გიორგი ფხაკაძე კოვიდვაქცინებზე დაუსაბუთებელ და მანიპულაციურ მტკიცებებს ავრცელებს

23 აპრილს გიორგი ფხაკაძის Facebook ლაივი გავრცელდა, სადაც ის ამტკიცებს, რომ ჩინური ვაქცინა, სინოფარმი, რომელიც საქართველომ შემოიტანა, არ ვარგა და არაფერი ვიცით მის შემადგენლობაზე. მისი თქმით, სინოფარმი ბრიტანული შტამის, ასევე სხვა ახალი შტამების წინააღმდეგ, არ მუშაობს. გიორგი ფხაკაძე ასევე ამტკიცებს, რომ COVID-19-ის ახალი შტამების წინააღმდეგ [ინდური, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული] არცერთი ვაქცინა არ მუშაობს.

გიორგი ფხაკაძის მტკიცებები სინოფარმზე:

• „ტუალეტის წყალი ჩამოიტანე გარეული მარილში, არავინ რომ არ იცის რა არი - ვაქცინაზე [ჩინურ ვაქცინაზე]. კაციშვილმა არ იცის რა არის შიგნით. ვინ დაამტკიცა, ვინ თქვა რა არის შიგნით?!“

• „არ ვარგა ხალხო ჩინური ვაქცინა. ჩინური ვაქცინა არ არის ამ [ბრიტანული] შტამის საწინააღმდეგო.

• ჩინური ვაქცინა, შანსი არ არი. ეს არი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. და არ გვინდა ახლა, ალბათ კარგია ჩინური ვაქცინა. რადგან საქართველოში უკვე 80% (და ამას სამი მუშკეტერი ამბობს) არის ბრიტანული შტამი. ჯერ იყო 70% ახლა 80%, ეს იმას ნიშნავს რომ 3-4 კვირაში მარტო ბრიტანულ შტამზე ვიქნებით დამჯდარი. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანულ შტამზე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში, ერთი მხრივ, ამბობს, რომ სინოფარმზე არაფერი არ ვიცით, შემდგომ კი საკუთარ მტკიცებასვე ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ სინოფარმი ვუჰანურ შტამზე მუშაობს.

მტკიცება, რომ არავინ იცის სინოფარმის ვაქცინის შემადგენლობა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინოფარმი არის ინაქტივირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 2020 წლის დასაწყისში პეკინის ბიოლოგიურ პროდუქტთა ინსტიტუტმა შექმნა. მეცნიერებმა ჩინეთის კლინიკების პაციენტებისაგან კორონავირუსის 3 ნიმუში აიღეს და ერთ-ერთი შეარჩიეს, რომელიც მაიმუნის თირკმლის უჯრედებში ყველაზე სწრაფად მრავლდებოდა. ვირუსის შერჩევის და გამრავლების შემდეგ მოხდა ვირუსის ინაქტივაცია ქიმიური ნივთიერებით. ინაქტივირებულ კორონავირუსს გამრავლება აღარ შეუძლია, თუმცა მისი ცილები, მათ შორის ე.წ. spike ცილა უცვლელი რჩება. მკვლევრებმა ინაქტივირებული ვირუსები მცირე რაოდენობით ალუმინშემცველ ნაერთს - ადიუვანტს შეურიეს, რომელიც იმუნიტეტის სტიმულირებას იწვევს, რათა იმუნური პასუხი გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების წარმოებაში ინაქტივირებული ვირუსები, საუკუნეზე მეტია, გამოიყენება.

სინოფარმის ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია: ის იმუნურ სისტემას ასწავლის, SARS-CoV-2-ის ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები გამოიმუშაოს. ანტისხეულები ვირუსის ცილებს მიემაგრებიან, კერძოდ ე.წ. spike ცილას, რომლითაც ვირუსის ზედაპირია დაფარული.

რამდენად მუშაობს სინოფარმი ბრიტანულ და სხვა შტამებზე?

