დეზინფორმაცია: ვაქცინები აუტიზმს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინები აუტიზმს იწვევს. vaxxinfo.ge-მ დეზინფორმაციული შინაარსის სტატია სათაურით „აუტიზმი - აცრის ანოტაციაში“ 2019 წელს გამოქვეყნდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაქცინა Tripedia (DTaP - დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა) ანოტაციაში გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არის ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) და აუტიზმი.

მტკიცება, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ვაქცინებსა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირი არ არსებობს, რაც შესაბამისი რეცენზირებული კვლევებით დასტურდება. რეალურად, ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა და ის მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

2005 წლის Tripedia-ს ვაქცინის ანოტაციაში, გვერდითი მოვლენების სიაში აუტიზმი და უეცარი სიკვდილი მოხსენიებულია, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შეგროვებულია მოხალისეობრივად და მეცნიერული მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ვაქცინასა და აღნიშნულ მოვლენების შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დგინდება.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინის არასასურველი მოვლენის შესახებ ინფორმაციის სისტემის (VAERS) საშუალებით ყველას (ექიმები, პაციენტები, ოჯახის წევრები) შეეძლო განცხადების შევსება და მათ არ სჭირდებოდათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გვერდითი მოვლენა ვაქცინით იყო გამოწვეული. 2006 წელს FDA-ს მიერ ვაქცინების მარკირების წესი შეიცვალა და გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი კონკრეტულ სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება. თუ ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებულ მოვლენასა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, მხოლოდ მაშინ განიხილება, როგორც ვაქცინის გვერდითი მოვლენა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაქცინა Tripedia-ს წარმოება Sanofi Pasteur-მა 2011 წელს შეწყვიტა.

Tripedia-ს ვაქცინის ანოტაციასთან დაკავშირებით მანიპულაციური და დეზინფორმაციული გზავნილები გლობალურად გავრცელდა (იხილეთ ამ თემაზე politifact-ისა და Factcheck.org-ის გადამოწმებული ინფორმაცია).

მითი, რომ ვაქცინა ბავშვებში აუტიზმის რისკს ზრდის, ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეიკფილდის კვლევას უკავშირდება, რომელიც 1998 წელს პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, წითელა, წითურა, ყბაყურას (measles, mumps, rubella - MMR) საწინააღმდეგო ვაქცინა ბრიტანელ ბავშვებში აუტიზმით დაავადების რისკს ზრდიდა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული ნაშრომი დისკრედიტირებულ იქნა სერიოზული პროცედურული შეცდომების, დადგენილი ფინანსური ინტერესთა კონფლიქტისა და ეთიკური დარღვევების გამო. ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო ლიცენზია დაკარგა და სტატია ჟურნალიდანაც ამოიღეს. ჰიპოთეზა, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევდა, რამდენიმე სერიოზული კვლევის სახით გადამოწმდა და რაიმე კავშირი ვაქცინასთან და აუტიზმის განვითარების ალბათობას შორის არ დადგენილა.

CDC-ის თანახმად, არსებობს სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ აუტიზმი მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან დაბადებისთანავე ვითარდება. აღნიშნული ფაქტი კი, აცრასა და აუტისტურ დარღვევებს შორის კავშირს, გამორიცხავს.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.