ლევან ანთაძე: 2012 წლის შემდეგ, [ბათუმის მუნიციპალიტეტის] მერიის სახელფასო ფონდი სამჯერ არის გაზრდილი

ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება, 2012 წლის შემდეგ, გაზრდილია. პარალელურად, იზრდება ბიუჯეტის ასიგნებებიც. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურებისთვის ფაქტობრივად გახარჯულმა თანხამ 7 322 700 ლარი შეადგინა, ხოლო ასიგნებების მოცულობამ - 184 238 700 ლარი. 2019 წელს კი ანალოგიური პარამეტრები, შესაბამისად, 21 970 300 ლარი და 171 591 500 ლარი იყო. რაც შეეხება 2021 წლის გეგმას, მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 25 115 500 ლარი - შრომის ანაზღაურებისთვის და 151 000 000 ლარი - ასიგნებების მთლიანი მოცულობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2015 წლიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახულია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების ასიგნებები, იქ დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც 2 517 ადამიანით იწყება და გარკვეულ პერიოდებში, 2 600-ს აღემატება.

ვინაიდან 2012 წლიდან ასიგნებების მოცულობა გაიზარდა, ჩვენ ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა სწორედ ასიგნებებთან მიმართებით დავთვალეთ. კვლევის თანახმად, 2012 წელს შრომის ანაზღაურების წილი, ასიგნებებთან მიმართებით, 3,97%-ს შეადგენდა, 2019 წლის ფაქტის მიხედვით - 12,73%-ს, ხოლო 2021 წლის გეგმის მიხედვით 15,82%-ს აღწევს. ეს, საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თითქმის 4-ჯერ აღემატება. თუ მხოლოდ ფაქტობრივი მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, ხელფასის მოცულობის წილი, ასიგნებებთან მიმართებით, 2019 წელს 3,2-ჯერ მეტია, ვიდრე საანგარიშო პერიოდის დასაწყისში იყო.

თუმცა, თუ მხოლოდ 2015-2021 წლების ფაქტობრივ მაჩვენებლებს შევადარებთ, როცა ბიუჯეტში უკვე ასახულია ა(ა)იპ-ების დაფინანსების პარამეტრები, გამოვა, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხელფასს უფრო ნაკლები ადამიანი იღებდა, ვიდრე 2015 წელს. ასევე, შრომის ანაზღაურების წილი, 2015 წელთან შედარებით, ოდნავ დაბალი იყო, თუმცა თანხობრივად, ის შესადარებელ პარამეტრს (17 672 900 ლარი) 4 297 400 ლარით აღმატება, მიუხედავად იმისა, რომ მომუშავეთა რიცხოვნობა 8 ერთეულითაა შემცირებული. 2021 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით კი, შრომის ანაზღაურების წილი და დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

უნდა ითქვას, რომ 2014 წლიდან ბიუჯეტში უკვე ასახულია ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ასიგნებები. ორგანიზაციაში დასაქმებულებს ბათუმის ბიუჯეტი 2015 წლიდან აფინანსებს.

განცხადების ავტორი მიმდინარე წლის შრომის ანაზღაურების მოცულობას 2012 წლის მონაცემს ადარებს, რაც არარელევანტურია, რადგან 2015 წლამდე ბიუჯეტში ორგანიზაციების სახელფასო მონაცემები ასახული არ იყო. თუმცა 2021 წლის შრომის ანაზღაურების წილი ასიგნებებთან მიმართებით მაინც მეტია, ვიდრე 2015 წლის ანალოგიური მაჩვენებელი. მთავარი აქ განცხადების კონტექსტია, რომლის მიხედვითაც სახელფასო ფონდი იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიამ არაერთ მოქალაქეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაუმძიმა.

ანალიზი: პოლიტიკოსმა ლევან ანთაძემ განაცხადა: „2012 წლის შემდეგ, [ბათუმის მუნიციპალიტეტის] მერიის სახელფასო ფონდი სამჯერ არის გაზრდილი.“

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

ჩვენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა, ასევე, შრომის ანაზღაურების სახით გახარჯული თანხის მოცულობა, 2014-2021 წლის ბიუჯეტების მიხედვით დავთვალეთ. 2012 წლის ფაქტობრივი მონაცემები სწორედ 2014 წლის ბიუჯეტშია ასახული. საუბარია შტატში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2012 წელს მერიაში 476 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი შრომის ანაზღაურების თანხის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 7 322 700 ლარი შეადგინა. უკვე 2013 წელს ბათუმის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა რაოდენობა 47 ადამიანით გაიზარდა და შესაბამისად, გაზრდილია შრომის ანაზღაურებისთვის ათვისებული თანხის მოცულობაც.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება (ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ჩათვლით), შტატში დასაქმებულმა 2 610-მა ადამიანმა უნდა აიღოს. ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის შემდეგ, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში მომუშავეთა რიცხოვნობა 93-ით იზრდება. შეგახსენებთ, რომ საუბარია მხოლოდ შტატით დასაქმებულებზე.