მწარმოებლის ინფორმაციით, სინოფარმის ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ „საკმაოდ კარგი“ ნეიტრალიზებადი გავლენა ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ შტამებზე, ისევე როგორც სხვა შტამებზე. ლაბორატორიული ტესტირება ბრაზილიასა და ზიმბაბვეში არსებულ ვარიანტებზეც მიმდინარეობდა. კონკრეტული კვლევები და მონაცემები, ბრიტანულ და სხვა შტამებზე სინოფარმის ეფექტიანობის შესახებ, არ გამოქვეყნებულა.

მწარმოებლის ინფორმაციით, მე-3 ფაზის კვლევაში, რომელიც 10 ქვეყანაში ჩატარდა, სინოფარმის ვაქცინის ეფექტურობა 79.3% იყო. არაბთა გაერთიანებული საემიროების კვლევაში კი აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობამ 86%-ს მიაღწია. გიორგი ფხაკაძის ვიდეოს გავრცელების მომენტში, სინოფარმის COVID-19 ვაქცინის ეფექტურობის დეტალური მონაცემები (III ფაზის კვლევა) საჯაროდ არ იყო გამოქვეყნებული. იმ დროისთვის, ჩინეთის ვაქცინის მწარმოებლებს, სინოფარმსა და სინოვაკს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მონაცემები COVID-19 ვაქცინების შესახებ წარდგენილი ჰქონდათ. ჯანმოს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებდა ეფექტურობის დონეზე, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების შესახებ 29 აპრილს იმსჯელა. 3 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) მიერ სინოფარმის ეფექტიანობასა და უსაფრთხობის შესახებ მტკიცებულების შეფასება გასაჯაროვდა. ექსპერტებმა დარწმუნებით განაცხადეს, რომ 18-59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში COVID-ის წინააღმდეგ ამ ვაქცინის ორი დოზა ეფექტიანია. ისინი ზომიერად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აცრის შემდეგ სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი დაბალია.

SAGE-ს შეფასებით, III ფაზის კვლევის შედეგებმა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, აჩვენა, რომ სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია. ცალკეული ქვეყნის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა კიდევ უფრო მაღალია. ბაჰრეინში 18-დან 60-წლამდე ასაკის ადამიანებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%, ხოლო 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში 91% იყო.

აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო, ყველაზე ხშირად - ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. ამასთან, გამოვლინდა ორი შემთხვევა სერიოზული გვერდითი მოვლენის (ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი), რომელიც შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. აღსანიშნავია, რომ კლინიკური კვლევისას, ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) არ დაფიქსირებულა.

ექსპერტების შეფასებით, 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე მტკიცებულებები საკმარისი არ არის. ასევე, ძალიან მწირია მტკიცებულებები თანხმლები დაავადებების მქონე პირებში სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობაზე და უსაფრთხოებაზე.

ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე (Variant of concern) [1] სინოფარმის ეფექტიანობის ან არაეფექტიანობის განსაზღვრისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები. ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინას გარკვეული გამანეიტრალებელი ეფექტი ექნება სხვა შტამების წინააღმდეგ. SAGE-ის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯვარედინი ნეიტრალიზაციის კვლევა მიუთითებს აფრიკული შტამის ნეიტრალიზებას (B.1.351), თუმცა შემცირებული ეფექტურობით. ამავე დასკვნის თანახმად, ეფექტურობის კვლევები სხვა შტამებზე ჯერ არ ჩატარებულა.

7 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სინოფარმს გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. სინოფარმი აღიარებულია 45 ქვეყნის მიერ. გიორგი ფხაკაძის ვიდეოს გამოქვეყნების მომენტში, 23 აპრილს, არ იყო ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანია სინოფარმი ბრიტანულ და სხვა შტამებზე. მოგვიანებით, 3 მაისს, ჯანმოს დასკვნამ დაადასტურა, რომ სინოფარმის სხვა შტამების წინააღმდეგ ეფექტურობა ცნობილი არ იყო და შესაბამისად, 23 აპრილს გიორგი ფხაკაძის მტკიცება, რომ სინოფარმი ბრიტანულ და სხვა შტამებზე არ მუშაობს, იყო მანიპულიაციური.

