გიორგი კაკაურიძე: აპრილში საბიუჯეტო ხარჯები განსაკუთრებული გადახრებით არ გამოირჩეოდა. ნომინალში დიდი გადახდა ჩანს, რადგან ვალის დაფარვა მოხდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
2021 წლის აპრილის თვეში, ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა, რამაც საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. კერძოდ, ბუნდოვანია მოსალოდნელზე ბევრად მაღალი ეკონომიკური ზრდის გამომწვევი ფაქტორები. ერთი მოსაზრებით, შესაძლო იყო, რომ ეკონომიკის მსგავსი ზრდა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მკვეთრ ზრდას მოჰყოლოდა. განცხადება, მინისტრის მოადგილემ, სწორედ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, მართალია რომ აპრილში, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და პირველ კვარტალში დაფიქსირებული მთლიანი გადასახდელების 81%-მდე შეადგინა. თუმცა აღნიშნული ძირითადად 500 მლნ აშშ დოლარის ევრობონდების გადახდასთან იყო დაკავშირებული, სხვა მხრივ კი, ვალდებულებების დაფარვის გარდა, აპრილის გადასახდელები, წინა თვეების მაჩვენებლისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდა.
წინა წლებთან შედარებით, პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიუჯეტის გადასახდელები გაზრდილია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ეს ფაქტი 2021 წლის აპრილის თვეში მშპ-ს მკვეთრ ზრდას გამოიწვევდა, მაშინ მსგავსი ეფექტი 2021 წლის მარტშიც უნდა დამდგარიყო, რადგან აპრილში, მარტთან შედარებით, ეკონომიკური შეზღუდვების არსებითი შემსუბუქება არ მომხდარა და მარტშიც, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მაღალი იყო, რაც ერთგვარად, ეკონომიკის მიმდინარე პერიოდში სტიმულირების მეთოდს წარმოადგენს. შესაბამისად, აპრილის თვეში, მშპ-ს ზრდის მიზეზები სხვა ფაქტორებში უნდა ვეძებოთ.
ანალიზი:
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა: „აპრილში ხარჯები განსაკუთრებული გადახრებით არ გამოირჩეოდა. ნომინალში დიდი გადახდა ჩანს, რადგან ვალის დაფარვა მოხდა“. აღნიშნული განცხადება ეხებოდა ვარაუდს, რომ აპრილის თვეში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა, მკვეთრად გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯვასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1%-ია. 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ - 4.2%.
ბუნებრივია, აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა. გარკვეულწილად, აპრილის თვეში მაღალი, ორნიშნა ზრდის დაფიქსირება მოსალოდნელი იყო, რადგან 2020 წლის აპრილის თვეში, ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, მკაცრი შეზღუდვების გამო. თუმცა, აპრილში, 44.8% ზრდა ნიშნავს, რომ 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 20.7%-ით არის გაზრდილი. 2021 წლის მარტის მშპ, 2019 წლის მარტთან შედარებით კი 1.2%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულთან კითხვის ნიშნები არსებობს, რადგან 2021 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, პანდემიასთან დაკავიშირებული რაიმე არსებითი შეზღუდვის მოხსნა არ მომხდარა და სიმკაცრის ინდექსიც, იდენტურ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა.
2020 წლის პირველ კვარტალში (სამ თვეში), ბიუჯეტის გადასახდელების ფაქტობრივმა მოცულობამ დაახლოებით 3.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო 4 თვეში 7.1 მლრდ ლარი. შესაბამისად, აპრილის თვეში, გადასახდელები 3.2 მლრდ ლარი იყო, რაც პირველი სამი თვის ხარჯვის ჯამურ მაჩვენებელს უახლოვდება. თუმცა, ფინანსთა მინისტრის განცხადების შესაბამისად, აღნიშნული თანხის 55% საგარეო ვალდებულებების კლებას მოხმარდა. უფრო კონკრეტულად კი საქართველოს, აპრილის თვეში, 500 მლნ აშშ დოლარის ევრობონდების გადახდა მოუწია, რამაც თვიური გადასახდელების მაჩვენებლის ერთჯერადი ზრდა გამოიწვია. ვალდებულებების გადახდის გარეშე, აპრილის თვის გადასახდელების მოცულობა 1.4 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც პირველი კვარტლის საშუალო თვიურ მონაცემს მხოლოდ 18%-ით აღემატებოდა. შესაბამისად, აღნიშნული ვერ იქნებოდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მონაცემები 2021 წლისთვის, მლნ ლარი
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო