იტვირთება

კახა კალაძე: ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების ბინებით ეტაპობრივად დასაკმაყოფილებლად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახი კალაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა გასული საუკუნიდან არსებობს - ჯერ კიდევ 80-იან წლებში მოსახლეობის ნაწილმა თანხები სახელმწიფო ბანკებში შეიტანა, სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. ბინების უმრავლესობა ვერ დასრულდა, ნაწილის მშენებლობა კი საერთოდ არ დაწყებულა. 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მცდელობა წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა, დაზარალებული მოსახლეობისთვის ნაკვეთების გადაცემა სიმბოლურ ფასად დაიწყო, მაგრამ პროცესი მალევე შეჩერდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაიჭრებოდა. თუმცა, ამ მიმართულებით, 2016 წლამდე თითქმის არაფერი გაკეთებულა (აღნიშნულ წელს 300 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით).

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები 2017 წლიდან გადაიდგა. დაზარალებულ პირებს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცათ, სადაც დაინტერესებულმა კომპანიებმა საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირები ბინებით დააკმაყოფილეს. დღეის მონაცემებით, წლის ბოლომდე, უკვე დაწყებული პროექტების ფარგლებში, ჯამში, ბინებით უზრუნველყოფილი 1300 ოჯახი იქნება (610 ოჯახი ბინით უკვე დაკმაყოფილებულია). ოფიციალური ინფორმაციით, დარჩენილი ოჯახების ბინებით უზრუნველსაყოფად მუშაობა უკვე დაწყებულია და მომდევნო წლებში, საბოლოო ჯამში, ყველა დაზარალებულ ოჯახს ბინა გადაეცემა. აქედან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებზე ისაუბრა და აღნიშნა(4:40): „ 2017 წლის არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების ბინით უზრუნველყოფა. 3000-მდ ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულება აღიარებული აქვს. ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამ ოჯახების ეტაპობრივად დასაკმაყოფილებლად“.

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა გასული საუკუნიდან არსებობს - ჯერ კიდევ 80-იან წლებში მოსახლეობის ნაწილმა თანხები სახელმწიფო ბანკებში შეიტანა, სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, მათი ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. ბინების უმრავლესობა ვერ დასრულდა, ნაწილის მშენებლობა კი საერთოდ არ დაწყებულა.

1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა და ფინანსთა სამინისტროს ვალის გადახდის წესის შემუშავება დაავალა. პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) ბრძანებულების მიხედვით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების დაფარვის ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა განისაზღვრა. ამ პერიოდიდან 2003 წლამდე რამდენიმე კორპუსის მშენებლობა მართლაც დასრულდა და დაზარალებულებზე ჯამში 2 მილიონი ლარის კომპენსაცია გაიცა.

ამ პრობლემის გადაჭრას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაც შეეცადა. 2009 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის დადგენილებით, ვალის გადახდა თბილისის მერიას დაევალა, რაც ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ დაზარალებულთათვის მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემას ითვალისწინებდა. ამ განკარგულების შემდეგ დაზარალებულთა გარკვეულ ნაწილს ნაკვეთები სიმბოლურ ფასად მართლაც გადაეცათ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი დაზარალებულთათვის ნაკვეთების გადაცემის პროცესი შეჩერდა.

ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემა პირველი რიგის პრობლემად განსაზღვრა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კოოპერატიულ ბინათმშენებლობებით დაზარალებულებთან შეხვედრისას ის აცხადებდა, რომ მათი პრობლემა უახლოეს დროში გადაიჭრებოდა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კოოპერატიული ბინათმშენებლობების პრობლემის შემსწავლელი კომისია შეიქმნა. 2016 წელს მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომლის თანახმადაც კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი ვალდებულების მოგვარება თბილისის მერიას დაევალა. განკარგულების მიხედვით, მერიას დაზარალებულთა მხრიდან ვალზე უარის თქმის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემა მათთვის სიმბოლურ ფასად უნდა უზრუნველეყო. ამ ფორმით 300 ოჯახის დაკმაყოფილება მოხერხდა.

2019 წელს კახა კალაძე აცხადებდა, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ადამიანებს პრობლემას მოუგვარებდა.

როგორც აღვნიშნეთ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულად 3000 -ზე მეტი ოჯახია ცნობილი. 2017-2020 წლის პერიოდში, კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, 18 ერთეული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი განიკარგა, სანებართვო ეტაპზე - 8, ხოლო მშენებლობის ეტაპზე - 4 პროექტი იყო, ინტერესთა გამოხატვა12 პროექტზე გამოცხადდა, 5 პროექტზე ფართებით დასაკმაყოფილებელ პირთა დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობდა.

ჯამში, საანგარიშო პერიოდში, საცხოვრებელი ფართით ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 610 წევრი და მათი უფლებამონაცვლე პირი დაკმაყოფილდა. აღნიშნულ პირებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცათ, სადაც ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულმა კომპანიებმა საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს და დასახელებული პირები ბინებით დააკმაყოფილეს.

ამ ეტაპზე, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 გამარჯვებული კომპანია არის ჩართული. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანიებიდან ექვსს სამშენებლო ნებართვები უკვე მოპოვებული აქვს და მშენებლობაც მიმდინარეობს, ხოლო ათ პროექტთან დაკავშირებით, სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურები გრძელდება. მუნიციპალური ნაკვეთების მოძიებაზე მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ დანარჩენ დაზარალებულებს მსგავსი მოდელით გადაეცეთ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ბინებით დაკმაყოფილების რიგითობა სოციალური ქულით განისაზღვრება და პირველ რიგში, დაბალი სოციალური ქულის მქონე პირები კმაყოფილდებიან. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი თავართქილაძის, ინფორმაციით, დაწყებული პროექტებით, 2021 წლის ბოლოსთვის, ბინებით ჯამში 1300 დაზარალებული ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. თუმცა მომდევნო წლებში, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება და საბოლოოდ, ყველა დაზარალებული ოჯახი ბინით უზრუნველყოფილი იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3308 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი