მერად არჩევის  შემთხვევაში, გორელებს საცურაო აუზის გახსნას ვპირდები

კონსტანტინე თავზარაშვილი: მერად არჩევის შემთხვევაში, გორელებს საცურაო აუზის გახსნას ვპირდები

ვერდიქიტი: არ შესრულდა

რეზიუმე:

კონსტანტინე თავზარაშვილის გორის მერად 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. „ქართული ოცნების კანდიდატი“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, აქტუალურ პრობლემებს შორის, გორში საცურაო აუზის არარსებობას ასახელებდა და გამარჯვების შემთხვევაში, გორელებს აუზის გახსნას ჰპირდებოდა.

თავზარაშვილის მერად არჩევიდან 5 თვეში, გორში საცურაო აუზის შენობა გაიყიდა. კერძო მფლობელებმა ამ ობიექტზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა, მათ შორის, საცურაო აუზისაც, გადაწყვიტეს. ობიექტის გახსნა 2019 წლის დასაწყისისთვის დაანონსდა. ობიექტის გასხვისებიდან 3 წელია გასული და სამუშაოები ჯერ კიდევ დაუსრულებელია, მერის წინასაარჩევნო დაპირება კი შეუსრულებელი.

ანალიზი:

საცურაო აუზის გახსნა გორის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობდა, რომ ეს პრობლემა მუნიციპალიტეტში აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა და თუ გორის მერი გახდებოდა, გორელებს საცურაო აუზი ექნებოდათ. აღნიშნული დაპირება უკვე მერად არჩეულ თავზარაშვილს არაერთხელ გაახსენეს, რაზეც პირველ წლებში ამბობდა, რომ არ დავიწყებია და საჭირო დოკუმენტების შედგენაზე მუშაობდა.

„მე წინაასარჩევნოდ ვთქვი, რომ გორელებს აუცილებლად ექნებოდათ საცურაო აუზი და მინდოდა, რომ მალე მომხდარიყო. მე მოლაპარაკებებს ვახორციელებდი ინვესტორებთან, საბოლოო ჯამში, მას ახალი მფლობელი ჰყავს და უკვე არსებობს შესაბამისი პროექტიც. დაახლოებით სექტემბრის თვეში აუზი იქნება მზად",- აღნიშნა კონსტანტინე თავზარშვილმა.

გორში საცურაო აუზი პირველად 1997 წელს გაიხსნა და 2004 წლამდე ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში, ობიექტი იჯარით იყო გაცემული. 2004 წელს კი ქონება მოიჯარეებმა მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დათმეს, გამგეობამ კი 2007 წლის ივნისში აუზი აუქციონის წესით გაყიდა. აუზის ახალი მფლობელი, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსან ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავი გახდა. გია გიგუაშვილმა ქონება 55 ათას ლარად შეიძინა. 2007 წლის სექტემბერში ოქრუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა, 2008 წლის ივლისში კი აუზი გიგუაშვილმა ისევ სახელმწიფოს გადასცა. ამ პერიოდში ქონების ღირებულება აუდიტის სამსახურმა 736 227 ლარად შეაფასა.

2016 წელს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით (შუამდგომლობის მომთხოვნი აუზის ყოფილი მფლობელი, გია გიგუაშვილი იყო) გორის საცურაო აუზი დააყადაღა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბიუჯეტო დაწესებულებიდან აღნიშნული ობიექტისთვის თანხები ვეღარ დაიხარჯებოდა. 2018 წელს კი ქონება 160 000 დოლარად გაიყიდა. გაყიდულ ობიექტზე გორის უკვე არჩეული მერი ხშირად ჩნდებოდა და გორელებისთვის გაცემულ დაპირებას აუზის გახსნის შესახებ ისევ აჟღერებდა.

აუზის მშენებლობა, გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 2019-2020-2021 წლების სტრატეგიის მიხედვითაც იყო გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, აუზის მშენებლობისთვის 588 915 ლარი უნდა დაიხარჯოს და მშენებლობა 2021 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

„პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 149 000 კაცს, მიიღებს თანამედროვე კეთილმოწყობილ საცურაო აუზის შენობას. აუზის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის აღზრდას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას", - წერია აღნიშნულ დოკუმენტში.

გორის მერიას ამ გეგმის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, 4 მლნ 500 ათასი ლარი უნდა დაეხარჯა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამ პროფილის დაწესებულების აშენებას ხელისუფლება კერძო სექტორს ანდობს.

„მერია ამ ეტაპზე მის მშენებლობას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა, მომავალში ააშენოს კიდეც. ამ ეტაპზე, მერია ცდილობს, მოიზიდოს ინვესტიცია, რომ, რომელიმე კერძო კომპანიამ ააშენოს ქალაქში აუზი“-, აცხადებდა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი 2020 წლის დასაწყისში.

გორის მერმა წინასაარჩევნო დაპირება შეცვალა და ობიექტის გახსნა უკვე 2020 წლისთვის დააანონსა, ოღონდ უკვე კერძო სექტორის და არა ხელისუფლების მიერ. აუზი დათქმულ ვადებში ვერც კერძო მფლობელმა გახსნა.

თავზარაშვილმა მოგვიანებით დაპირების ვერ შესრულება საჭირო თანხების არარსებობით ახსნა და აღნიშნა, რომ აუზისთვის სათანადო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ გამოიყოფოდა.

„გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხას საცურაო აუზისთვის არ გამოყოფს. ძალიან ძვირი ჯდება. როცა კარგი ცხოვრება გვექნება, მერე ვიფიქროთ ამაზე. მით უმეტეს, ვიცით, რომ გორში რამდენიმე აუზის გახსნა იგეგმება კერძო პირების მიერ და ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა არ იქნებოდა გამართლებული", - აღნიშნა 2020 წლის სექტემბერში გორი მერმა.

ამ დროისთვის, გორის მერის მიერ დაანონსებულ ადგილას სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა კერძო მესაკუთრე ობიექტის დასრულების ზუსტ თარიღს ვერც ამ ეტაპზე ასახელებს. პარალელურად, გორში 3 აუზი გაიხსნა. ერთი - 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვისაა გათვლილი, მეორე და მესამე აუზი კი სასტუმროს ბაზაზე მუშაობს. 3-ვე მათგანი კომერციული მიზნებისთვისაა გათვალისწინებული და გორში ყველა სეგმენტისთვის არაა ხელმისაწვდომი. ამ სივრცით განსაკუთრებით ის ადამიანები ვერ სარგებლობენ, რომლებიც გორის მერის დაპირებას წლებია უშედეგოდ ელოდებიან და მათ საცურაო აუზი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისადაც, ესაჭიროებათ.