გიორგი ფხაკაძის მტკიცებები კოვიდვაქცინებზე:

• მე გეუბნებით, არცერთი ვაქცინა, რომელიც ეხლა არის, არცერთი ჩვენ უკვე ვეღარ გვიშველის. აგიხსნით, მეცნიერულად რა ხდება. რაც შეეხება ასტრაზენეკას: ასტრაზენეკა და ჯონსონი & ჯონსონი ჩაფლავდა მთელ მსოფლიოში, მილიარდებია ჩაყრილი - არ ვარგა ეს ორი ვაქცინა, გარკვეული მიზეზების გამო, არ მინდა ახლა წავიდე ძალიან ღრმად.

• „სად ვართ ჩვენ? შენ გაქვს ჩინური ვირუსი. ჩინური ვირუსი როცა შემოვიდა, ფაიზერი, ასტრაზენეკა, ჯონსონი&ჯონსონი, მოდერნა, კი ბატონო, მუშაობდნენ და მუშაობენ ვუჰანის ვირუსის წინააღმდეგ. შენი, სხვათაშორის, ჩინური ვაქცინაც და რუსულიც. ეს ყველა ვაქცინები კი, მუშაობენ ვუჰანის ვირუსის წინააღმდეგ. დაახლოებით 5-6 თვის წინ წამოვიდა ახალი მუტანტები. ერთ-ერთი მუტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში. ის ცოტა სხვანაირი არის და მის საწინააღმდეგოდ ეს შენი ფაიზერი მუშაობს, მაგრამ მთლად კარგად არა, მაგრამ მუშაობს - ოქეი კარგი ამბავი არის. ასტრაზენეკაც მეტნაკლებად, ოქეი, მუშაობს, თავისი მინუსებით და პლუსებით. ოქეი, დავწყნარდით.

• ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანულის საწინააღმდეგოდ. ამას ემატება, რომ წამოვიდა სამხრეთ აფრიკული შტამი - ვირუსი შეიცვალა და გაჩნდა სხვანაირი და შენი ასტრაზენეკა და შენი ფაიზერი და დანარჩენი შენი ვაქცინები არ მუშაობენ ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. და ახლა ჩვენ გვაქვს უსაშინლესი აფეთქება ინდოეთში. ინდოეთის ვირუსი ისეთი არის, რომ არცერთი ვაქცინა მაგის წინააღმდეგ არ მუშაობს.

• „ისრაელში, გვეუბნებიან, რომ ყველა ვინც არის რეინფიცირებული არის ბრაზილიური შტამი - ანუ გვეუბნებიან რომ ფაიზერი ბრაზილიურზე [არ მუშაობს]“.

• „ჩვენ გვაქვს სამი ძალიან საშიში, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური შტამები... ეს ვაქცინები არ მუშაობენ... არც ერთი დამტკიცებული ვაქცინა არ მუშაობს ინდური, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ.

კოვიდვაქცინები და ახალი შტამები

მტკიცება, რომ ასტრაზენეკას და ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინა არ ვარგა და ჩაფლავდა, არის მანიპულირება.

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 7 აპრილს ასტრაზენეკას ვაქცინის (იგივე Vaxzevria) ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის შესაძლო კავშირი დაადგინა, თუმცა ვაქცინის სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო რისკი. განცხადებაში ნათქვამია, რომ COVID-19-ის რისკები ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილთან არის დაკავშირებული. ვაქცინაციის შემდგომ დაფიქსირებული თრომბისა და დაბალი თრომბოციტების კომბინაცია ძალიან იშვიათია. შესაბამისად, ვაქცინის საერთო სარგებელი COVID-19-ის პროფილაქტიკაში გვერდითი მოვლენების რისკს აღემატება. ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომაც, ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლამდე შეაჩერა, რადგან თრომბის შემთხვევები ძირითადად 60 წლამდე ასაკის ქალებში დაფიქსირდა. თუმცა EMA-ს ცნობით, ამჟამინდელი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ კონკრეტული სქესი ან ასაკი აღნიშნული გართულებების რისკჯგუფს წარმოადგენს. ვაქცინაციის შემდეგ, თრომბის განვითარების რისკი წარმოუდგენლად დაბალია 0.0004%. ვაქცინის სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო ზიანი. აღსანიშნავია, რომ გერმანიამ ასტრაზენეკაზე ასაკობრივი ზღვარი მოხსნა, ასტრაზენეკას ვაქცინა ყველა ზრდასრულისთვის [18 წელს ზემოთ] ხელმისაწვდომია. საქართველოში, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასტრაზენეკას ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია.

ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინა ავტორიზებულია EMA-ს და FDA-ს მიერ. აპრილში ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინის გამოყენება განსაკუთრებული [ჭარბი] სიფრთხილის გამო დროებით [11 დღით] შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც 7 მილიონზე მეტი აცრილიდან 6 ადამიანს თრომბოზი განუვითარდა. მათგან ერთი ქალი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკული იყო. ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, ჯონსონი და ჯონსონის ვაქცინაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ვაქცინაციის პროცესი განახლდა.

გიორგი ფხაკაძის მტკიცება, რომ არცერთი კოვიდვაქცინა არ მუშაობს სხვა შტამებზე [ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდური] იყო დაუსაბუთებელი და მანიპულაციური.

ინდოეთში ჩატარებული პირველადი კვლევები მიუთითებდა იმაზე, რომ არსებული ვაქცინები კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგ იმუშავებდა. ინდოეთის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრის (CCMB) ინფორმაციით, ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოვიშილდი [ასტრაზენეკა] და კოვაქსინი (ინაქტივირებული ინდური ვაქცინა) ორივე იცავს B.1.617 ვარიანტისგან (ორმაგი ინდური მუტაცია). ბერლინის Charite hospital-ის მთავარი იმუნოლოგი, კრისტიან დროსტენი კორონავირუსის ახალ ინდურ ვარიანტთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს. მის მიერ მარტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, კორონავირუსის უმრავლესი მუტანტების წინააღმდეგ ახალი თაობის ვაქცინების მხოლოდ „მცირედი განახლება“ იქნება საჭირო. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ არსებული ვაქცინები, მწვავე გართულებებისგან დაცვის კუთხით, კორონავირუსის ინდური ვარიანტის გაკონტროლების პროცესში, სასარგებლო იქნება. იმ ეტაპზე ბუნდოვანი იყო, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა ვაქცინები კორონავირუსის ინდური ვარიანტის წინააღმდეგ. მოგვიანებით, 23 მაისს, ინდურ ორმაგ მუტაციაზე ოქსფორდ/ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა კვლევებით დადასტურდა. ინდური ვარიანტის წინააღმდეგ, ფაიზერი პირველ დოზაზე 33%-ით, მეორე დოზის შემდეგ კი 88%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა. ოქსფორდ/ასტრაზენეკას ვაქცინის ეფექტიანობა პირველ დოზაზე ასევე 33%, მეორე დოზის შემდეგ კი 60%-ია.

პირველ აპრილს კომპანიებმა Pfizer/BioNTech-მა განაცხადეს, რომ შესაბამისი კვლევის შედეგების მიხედვით, მათ მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ის შემთხვევების პრევენციის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში, სადაც B.1.351 შტამი პრევალირებს, 100% აღმოჩნდა.

მეორე მხრივ, 16 აპრილს, ისრაელში ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში, რომლებიც მაინც დაინფიცირდნენ (breakthrough infection), კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების შემთხვევები არაპროპორციული იყო. კერძოდ, აუცრელ ადამიანებს შორის, ინფიცირების 149 შემთხვევიდან კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი 1 შემთხვევაში (0.7%) აღმოჩდა, რაც ქვეყანაში აღნიშნული შტამის დაბალ გავრცელებაზე მიანიშნებს. თუმცა, საგულისხმოა, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს შორის, ინფიცირების 149 შემთხვევიდან კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული ვარიანტი 8 შემთხვევაში (5.4%) დაფიქსირდა. აღნიშნული კვლევის შედეგები მიანიშნებს, რომ ფაიზერი ეფექტურობა, რომელიც ისრაელში ვაქცინაციის პროცესში გამოყენებადი ძირითადი ვაქცინაა, სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ შედარებით დაბალია.

კატარში ჩატარებული კვლევის თანახმად, 385,853 ადამიანზე დაკვირვებით, ფაიზერის ვაქცინის ეფექტიანობა ბრიტანულ შტამზე (B.1.1.7.) 89.5%-ია. სამხრეთ აფრიკულ (B.1.351) მუტაციაზე ფაიზერი 75%-ით ეფექტიანია, მძიმე, კრიტიკული და ფატალური დაავადებისგან დაცვის მაჩვენებელი კი 97.4 %-ია.

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ასტრაზენეკას ვაქცინა დაბალეფექტიანია. კვლევის პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ მისი ეფექტიანობა დაახლოებით 10%-ია. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის დაავადების გართულებისგან დაიცავს. სამხრეთ აფრიკამ ვაქცინაციის პროცესში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა.

New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფაიზერის კორონავირუსის ვაქცინა, ძალზე ეფექტურია ბრაზილიაში პირველად აღმოჩენილი უფრო გადამდები ვარიანტის წინააღმდეგ.

პირველადი ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინის საპასუხოდ გამომუშავებული ანტისხეულები კორონავირუსის ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ აქტიურია, თუმცა შედარებით ნაკლებად ეფექტური. აღნიშნულ საკითხზე მკვლევრები მუშაობას ჯერ კიდევ განაგრძობენ.

20 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის, ინდურის წინააღმდეგ“. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს შორის არის ფაიზერი, ასტრაზენეკა, მოდერნა, ჯონსონ და ჯონსონი და სინოფარმი.

გიორგი ფხაკაძის ვიდეოს გამოქვეყნების დროს იმის გადაჭრით თქმა, რომ კოვდვაქცინები ახალი ვარიანტების წინააღმდეგ იმუშავებდა, რთული იყო. თუმცა, მტკიცებულებების გარეშე, კატეგორიული მტკიცება, რომ კოვიდავქცინები ახალი შტამების წინააღმდეგ არ მუშაობდა, მანიპულაციური იყო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ფხაკაძემ 23 მაისს თავადაც გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლესი კვლევით ფაიზერი და ასტრაზენეკა ინდური შტამის მიმართ ეფექტურია. ამდენად, მისი მხრიდან, 23 აპრილს კატეგორიული მტკიცება, რომ კოვიდვაქცინები ახალი შტამების მიმართ არ მუშაობდა, მისი განცხადების არათანმიმდევრულობასა და მანიპულაციურ ხასიათზე მიუთითებს.

[1] “Variant of concern” – “შეშფოთების ვარიანტი“ - ვირუსის ისეთი „ინტერესის ვარიანტი“, რომლზეც კვლევის შედეგად უკვე დადგინდა, რომ მოცემული შტამი თავდაპირველ შტამზე უფრო მეტად გადამდებია, უფრო მძიმე ფორმის დაავადების გამომწვევია (მაგ., ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა) ან ვაქცინებით გამომუშავებულ იმუნიტეტს არ ემორჩილება. WHO-ს მიერ „შეშფოთების ვარიანტად“ კლასიფიცირებულია ე.წ ბრიტანული შტამი (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკული შტამი (B.1351), ბრაზილიური შტამი (P.1), ინდური შტამი (B.1.617).

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.