იტვირთება

ირაკლი აბესაძე: თბილისის მერიამ 12-მეტრიანი ავტობუსები, მსოფლიოს სხვა ქალაქებთან შედარებით, გაცილებით ძვირად შეიძინა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე BMC-ის მარკის დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსი ორ ნაწილად შეისყიდა. პირველ ეტაპზე 126 ერთეული ავტობუსი, სადაც ერთი ავტობუსის ღირებულებამ 250 100 ევრო შეადგინა. 100 ერთეული ავტობუსის შემთხვევაში, ერთი ავტობუსის ღირებულება 248 300 ევრო იყო. ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იგივე ტიპის და მონაცემების 12 და 18-მეტრიანი ერთი ერთეული ავტობუსი მსოფლიოს სხვა ქალაქებმა შედარებით იაფად, კერძოდ, ანკარამ (თურქეთი) - 196 512 ევროდ, კოჩაელმა (თურქეთი) - 219 280 ევროდ, ნოვი სადმა (სერბეთი) – 199 069 ევროდ, პენევეჟისმა (ლიეტუვა) - 188 000 ევროდ შეიძინა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ფასში 18-მერიანი ავტობუსების ღირებულებაც შედის. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ერთი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი, აღნიშნულ ქალაქებს უფრო იაფი დაუჯდათ.

ირაკლი აბესაძემ პოსტში ერთი ერთეული12-მეტრიანი ავტობუსების ფასი, 12 და 18-მეტრიან ავტობუსს შორის ფასთა სხვაობაზე დაყრდნობით გამოთვალა. მისი პოსტის კონტექსტი, რომ თბილისის მერიამ ერთ ერთეულ ავტობუსში უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე სხა ქალაქებმა, სიმართლეა. ამასთან, თბილისის მერიას, ავტობუსების ფასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არგუმენტირებული განმარტება არ გაუკეთებია და არც ტენდერის პირობები გაუსაჯაროებია. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ღიად ხელმისაწვდომი ინფორმაციის ფარგლებში, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

ა(ა)იპ „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ საკუთარ facebook-გვერდზე თბილისის მერიის მიერ შესყიდულ ავტობუსებთან დაკავშირებით შემდეგი პოსტი გაავრცელა: „თბილისის მერიამ ტენდერით შეისყიდა 126 ცალი ავტობუსი, ფასით: 250 100 ევრო ერთი ცალი და უტენდეროდ 100 ცალი ავტობუსი, ფასით: 248 300 ევრო ერთი ცალი. იგივე ავტობუსები შეიძინეს: ანკარა (თურქეთი)- 170 000 ევრო, კოჩაელი (თურქეთი) – 180 000 ევრო, ნოვი სადი (სერბეთი) – 180 000 ევრო, პენევეჟისი (ლიეტუვა) – 188 000 ევრო. ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ გადაიხადა თბილისმა ჯამში 60 მილიონი ლარით მეტი იგივე ავტობუსებში, რომელიც EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით შეიძინა.

თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლება 2016 წელს დაიწყო.

„თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის მიზნით, 2016 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ აირზე მომუშავე 150 ახალი ავტობუსის შეძენა იყო გათვალისწინებული. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა თბილისის მერიას 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის ფონდმა (E5P) თბილისის მერიას 7 მილიონი ევროს გრანტი მისცა.

2019 წლის 29 ნოემბერს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის (EBRD) თბილისის ავტობუსების პროექტის გასაგრძელებლად სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს 80 000 000 ევრო გამოეყო, საიდანაც 64 350 000 ევრო 12-მეტრიან, დაბალიატაკიანი CNG ტიპის, 226 ავტობუსის შესაძენად იყო განსაზღვრული, 14 850 000 ლარი კი - ავტობუსების დეპოს ასაშენებლად.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო კომპანიან 12-მეტრიანი (თანამედროვე, დაბალიატაკიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG)) ავტობუსების და მასთან დაკავშირებული სერვისის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი 2019 წლის სექტემბერში გამოცხადდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულად თურქული კომპანია „BMC OTOMOTIV SANAYI VE TICARET AS“ მიერ წარმოებული მოდელი „BMC PROCITY“ (12M CNG) გამოცხადდა, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის შპს „თეგეტა მოტორსი“. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „თეგეტა მოტორს“-ს შორის 126 ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 37 885 207 ევრო შეადგინა. ხელშეკრულების ღირებულებაში ავტობუსების შეძენის გარდა, მათთან დაკავშირებული სერვისის მომსახურებაც არის ასახული.

სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით (პდფ), კომპანიამ 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე BMC-ის მარკის დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსი ორ ნაწილად შეისყიდა. პირველ ეტაპზე 126 ერთეული ავტობუსი, საიდანაც ერთი ავტობუსის ღირებულებამ 250 100 ევრო შეადგინა. 100 ერთეული ავტობუსის შემთხვევაში, ერთი ავტობუსის ღირებულება 248 300 ევრო იყო.

მათივე ინფორმაციით, კომპანიასა და „თეგეტა მოტორს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე შესყიდვის საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება არ ვრცელდება, ასევე ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ მისი კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებაა ასახული, შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გასაჯაროების შესაძლებლობას მოკლებულია.

როგორც ოფიციალური ინფორმაციით დასტურდება, დედაქალაქის მერიამ 12-მეტრიანი დაბალიატაკიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე BMC-ის მარკის ავტობუსები მართლაც 250 100 და 248 300 ევროდ შეიძინა.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა დაუჯდა სხვა ქალაქებს იდენტური ავტობუსების შეძენა.