ცხრილი 1. ბათუმის მუნიციპალიტეტში მომუშავეთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება 2012-2021 წლების ბიუჯეტების მიხედვით

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები: 2015 წლის, 2016 წლის, 2017 წლის, 2018 წლის, 2019 წლის, 2020 წლის, 2021 წლის (ცვლილების შემდეგ)

როგორც ვხედავთ, 2012 წლიდან გაზრდილია არა მხოლოდ შრომის ანაზღაურების თანხის მოცულობა, არამედ - ასიგნებებიც. ამიტომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა ჩვენ სწორედ ასიგნებებთან მიმართებით დავთვალეთ. ცხრილი 1-დან ჩანს, რომ 2012 წელს ანაზღაურების წილი 4%-მდეა, 2016 წელს 15%-ს აღწევს, ხოლო 2017-2018 წლებში კლების ტენდენცია შეინიშნება. თუმცა 2019 წელს ისევ იზრდება და ზრდა გრძელდება 2020 წელსაც, როცა ქვეყანა პანდემიით გამოწვეულ უმწვავეს კრიზისშია. 2021 წლის ბიუჯეტის გეგმით კი, შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის წილი ისევ იმატებს და საანგარიშო პერიოდში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ფაქტობრივად, შრომის ანაზღაურების წილი, ასიგნებებთან მიმართებით, 2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ და მეტად არის გაზრდილი. თუმცა, ვინაიდან მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების სახელფასო ფონდი ბათუმის ბიუჯეტში 2015 წლიდან აისახა, ამიტომ უპრიანი იქნება, თუ შესადარებლად 2015-2021 წლებს ავიღებთ. ასეთ შემთხვევაში კი მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის მოცულობა 1,2-ჯერ მეტია, ვიდრე საანგარიშო პერიოდის საწყის ეტაპზე იყო.

ინფორმაციისთვის, 2015 წლიდან ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ბათუმის ბაღების გაერთიანებაც ფინანსდება და ორგანიზაციაში დასაქმებულთა ხელფასები სწორედ 2015 წლიდანაა გათვალისწინებული.

საბოლოოდ, 2019 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხელფასს უფრო ნაკლები ადამიანი იღებდა, ვიდრე 2015 წელს. ასევე, შრომის ანაზღაურების წილი, 2015 წელთან შედარებით, ოდნავ დაბალი იყო, თუმცა თანხობრივად, ის შესადარებელ პარამეტრს (17 672 900 ლარი) 4 297 400 ლარით აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ მომუშავეთა რიცხოვნობა 8 ერთეულითაა შემცირებული. 2021 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურების წილი და დასაქმებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ასიგნებებთან მიმართებით კი, როგორც ვნახეთ, 2015 წელს შრომის ანაზღაურების წილი 12,93%-ია, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი სახელფასო მოცულობის წილი 15,82%-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობა 13-ით შემცირდა. თუმცა პანდემიის პირობებში, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რიცხოვნობა 76 ადამიანით გაიზარდა და მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ზრდის ტენდენცია გრძელდება.

ლევან ანთაძის მიერ დასახელებული მაჩვენებელი რეალურად არსებულს ზუსტად არ ემთხვევა. თუმცა განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ ბათუმის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სახელფასო ფონდს ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამას ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა თანახმად, 2018 წლის დეკემბერში ბათუმში მცხოვრები 22 433 მოქალაქე რეგისტრირებული იყო მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში, ხოლო 9 449 პირი შემწეობას იღებდა. 2019 წლის დეკემბერში რეგისტრირებულთა და მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, 24 508 და 10 422 პირი შეადგინა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მათმა რაოდენობამ კიდევ მოიმატა. კერძოდ, რეგისტრირებული იყო 28 709 ადამიანი, ხოლო შემწეობის მიმღები - 13 929. მიმდინარე წლის მარტის მიხედვით სიტუაცია დამძიმდა და ახლა ბაზაში რეგისტრირებულია ბათუმში მცხოვრები 29 994 ადამიანი, ხოლო შემწეობას 14 449 პირი იღებს. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიამდეც უარესდებოდა.

ფოტო: batumelebi.netgazeti.ge


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია