იტვირთება

მიხეილ სააკაშვილი: ჩემს დროს 7 მილიონამდე ტურისტი იყო, შემდეგ 8 მილიონამდე გამოკრა ხელი, ინერციით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 4.7 მილიონს ( მათ შორის, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა 4.1 მილიონი იყო) შეადგენდა. საერთაშორისო მოგზაურების რიცხვი 7 მილიონს პირველად 2016 წელს მიუახლოვდა, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვმა 7 მილიონს 2018 წელს მიაღწია.

არც 2012 წელს და არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტებისა და საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების, შესაბამისად, ტურისტების რიცხვს 7 მილიონისთვის არ მიუღწევია. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტურიზმზე მსჯელობისას განაცხადა (26:30): „ჩემს დროს 7 მილიონამდე ტურისტი იყო, შემდეგ 8 მილიონამდე გამოკრა ხელი, ინერციით“.

საერთაშორისო მოგზაურების შესახებ სტატისტიკას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს. საერთაშორისო მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის, ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით, გადაადგილდება. ტერმინი როგორც ტურისტებს, ასევე მიგრანტებს (რომლებიც ქვეყანაში 6 თვეზე მეტ ხანს რჩებიან სასწავლო, სამუშაო, ოჯახის გაერთიანების და ა.შ. მიზნით) და იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენეს. საერთაშორისო ვიზიტორები არიან 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაურები, რომლებმაც ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელეს, ხოლო ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე საქართველოს ტერიტორიაზე გაათენა. აღსანიშნავია, რომ განცხადებებში ზემოხსენებული კატეგორიების სინონიმებად გამოყენება გავრცელებული შეცდომაა. მაგალითისთვის, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ კვლევა. ასევე, მცდარი იყო 2016 წელს, ჰოლანდიელი მოგზაურის - ჯასპერ ბლექის, მეექვსმილიონე ტურისტად ან ვიზიტორად მოხსენიება, რადგან 2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვმა 5.4 მილიონ ადამიანს, ხოლო სართაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვმა 6.7 მილიონ ადამიანს მიაღწია. შესაბამისად, ჯასპერ ბლექი იყო მეექვსმილიონე საერთაშორისო მოგზაური.

2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 4.7 მილიონს (მათ შორის. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 4.1 მილიონი) შეადგენდა. უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რიცხვი კი 2.5 მილიონი იყო.

ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურობის და ტურიზმის სტატისტიკა 2011-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვს და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობას, 8 მილიონი კაცისთვის არასდროს მიუღწევია, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების რიცხვმა 7 მილიონს, პირველად, 2017 წელს მიაღწია და 7.9 მლნ მოგზაური შეადგინა. თუმცა, ზემოთ აღნიშნული მიზეზებით, ამ პირების ტურისტებად მოხსენიება, მცდარია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, არაერთი პარამეტრის მიხედვით, არის ტყუილი.

ტურიზმის სფერო, 2019 წელს, ყველა თვალსაზრისით, რეკორდული იყო. ხოლო 2020 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რიცხვი 7.7 მლნ-დან 1.5 მლნ-მდე შემცირდა, რაც ბუნებრივია, პანდემიასთან დაკავშირებულ ჩაკეტვებს უკავშირდებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3184 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი