facebook-გვერდმა „დედამიწის გარშემო“ გამოაქვეყნა მანიპულაციური პოსტი, რომელიც მომხმარებლებს აცნობს, რომ თინეიჯერი გარემოს დამცველი აქტივისტი გრეტა თანბერგი „წლის საუკეთესო მეცნიერების“ სიაში შეიყვანეს, მაშინ როდესაც, „პროფესორი იუან ფონგი, რომელმაც შეიმუშავა პრეპარატი, რომელიც კიბოს 60 სახეობის უჯრედებს ანადგურებს- სიაში საერთოდ ვერ მოხვდა“.

10 ივნისის მდგომარეობით, პოსტს 1000-ზე მეტი რეაქცია, 100-ზე მეტი კომენტარი და 200-მდე გაზიარება აქვს.

გრეტა თუნბერგის „წლის საუკეთესო მეცნიერების“ სიაში მოხვედრაზე საუბრისას, ავტორი, სავარაუდოდ, გულისხმობდა არა გასულ 2020 წელს, არამედ სამეცნიერო ჟურნალ „ბუნებას“ (nature) მიერ თარნბერგის 2019 წლის „მეცნიერებაში წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში“ (Nature’s 10) შეყვანაზე. ჟურნალ „ბუნებას“ ათეული ყოველწლიურად იმ ადამიანებს გამოარჩევს, რომლებმაც წლის განმავლობაში მეცნიერების განვითარებაში თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიაში აუცილებლად მხოლოდ მეცნიერები არ ხვდებიან, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს ან მეცნიერების ნებისმიერი დარგის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს. მაგალითისთვის, 2020 წლის „ბუნების ათეულში“ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მოხვდა, რომელიც მის მიერ ქვეყანაში პანდემიის კრიზისის პერიოდში გამოჩენილი ლიდერობისა და ეფექტური საპასუხო ზომების მიღებისთვის გამოარჩიეს. 2020 წლის ათეულში ასევე ვერენა მოჰაპტი შეიყვანეს, რომელიც მართალია, განათლებით ბიოფიზიკოსია, თუმცა ამ შემთხვევაში, მისი აღიარება პოლარულ ლოჯისტიკაში შეტანილ წვლილს უკავშირდება. მოჰაპტი და მისი გუნდი არქტიკულ ექსპედიციაში მყოფი მეცნიერების ლოჯისტიკურ მომსახურებაზე ზრუნავდა და იცავდა მათ, როგორც რთული კლიმატური პირობებისგან, ასევე პოლარული თეთრი დათვებისგან.

წლის ათეულის ნომინირება და შერჩევა ჟურნალ „ბუნებას“ სპეციალური ჟიურის მიერ ხდება, რომელიც ძირითადად გამოცემის რედაქტორებისგან შედგება. თავად გრეტა თუნბერგის შერჩევა „ბუნების ათეულში“, როგორც ამას გამოცემის ვებგვერდზე ვკითხულობთ, მოხდა არა იმის გამო, რომ მან სამეცნიერო გარღვევა მოახდინა რომელიმე დარგში, არამედ იმიტომ, რომ მან „მსოფლიოს ყურადღება მიაპყრო კლიმატის მეცნირებას“. თანბერგმა, მოახერხა ის, „რაც ვერ შეძლეს იმ მეცნიერებმა, რომლებიც ათეულობით წლები მუშაობდნენ კლიმატის ცვლილების საკითხებზე“. მან შეძლო და მსოფლიო აალაპარაკა გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე, რომლებიც ჩვენს პლანეტასა და მასზე მაცხოვრებელ ცოცხალ ორგანიზმებს ემუქრება.

გვერდ „დედამიწის გარშემო“-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში, ასევე პროფესორ იუან ფონგზეა საუბარი, რომელმაც გვერდის მტკიცებით „შეიმუშავა პრეპარატი, რომელიც კიბოს 60 სახეობის უჯრედებს ანადგურებს“. სინამდვილეში, სურათზე გამოსახული პროფესორი იუმან ფონგი, კალიფორნიაში, „იმედის ქალაქის“ (City of Hope) ეროვნულ სამედიცინო ცენტრში მოღვაწე ქირურგი ონკოლოგი გახლავთ, რომელიც წლებია ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობს და დარგის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება.

დოქტორი ფონგი, მის ჯგუფთან ერთად „იმედის ქალაქში“ ონკოლიტური ვირუსების კვლევაზე მუშაობს, რაც ისეთი ვირუსების შექმნას გულისხმობს, რომელიც ორგანიზმს კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში დაეხმარება. ამ მხრივ, ფონგის ჯგუფს იმედისმომცემი შედეგები აქვთ. მათ მიერ შექმნილმა ვირუსმა CF33 პრე-კლინიკურ ცდებში, სიმსივნური ქსოვილების (ტუმორების) განადგურების კუთხით, საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ CF33 შეუძლია ორგანიზმის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში დაეხმაროს. ადამიანებზე პირველი კლინიკური ცდები 2021 წელს არის დაგეგმილი.

ამდენად, დოქტორ ფონგის სამეცნიერო საქმიანობა ეკოაქტივისტ გრეტა თუნბერგის ჟურნალ „ბუნებას“ წლის ათეულში მოხვედრასთან კავშირში არ არის. გვერდს „დედამიწის გარშემო“, ფაქტების დამახინჯებულად და უკონტექსტოდ წარმოდგენით, მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. გრეტა თანბერგის ჟურნალ „ბუნებას“ წლის ათეულში მოხვედრა, მისი აქტივიზმითა და კლიმატის ცვლილებებზე მსოფლიოს ყურადღების მიპყრობით არის განპირობებული და ამ ფაქტის იმდაგვარად წარმოდგენა, რომ თითქოს ეს სხვა გამორჩეული მეცნიერების ღვაწლს აკნინებს, არის მანიპულაცია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.