თურქეთის დედაქალაქმა ანკარამ ზუსტად ანალოგიური ტიპის - 12 და 18 მეტრიანი დაბალიატაკიანი (Low Floor), კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე BMC-ის მარკის ავტობუსები მიმდინარე წლის აპრილში შეიძინა. 254 ავტობუსში (163 - 12-მეტრიანი, 91 - 18-მეტრიანი) 49 914 031 ევრო გადაიხადა. რადგან დასახელებულ ინფორმაციაში თითოეული ტიპის ავტობუსის ფასი ცალ-ცალკე მითითებული არ არის, ჩვენ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსის საშუალო ფასი გამოვითვალეთ, რის მიხედვითაც ერთი ავტობუსის ღირებულებამ 196 512 ევრო შეადგინა. აღნიშნული ფასი თბილისი მერიის მიერ გადახდილ ფასთან შედარებით ნაკლებია, მით უმეტეს იმის გავითვალისწინებთ, რომ ფასში 18-მეტრიანი ავტობუსის ღირებულებაც შედის, რაც ლოგიკურია, უფრო ძვირი იყოს, ვიდრე 12-მეტრიანი ავტობუსი.

თურქეთის ქალაქმა კოჩაელმა ამავე ტიპის 100 ერთეული ავტობუსი ( 70 - 12-მეტრიანი, 30 -18-მეტრიანი) 2020 წლის ოქტომბერში შეიძინა, რაშიც ჯამში 21 927 938 (212 700 000 ლირა, კურსი 1 ევრო - 9.7 ლირა) ევრო გადაიხადა. იგივე პრინციპით, ერთი ავტობუსის საშუალო ფასი 219 280 ევროა.

სერბეთის ქალაქმა ნოვი სადმა 2020 წლის ივლისში იგივე ტიპის BMC-ის მარკის 29 ავტობუსი (24-12-მეტრიანი, 5-18-მეტრიანი) შეიძინა, რომლის ჯამური ღირებულება 5 773 000 ევრო იყო. აქაც, ჩვენი გამოთვლებით, ერთი ერთეული ავტობუსის საშუალო ფასმა 199 069 ევრო შეადგინა.

რაც შეეხება ლიეტუვის ქალაქ პენევიჟესს, აღნიშნული ტიპის ავტობუსების შესყიდვა 2019 წლის აპრილში განახორციელა. დასახელებულმა ქალაქმა 12 - 12-მეტრიანი ავტობუსი 2 260 000 ევროდ შეიძინა. შესაბამისად, ერთი ავტობუსის ღირებულება 188 333 ევრო იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 12-მეტრიანი განხილული ტიპის ავტობუსების ფასი 2019 წელს - 204 200 ევრო, 2020 წელს - 215 610 ევრო (1 ევრო - 6.63 ლირა) იყო.

როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს, 12 და 18-მეტრიანი დაბალიატაკიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე BMC-ის მარკის ავტობუსების შეძენა, ოთხ ქალაქს საშუალოდ 188 000 ევროდან 219 000 ევრომდე დაუჯდა. დასახელებული ფასები, მიუხედავად იმისა, რომ მასში 18-მეტრიანი ავტობუსის ფასიც შედის, მაინც ნაკლებია, ვიდრე თბილისის მერიის მიერ ერთ ერთეულ ავტობუსში გადახდილი თანხა.

ჩვენ განცხადების ავტორ ირაკლი აბესაძეს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, ფასების გამოსათვლელად, მან საორიენტაციოდ 12 და 18-მეტრიან ავტობუსებს შორის ფასთა სხვაობა აიღო. მხოლოდ შასის სიგრძის გამო, 18-მეტრიანი დიზელზე მომუშავე ავტობუსი 12- მეტრიანზე 110 000 ევროთი ძვირი ღირს. CNG-ის ტიპის ავტობუსების შემთხვევაში 18-მეტრიან ავტობუსი 12-მეტრიანზე 80-90 000 ევროთი ძვირი მაინც არის და ამის მიხედვით გამოთვალა დასახელებულ ქალაქების მიერ შეძენილი 12-მეტრიანი ავტობუსის საორიენტაციო ფასი. მან ასევე აღნიშნა, რომ ერთი 12-მეტრიანი ავტობუსის ზუსტი ფასის განსაზღვრის გარეშეც ცხადია, რომ იგივე მარკის და ტიპის ავტობუსები დასახელებულ ქალაქებში გაცილებით იაფად იყიდეს, ვიდრე თბილისში და სწორედ ამის ახსნა არის საჭირო.

თბილისის მერიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ტელეკომპანია „ფორმულას“ კითხვაზე ქალაქი მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტელევიზიის მიერ ავტობუსებზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ. ამასთან, ქალაქის მერმა დასძინა, რომ 250 000 ევროს გადახდა ავტობუსებში მისაღები იყო და ამის შედეგია, რომ თბილისს, ბევრ ჩვენზე ეკონომიკურად ძლიერ ევროპულ ქვეყანაზე, უკეთესი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰყავს.

ზემოთ განხილულიდან დასტურდება, რომ თბილისის მერიამ სახვა ქალაქებთან შედარებით, ერთი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად უფრო მეტი თანხა გადაიხადა. აღნიშნული ფაქტი, კორუფციულ გარიგებას უკავშირდება, თუ - არა, ან არსებობს, თუ - არა ჩვენთვის უცნობი ობიექტური გარემოებები, რაც ღიად ხელმისაწვდომი არ არის, „ფაქტ-მეტრი“ ამის განხილვაში ვერ შევა, თუმცა მერიის მხრიდან ავტობუსებში გადახდილი თანხის არგუმენტირებული დასაბუთება ჯერჯერობით არ გავრცელებულა. აქედან გამომდინარე, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3297 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი