დეზინფორმაცია: ვაქცინაციის შედეგად სხეულში შეყვანილი თხევადი კრისტალების საშუალებით ადამიანის „ზომბებად“ ქცევაა შესაძლებელი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდები „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ და „ბოლო ჟამის ქრისტიანები“, კანადელი თეოლოგი პიერ გილბერტის დეზინფორმაციის შემცველ ვიდეოს ვაქცინების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებენ. გვერდის მიერ გავრცელებული 3-წუთიანი ვიდეოს პირველი ნაწილი პიერ გილბერტის 1996 წლის გამოსვლის თარგმანს ეთმობა, მეორე ნაწილი კი, დღევანდელი სამეცნიერო მიღწევების შესახებ, ყალბ მტკიცებებს.

1996 წელს, პიერ გილბერტის გამოსვლის თანახმად, მომავალში ხელოვნური ვირუსები შეიქმნება, რომლის შედეგადაც ადამიანები ვალდებულნი იქნებიან, მიიღონ ვაქცინაცია. პიერ გილბერტის გამოსვლის თანახმად, ვაქცინებში იქნება თხევადი კრისტალები, რომლებიც ადამიანის ტვინში მოთავსდება, რის შემდეგაც ადამიანები ფიქრს ვეღარ შეძლებენ და ზომბებად იქცევიან. ამასთან ერთად, პიერ გილბერტი კრისტალებით ადამიანების გონების მართვაზე საუბრისას რუანდას გენოციდის მაგალითს ახსენებს ფრაზით „იფიქრეთ რუანდაზე“. აღნიშნული მას, სავარაუდოდ, საკუთარი ჰიპოთეზის განსამტკიცებლად მოჰყავს. ვიდეოს ბოლოს ნახსენებია, რომ ადამიანების მართვის დასახელებული პროცესი, მათ სხეულში თხევადი კრისტალების შეყვანით და მასზე მაგნიტური ველით მანიპულირებით, უკვე აქტიურად მიმდინარეობს. „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მიერ 1 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეოს უკვე 318 გაზიარება აქვს, მათ შორის გვერდზე „ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი“, რომელშიც ხუთი ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

ზემოთ ხსენებული გვერდების მიერ გაზიარებული ვიდეო, კანადელი თეოლოგი, პიერ გილბერტის 1996 წლის გამოსვლიდან რეალურ ნაწყვეტს წარმოადგენს. როგორც Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში, ისე მის სრულ გამოსვლაში, გილბერტი აღწერს თუ ბიბლიაზე დაყრდნობით, მას მსოფლიოს დასასრული როგორ წარმოუდგენია. მთლიან გამოსვლაში გაჟღერებულია მტკიცებები იმის შესახებ, რომ მოსახლეობა მსოფლიო მთავრობის მიერ, იმართება ნიკოლა ტესლას მიერ გამოგონებული ელექტრომაგნიტური შტორმების (electromagnetic storms) საშუალებით. თავად პიერ გილბერტი, თავს ესქატოლოგად მიიჩნევს, რაც კაცობრიობის ცივილიზაციის დასასრულის შესახებ თეოლოგიურ მიმართულებას წარმოადგენს. ამასთან ერთად, პიერ გილბერტი ორგანიზაცია Pleins Feux-ის ხელმძღვანელია, რომლის ოფიციალურ საიტზე ნახსენებია , რომ ის 15 წლის განმავლობაში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (UFO) იკვლევდა, ახლა კი დაინტერესებულია იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლით, რომელიც „ ჩვენს სამყაროს მართავს“.

რას წარმოადგენს თხევადი კრისტალები?

