იტვირთება

გიგი უგულავა: 2013 წლიდან ლარი იყო 1.80, ახლა არის 3.3. პანდემიისგან დამოუკიდებლად, ლარის გაუფასურების ტრენდი მიდიოდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგი უგულავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე

ანალიზი:

რუსთავი 2-ის ეთერში, პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ, ლარის კურსის დინამიკაზე მსჯელობისას განაცხადა: „2013 წლიდან ლარი იყო 1.80, ახლა არის 3.3. პანდემიისგან დამოუკიდებლად, ლარის გაუფასურების ტრენდი მიდიოდა“.

განცხადების კონტექსტი, ცალსახად მთავრობის კრიტიკას წარმოადგენს. პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ ლარის კურსის გაუფასურების გამართლება პანდემიით ვერ მოხდება, რადგან გასულ წლებშიც, ლარის კურსი გაუფასურების ტენდენციით ხასიათდებოდა. განცხადების ნაწილი, რომელშიც პოლიტიკოსი ლარის კურსის გაუფასურების ტენდენციაზე საუბრობს - სიმართლეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 1.80 ნიშნულს, ლარის კურსმა 2014 წელს მიაღწია, როდესაც გაუფასურების ტალღა დაიწყო. რაც შეეხება იმას, თუ რით არის გამოწვეული ლარის კურსის ვარდნა, ბევრი სხვადასხვანაირი ახსნა შეიძლება მოვისმინოთ. ეს არის როგორც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის, ასევე ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული შედეგიც. ლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო და დაახლოებით 100%-ით გაუფასურდა, 2012 წელთან შედარებით კი, გაუფასურება დაახლოებით 118%-ს შეადგენს. ლარს მცურავი გაცვლითი კურსი გააჩნია და მის კონკრეტულ ნიშნულზე ჩამოყალიბებას სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა განაპირობებს. მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ბუნებრივია, ერთდროულად მრავალი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც პირობითად, შეიძლება ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებად დაიყოს.

ხშირად, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, ვალუტის კურსს მხოლოდ შიდა ან მხოლოდ გარე ფაქტორებთან აკავშირებენ, რაც სიმართლის ნახევრად წარმოჩენას უკავშირდება. ობიექტური რეალობაა, რომ 2013-2020 წლებში, რეგიონს მრავალი კრიზისი დაატყდა თავს, მათ შორის - მსოფლიო მასშტაბის პანდემია. 2013-2021 წლებში, უშუალოდ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტებიც, მეტნაკლებად უფასურდებოდა. დოლართან მიმართებით, 2012 წელთან შედარებით, თურქული ლირა 376%-ითაა გაუფასურებული, რუსული რუბლი - 151%-ით, სომხური დრამი - 32%-ით, აზერბაიჯანული მანათი - 117%-ით. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლარის კურსზე უარყოფითად საქართველოს მთავრობის ქმედებები თუ უმოქმედობა და შეცდომები მოქმედებდა. მაგალითად, შეგვიძლია, მოვიყვანოთ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება, მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა, ინვესტორებისთვის არათანმიმდევრული პოლიტიკის ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/გაჭიანურება, ბიუჯეტიდან თანხის არათანაბრად ხარჯვა და ა.შ. ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება ე.წ გავრილოვის კრიზისსაც მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტი შეცდომად არა მარტო ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც შეაფასეს.

ვრცელი ანალიზი აღნიშნულ თემაზე იხილეთ ბმულზე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3013 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი