გიორგი ხოჯევანიშვილი: გახარიას რეიტინგი მისი გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზარდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე:
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2-ჯერ წარადგინეს - 2019 წლის სექტემბერსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე ის შს მინისტრი იყო, მათ შორის 20 ივნისის მოვლენების დროსაც, რის შემდეგაც განვითარებული მოვლენების გამო, მისი რეიტინგი მკვეთრად გაუარესდა. პანდემიის პერიოდში, გიორგი გახარიას რეიტინგი, საგრძნობლად გაიზარდა. ამავე პერიოდში „ქართული ოცნების“ რეიტინგიც გაუმჯობესდა.
IRI-ის მიერ 2021 წლის ჩატარებული კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 33%-დან 35%-მდე გაიზარდა, გიორგი გახარია კი პოლიტიკოსთა შორის ლიდერის პოზიციას 65%-იანი მაჩვენებლით იკავებს. მაშინ, როცა, იმავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 39%-ს, 2020-ში კი 63%-ს წარმოადგენდა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, IRI-ის ერთთვიანი კვლევა კი 26 თებერვალს დასრულდა.
ანალიზი:
პარლამენტის ახლა უკვე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ყოფილ პრემიერს მიუძღვის. გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გიორგი გახარია პოლიტიკოსთა შორის ერთ-ერთი პირველი ლიდერია და მისი რეიტინგი ბოლო პერიოდში გაზრდილია. ამის დასტურად ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო კვლევას ასახელებს.
„ყველამ ვნახეთ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, IRI-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფ პოლიტიკოსთა შორის, გიორგი გახარია უპირობო ლიდერობას ამჟღავნებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოკითხული მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა გამოკითხულია, სწორედ გახარიას გადადგომის შემდგომ. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, გახარიას გადადგომის შემდეგ მისი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა“, -აღნიშნა, (23:38-დან-24:15-მდე) გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. ეს თანამდებობა მან პირველად 2019 წლის 8 სექტემბერს დაიკავა. მეორე ჯერზე კი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა პარლამენტმა 2020 წლის 24 დეკემბერს დაამტკიცა.
თავდაპირველად, ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წევრად მოიაზრებოდა, თუმცა მისი რეიტინგი ნაწილობრივ შეირყა იმ კრიზისის გამო, რომელიც მოჰყვა 2020 წლის ივნისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან. პოლიციას და სპეცრაზმს ბრალი დემონსტრანტების დარბევასა და ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში დასდეს. იმ პერიოდში გახარია შს მინისტრის პოსტს იკავებდა, მისი გადადგომა კი საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. გახარიამ აღნიშნული პოზიცია მალევე დატოვა, თუმცა უფრო მაღალი რანგის თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გახდა.
საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ კვლევები ბოლო პერიოდში ინტენსიურად ტარდება. ხოჯევანიშვილი მისი განცხადების დასტურად სწორედ ამ ორგანიზაციის კვლევებს ასახელებს.
IRI-ის ბოლო კვლევა 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, კონკრეტულად კი ის 2-დან 26 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მასშტაბით, 10 რეგიონში, 18 წლის ზემოთ, სულ 1500 მუდმივი მაცხოვრებელი - შემთხვევითობის პრინციპით გამოიკითხა. აღნიშნული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსთა შორის გიორგი გახარია ლიდერობს. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის დასრულების მომენტში გიორგი გახარია თანამდებობიდან ზუსტად ერთი კვირის წასული იყო. ამავე კვლევაში ოცნების რეიტინგი 35%-ითაა განსაზღვრული და ის პოლიტიკურ პარტიებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
IRI-მ კვლევა 2020 წლის ზაფხულშიც ჩაატარა, ივნის-ივლისის პერიოდში მმართველი გუნდის რეიტინგი 33% იყო. უფრო ადრე კი, 2019 წლის ნოემბერში, ეს მაჩვენებელი 23%-მდე იყო შემცირებული, რაც შესაძლოა, 20 ივნისის მოვლენებით იყო განპირობებული. ამ მაჩვენებლის რამდენიმე თვეში გაუმჯობესება, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დაწესებულ შეღავათებსაც უკავშირდებოდეს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ კვლევის შედეგებს იმ პერიოდში მმართველი გუნდი არ ეთანხმებოდა და გამოკითხვის მეთოდებს ეჭვქვეშ აყენებდა.
