კონსტანტინე თავზარაშვილი: სარეზერვო ფონდიდან 250 000 ლარი გამოვყავი და ეს თანხა კოვიდპანდემიას მოვახმარე
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება არის მცდარი.
რეიუმე:
2020 წელს, პანდემიის გამო გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 232 321 ლარი დახარჯა.
სარეზერვო ფონდიდან 5 304 ლარი დაიხარჯა, თუმცა მერიის ოფიციალური წერილის მიხედვით, ამ მუხლიდან თანხები სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსის სამუშაოებისთვის და გორის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ხანძრის სალიკვიდაციო მომსახურებისთვის გამოიყო. 2018-2019 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიას სარეზერვო ფონდის მთლიანი თანხა გაუხარჯავი რჩებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, შემდგომ წლებში, ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას, ამ მუხლში თანხებს მაინც ითვალისწინებდა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება არის მცდარი.
ანალიზი:
გორის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე გამოკვეთილი საჭიროებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 250 000 ლარი დაიხარჯა. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ეს რესურსი გასულ წელს, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
„როდესაც ძალიან იყო გავრცელებული ჩვენს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19, სარეზერვო ფონდიდან გამოვყავი ჯერ 150 000, შემდეგ 100 000 ლარი და ეს თანხები სწორედ, კოვიდპანდემიას მოვახმარე”, - აღნიშნა გორის მერმა.
სარეზერვო ფონდი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ნაწილი. ამ ფონდში არსებულ თანხას მუნიციპალიტეტი ხარჯავს მაშინ, როცა მას უწევს გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება.
სარეზერვო ფონდი წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების მთლიანი ოდენობის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სარეზერვო ფონდს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერი განკარგავს.
პანდემიამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიას სარეზერვო ფონდი გაუხარჯავი რჩებოდა, რაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებშიც მოხვდა, ასევე ეს საკითხი ოპოზიციის კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა.
მაგალითად, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2020 წელს წერდა, რომ ისეთ მუნიციპალიტეტს, როგორიც გორია, აღნიშნულ მუხლში თავისუფალი თანხები არ უნდა რჩებოდეს. „მუნიციპალიტეტში, სადაც ათასობით დევნილი ცხოვრობს, როგორ არ გაჩნდა საჭიროება, რომ მერია მათ თუნდაც ფინანსურად დახმარებოდა?”, წერდა IDFI.
მიუხედავად ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ მუხლში, 2020 წლისთვის 96 900 ლარი გაითვალისწინა, წლის ბოლოსთვის კი ეს თანხა ბიუჯეტში 72 700 ლარამდე შეამცირა. როგორც აღმოჩნდა, ამ რესურსიდან თანხები წლის განმავლობაში სხვადასხვა მუხლში ნაწილდებოდა. 2021 წელს სარეზერვო ფონდის დაფინანსება მერიამ კიდევ გაზარდა და ამჟამად ის 350 000 ლარითაა წარმოდგენილი. ჯერჯერობით აღნიშნული თანხიდან არაფერია გახარჯული.
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს, გორის მუნიციპალიტეტმა წინა წლებისგან განსხვავებით, სარეზერვო ფონდიდან თანხა დახარჯა და ის 2019 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო მომსახურებას და 2020 წლის ივნისში, მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსის სახურავის რეაბილიტაციას მოახმარა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წელს, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან განხორციელდა სოფელ ორმოცში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო მომსახურების ანაზღაურება, 3600 ლარის ოდენობით და ქ. გორში სტალინის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისთვის - 10704 ლარი (დანართი).
საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს სხვა მიმართულებით თანხები არ დახარჯულა. რაც შეეხება პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისთვის ხარჯებს, მერიის ფინანსურ განყოფილებაში განმარტავენ, რომ ამისთვის თანხები ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან დაიხარჯა.
„სარეზერვო ფონდიდან თანხები გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოიყოფა. პანდემიისთვის ბიუჯეტში გვაქვს შესაბამისი ორგანიზაციული კოდი და იქიდან ხდება თანხების ხარჯვა. შესაძლოა, სხვა მუხლებიდან იქ რესურსის შევსება გაკეთდეს. როგორც სარეზერვო ფონდიდან მიმართული, პანდემიისთვის ასე არ დახარჯულა თანხა. პანდემიისთვის დაიხარჯა თავისი შესაბამისი კოდიდან. წინა წლებში თუ რჩებოდა სარეზერვო ფონდში გაუხარჯავი თანხა, ის თავისუფალი ნაშთის სახით იყო და მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ის შეიძლება სხვა რამე ღონისძიებისთვის მიმართულიყო. ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოიყენება. ყოველ წელს ახალ ბიუჯეტში მაინც ხდება ახალი რესურსის დაგეგმვა სარეზერვო ფონდში“,-განმარტავენ მერიაში.
გასულ წელს, პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისთვის მერიამ ჯამში 232 321 ლარი დახარჯა, თუმცა ეს თანხები უშუალოდ სარეზერვო ფონდიდან არ გაცემულა.
ცხრილი 1: 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პანდემიით გამოკვეთილი საჭიროებისათვის ბიუჯეტიდან გაცემული თანხები:
როგორც ცხრილიდან ჩანს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს პანდემიის გამო გაღებულმა ხარჯებმა ჯამში, სარეზერვო ფონდზე, 159 621 ლარით მეტი შეადგინა. შესაძლოა, ბიუჯეტის შესაბამის მუხლებში მერის გადაწყვეტილებით, თანხები მართლაც გადანაწილებულიყო, თუმცა იმ რაოდენობით რასაც გორის მერი თავის განცხადებაში ასახელებს, ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რადგან ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდი 2020 წელს 72 700 ლარით იყო განსაზღვრული. კონსტანტინე თავზარაშვილი კი აცხადებს, რომ პანდემიის გამო, ამ ფონდიდან თანხები ორჯერ გამოყო, ჯერ 150 000 ლარის, შემდეგ კი 100 000 ლარის ოდენობით. მერის მიერ დასახელებული თანხა მიახლოებულია პანდემიით გამოკვეთილი საჭიროებებისთვის დახარჯულ თანხებთან, თუმცა როგორც ოფიციალური წერილიდან ხდება ცნობილი, ეს თანხები უშუალოდ სარეზერვო ფონდიდან არ გამოყოფილა. გორის მერმა, წესით, უნდა იცოდეს, მერიის სარეზერვო ფონდი რა რაოდენობის თანხას მოიცავს. არ არის გამორიცხული, რომ გორის მერმა აღნიშნული განცხადება ამ კონტექსტში იმ მიზეზით გააკეთა, რომ სარეზერვო ფონდის ვერ გახარჯვის საბაბით, ოპონენტების კრიტიკის ობიექტი ახლა უკვე პანდემიის ფონზე, ხელახლა არ გამხდარიყო. როგორც ფინანსური განყოფილებიდან ხდება ცნობილი, დასახელებული საჭიროებებისთვის ფინანსების მოძიება მერიას ბიუჯეტის სხვა მუხლებიდანაც არ გაუჭირდებოდა.