თხევადი კრისტალების შესახებ კონსპირაციული თეორიების ფართო გავრცელების გამო, აღნიშნული VOX უკრაინის გამოცემამ უკვე გადაამოწმა. თხევადი კრისტალები, რომელთა შესახებაც პიერ გილბერტი საუბრობს, მატერიის მდგომარეობას წარმოადგენს, რომელსაც აქვს როგორც თხევადი, ასევე მყარი თვისებები. აღნიშნული თხევადი კრისტალები გვხვდება როგორც ცოცხალ ორგანიზმებში (მათ შორის, ადამიანის ორგანიზმში), ისე სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობაში, როგორიცაა: მაგალითად, კომპიუტერის მონიტორი. ისინი ადამიანის ძვალში, მცენარეებში, დნმ-ის მოლეკულებში, და ა.შ. ბუნებრივად გვხვდება. AFP fact check-თან მიცემულ ინტერვიუში, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნული სკოლის ელექტროობისა და ტელეკომუნიკაციების სპეციალისტი ელენ გალიგესის განცხადებით, არ არსებობს სიცოცხლე თხევადი კრისტალების გარეშე. მათი წყალობით, ნივთიერებების ორგანიზება და ძირითადი ცხოვრებისეული პროცესების წარმართვა ხერხდება. რაც მთავარია, ელექტრომაგნიტურ ველს თხევად კრისტალებზე ზემოქმედება არ შეუძლიათ. თხევადი კრისტალები ელექტრომაგნიტური ველის რეცეპტორები არაა. ისინი წარმოადგენენ კრისტალურ სტრუქტურებს, რომლებიც იცვლიან ორიენტაციას ტემპერატურისა და წნევის გავლენით. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მათი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე მათი ტვინში ჩამაგრება და შემდგომ აღნიშნულით ადამიანის აზროვნების კონტროლი შეუძლებელია. ცნობილი ამერიკელი ქიმიკოსი და თხევადი კრისტალების მკვლევარი გლენ ბრაუნის განცხადებით, მას არ სმენია ისეთი აკადემიური მტკიცების ან ნაშრომის შესახებ, რომელიც თხევადი კრიტალების მიერ ადამიანის გონების მართვის შესაძლებლობებს დაამტკიცებდა. შესაბამისად, თხევადი კრისტალები ადამიანის ორგანიზმის განუყოფელი ნაწილებია. ისინი არ რეაგირებენ მაგნიტურ ველებზე და მათი გამოყენებით ადამიანის მართვა ანუ „ზომბებად ქცევა“ შეუძლებელია.

რაც შეეხება პიერ ჟილბერტის მიერ ნახსენებ რუანდას გენოციდს, ის კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ვაქცინაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. რუანდაში გენოციდი 1994 წელს მოხდა არა „ზომბიფიკაციის“ ან „ჩიპების“, არამედ პოლიტიკური კრიზისის, გადაუჭრელი ეთნიკური საკითხებისა და სამოქალაქო ომის შედეგად. რუანდის ჰუტუს პრეზიდენტი 1994 წლის 6 აპრილს მოკლეს, რის შემდეგაც ჰუტუს ხალხმა ქვეყნის მეორე ეთნიკური ჯგუფის ტუტსის განადგურება დაიწყო. გენოციდის მსხვერპლთა რაოდენობა 800,000-დან 1 მილიონამდეა შეფასებული. გაერომ რუანდას საკითხზე საერთაშორისო ტრიბუნალი დააფუძნა, რომლის შედეგადაც მსჯავრდებულები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის გასამართლდნენ.

ვიდეოს მეორე ნაწილში, პირველთან ლოგიკური კავშირის გარეშე, მაგნიტურ ნანონაწილაკებზეა საუბარი, რომლის საშულებითაც, ავტორის განცხადებით, ადამიანის კონტროლია შესაძლებელი. რეალურად, მაგნიტურ ნაწილაკებს დღეს მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი პოტენციალის მქონედ განიხილავენ. აღნიშნული ნაწილაკები გამოიყენება ქსოვილების ინჟინერიაში, მედიკამენტების მიწოდების გაუმჯობებისთვის ძნელად მისადგომ მიკროზონებში და სხვ. ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ მომავალში მედიცინაში მაგნიტური ნაწილაკები შესაძლოა, მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. მაგალითად, იმ შემთხვევებში, რომლებიც ჰემატოენცეფალური ბარიერის გადასალახად თერაპიულ ჩარევას საჭიროებს, ასევე სიმსივნის მკურნალობისას და სხვა.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.