2020 წლის ივლისში რუსთავი-2-ის დაკვეთით კვლევა ბრიტანულმა კომპანია „Survation“-მაც ჩაატარა. ის 15-დან 24 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს გზით 1200 რესპონდენტი გამოკითხა. ოცნების სარეიტინგო მაჩვენებელი ამ კვლევაში 52%-ით არის განსაზღვრული, იმ პერიოდში მმართველ გუნდს აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელიც ეცოტავებოდა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, 2019 წლის ნოემბერში, IRI-ის კვლევით, მას გამოკითხული მოქალაქეების 39%-ისგან ჰქონდა დადებითი შეფასება, ხოლო 59% - უარყოფითი. პოლიტიკოსთა შორის მასზე ბევრად მეტი შეფასება თბილისის მერს, კახა კალაძეს ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ გახარიას რეიტინგი 63%-მდე გაიზარდა და პოლიტიკოსთა შორის მან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. 2021 წლის მონაცემებით კი, ისევ IRI-ის კვლევის მიხედვით, ლიდერის პოზიცია პოლიტიკოსთა შორის 65%-იანი რეიტინგით შეინარჩუნა.
„ქართულ ოცნებაში“, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თითქმის იგივე შედეგი დადო, რაც 2020 წელს, (2016- 48,68%. 2020-48,22%) აცხადებენ, რომ გახარიას რეიტინგი პირდაპირ კავშირშია პარტიასთან. მმართველ გუნდში თვლიან, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი რომ არ ყოფილიყო, მოწონების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ ექნებოდა. „ქართული ოცნებაში“ გახარიას პოლიტიკური გააქტიურებით, პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას არ ელოდებიან.
„მე ჩემი რეიტინგი მაქვს და ამას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაგიმხელთ“,-ასე პასუხობდა გიორგი გახარია, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ ტელევიზიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში პარტიების და პოლიტიკოსების განსხვავებულ რეიტინგებზე დასმულ ჟურნალისტთა შეკითხვებს. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი მისი რეიტინგის გაზრდას საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში მის მიერ ყოფილ თანამშრომლებთან დამშვიდობების სელფით ადასტურებდა.
გრაფიკი 1: „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას რეიტინგები 2019-2021 წლებში IRI-ს კვლევის მიხედვით:
განხილული მასალებიდან ირკვევა,რომ IRI-ის კვლევების მიხედვით, გიორგი გახარიას რეიტინგი, როგორც მისი თანაგუნდელი ამბობს, ნამდვილად მზარდია, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ მაჩვენებელი. მოიმატა, თუ - არა გახარიას რეიტინგმა მისი პარტიიდან წასვლის შემდეგ, როგორც ამას გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, დადასტურებულად თქმა არასწორია, რადგან კვლევის პერიოდის დარჩენილ ერთ კვირაში(როცა გახარია გადადგა) კვლევის მონაწილეთა რა რაოდენობა გამოიკითხა, უცნობია და შესაძლოა, მას ისევ მმართველ გუნდში მოიაზრებდნენ. გარდა ამისა, არ არსებობს ამ დროისთვის კვლევა, რომელიც გახარიას თანამდებობის წასვლის შემდეგ ჩატარდა და უშუალოდ ამ პერიოდის შედეგებს მოიცავს. ზოგიერთი ექსპერტი გახარიას რეიტინგის ვარდნას სწორედ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ვარაუდობს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, არც ამის დამადასტურებელი რამე ოფიციალური სახის მონაცემი არ არსებობს. შესაბამისად, ხოჯევანიშვილის განცხადებას ამ ეტაპზე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ ვერდიქტის გარეშე ტოვებს.