იტვირთება

აკმამედ იმამკულიევი: როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვქონდა 180 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა, ხოლო ხელისუფლების დატოვების შემდეგ, 120 სკოლა იყო დარჩენილი

ვერდიქტი: „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, აკმამედ იმამკულიევის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მონაცემებით, 2004-2005 წლებში, საქართველოში 150 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა. 2014 წელს კი მათი რაოდენობა 85-მდე შემცირდა.

ამასთანავე, აღნიშნული ცენტრი მიუთითებს, რომ სკოლები ეთნიკური ნიშნით არ დახურულა და მათი რაოდენობა ოპტიმიზაციის გამო შემცირდა. კერძოდ, 2004-2014 წლებში, ოპტიმიზაციის პროცესის შემდეგ, საქართველოში 3500-დან 2084 სკოლა (40%-ით ნაკლები) დარჩა.

ანალიზი: 2021 წლის 24 აპრილს, მედიაპლატფორმა 24news.ge-ს პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის თავჯდომარე, აკმამედ იმამკულიევმა განაცხადა: „როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვქონდა 180 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა, ხოლო ხელისუფლების დატოვების შემდეგ, 120 სკოლა იყო დარჩენილი“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება განათლების სისტემაშიც არის ასახული. შესაბამისად, საქართველოში, ქართულენოვანი სკოლების გარდა, აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და რუსულენოვანი სკოლები ფუნქციონირებს. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის მონაცემებით, არაქართულენოვანი სკოლების რაოდენობა 2004 წლიდან 2014 წლამდე საგრძნობლად შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2004-2005 წლებში, საქართველოში 150 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ფუნქციონირებდა. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ 2015 წლის კვლევის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 85 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა იყო. აქედან ერთი აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ქალაქ თბილისში ფუნქციონირებდა, ოთხი - კახეთის რეგიონში და ოთხმოცი - ქვემო ქართლის რეგიონში. შესაბამისად, 2004 წლიდან 2013 წლამდე, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა 65 სკოლით შემცირდა.

ცხრილი 1: არაქართულენოვანი საჯარო სკოლები რეგიონების მიხედვით, 2013 წელი

წყარო: „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრი

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 27-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობის მიზნით, ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ინფორმაციით, სკოლები დაიხურა არა ეთნიკური ნიშნით, არამედ ოპტიმიზაციის შედეგად. მაგალითად, ოპტიმიზაციის გამო, საქართველოში, 2004-2014 წლებში, სკოლების რაოდენობა 3500-დან 2084-მდე (40%-ით) შემცირდა.

ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა ნამდვილად შემცირდა, მაგრამ შემცირდა 150–დან 85–მდე და არა 180–დან 120–მდე. ამასთან, შემცირება გამოწვეული იყო სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკით, რომელიც მიზნად სკოლების რაოდენობის ოპტიმიზაციას ისახავდა. „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, აკმამედ იმამკულიევის განცხადება არის მანიპულირება. მართალია აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა შემცირდა, თუმცა კონტექსტი, რომ ეს სახელმწიფომ კონკრეტულად არაქართულენოვანი სკოლების დახურვის მიზნით გააკეთა, არასწორია და საზოგადოება შეცდომაში შეყავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი