იტვირთება

„ალტ-ინფო“: ჰოლოდომორი „ჩვეულებრივი შიმშილი“ იყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 24 აპრილს ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ეთერში (ბმული 1, ბმული 2,ბმული 3, ბმული 4) თურქეთისა და რუსეთის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია და მანიპულაცია გავრცელდა. გადაცემაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება იყო.

„ალტ-ინფო“ თურქეთის დისკრედიტაციისა და რუსეთის უპირატესობის წარმოსაჩენად მცდარი დილემის [1] კლასიკურ მაგალითს გვთავაზობს. ერთ-ერთი წამყვანის, შოთა მარტინენკოს, თანახმად, თურქეთის გარდა, მე-20 საუკუნეში საკმაოდ ცოტაა ისეთი ქვეყანა/ხალხი, რომელმაც გენოციდი მოაწყო. შედეგად, მას გამოაქვს დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში თურქეთთან კონფლიქტი არ გვქონია, თუ ზოგად საფრთხეებზე და იმაზე ვისაუბრებთ, რომელი იმპერია რაზეა წამსვლელი, რუსეთთან ამჟამინდელი მტრობისა და დაძაბულობის მიუხედავად, თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც გენოციდზე წამსვლელია. საპასუხოდ ერთ-ერთმა წამყვანმა, ზურაბ მახარაძემ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ჰოლოდომორის მაგალითი მოიყვანა, რაზეც მარტინენკომ განმარტა, რომ ჰოლოდომორი „ჩვეულებრივი შიმშილი“ იყო, რომელიც ზუსტად იმავე დროს ვოლგისპირეთში, ცენტრალურ რუსეთსა და ყაზახეთში ხდებოდა.

რუსეთის საფრთხისა და ოკუპაციისგან ყურადღების გადასატანად თურქეთის, როგორც საქართველოს უპირველესი საფრთხის, წარმოჩენა პრორუსული პროპაგანდის კარგად ნაცნობი ნარატივია. ანალოგიურ მიზანს ემსახურება „ალტ-ინფოს“ ეთერში გაკეთებული განცხადება, თითქოს მე-20 საუკუნეში თურქეთის გარდა, გენოციდი საკმაოდ ცოტა ქვეყანამ მოაწყო, რუსეთის მიერ განხორციელებული ჰოლოდომორი კი ჩვეულებრივი შიმშილი იყო, ამიტომ საქართველოსთვის თურქეთი უფრო დიდი საფრთხეა, რადგან ის გენოციდზე წამსვლელია.

საერთაშორისო სასამართლოს განმარტებით, გენოციდი მიზნად ისახავს განსაზღვრული ჯგუფის მთლიან ან ნაწილობრივ, მიზანმიმართულ განადგურებას მათი ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ნიშნის მიხედვით. გენოციდი შეიძლება გამოხატული იყოს მკვლელობით, სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით, კონკრეტულ ჯგუფში ისეთი ყოფითი პირობების განზრახ შექმნით, რომელიც ჯგუფის სრულად ან ნაწილობრივ განადგურებისკენ არის მიმართული, ჯგუფში შობადობის წინააღმდეგ მიმართული ზომების გატარებით ან ერთი ჯგუფიდან მეორე ჯგუფში ბავშვთა იძულებითი გადაყვანით.

„ალტ-ინფოს“ ეთერში გაჟღერებული მტკიცებების საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიურ ლიტერატურაში მე-20 საუკუნე ხშირად „გენოციდის საუკუნედაა“ მოხსენიებული (ბმული 1, ბმული 2). საერთო ჯამში, სომეხთა გენოციდის გარდა, მე-20 საუკუნეში სხვადასხვა ხალხის მიმართ 20-ზე მეტი გენოციდის შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის, ჰოლოდომორი 1932-1933 წლებში; პოლონელების გენოციდი ნაცისტური გერმანიის მიერ 1939-1941 წლებში, ინგუშებისა და ჩეჩნების გენოციდი 1944 წელს; ჰოლოკოსტი 1941-1945 წლებში; გენოციდი ბანგლადეშში 1971 წელს; რუანდის გენოციდი 1994 წელს და ა.შ.

ჰოლოდომორი, რომელსაც „ალტ-ინფო“ „ჩვეულებრივ შიმშილად“ მოიხსენიებს, საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინელების დენაციონალიზაციას და მათგან ახალი ფორმის საბჭოთა ერის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. ჰოლოდომორი 16-მა ქვეყანამ გენოციდად აღიარა, მათ შორის, საქართველომ. სტალინმა გეგმის შესრულება უკრაინულ სოფლებში კოლექტივიზაციით დაიწყო, რომლის დროსაც უკრაინელი გლეხები გააკულაკა და ყველანაირი კერძო საკუთრება ჩამოართვა. უკრაინელი გლეხების წინააღმდეგობას სსრკ-ის მიერ მასობრივი გადასახლება მოჰყვა.

1932 წლის 18 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, სოფლებს, რომლებიც ხორბლის ჩაბარების გეგმას ვერ შეასრულებდნენ, გარე სამყაროსთან კავშირი მიზანმიმართულად აეკრძალებოდათ. კრემლმა ისეთი საცხოვრებელი პირობები შექმნა, რომელიც უკრაინელი ერის განადგურებას ემსახურებოდა - მათ საკვებ პროდუქტებზე წვდომა სრულად აეკრძალათ. 1933 წლის 22 იანვარს გამოცემული აქტის მიხედვით, რომელსაც ხელი სტალინმა და მოლოტოვმა მოაწერეს, უკრაინელებს ე.წ. „შიმშილის ზონიდან“ გასვლა არ შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბრძანება სსრკ-ის არცერთ ადმინისტრაციული რეგიონის მიმართ არ გამოცემულა. 1933 წელს უკრაინის სსრ-ში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ 1932-33 წლებში საბჭოთა რეჟიმმა უკრაინის სსრ-ში 7 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილით დახოცა.

ამრიგად, „ალტ-ინფოს“ ეთერში გაჟღერებული მტკიცება, თითქოს ჰოლოდომორი არა გენოციდი, არამედ ჩვეულებრივი შიმშილი იყო, მცდარია. უკრაინელების გენოციდის მსგავსი უარყოფა ტიპური პრორუსული გზავნილია. სტალინის რეჟიმმა შიმშილობა უკრაინაში არარსებულ მოვლენად გამოაცხადა. საბჭოთა კავშირი მრავალი გზით ეცადა, ჰოლოდომორის დანაშაული და 7 მილიონზე მეტი უკრაინელის გენოციდი არ გაეხმაურებინა. ამის მიუხედავად, ჰოლოდომორი საბჭოთა ისტორიის ის ნაწილია, რომელიც კარგად აღწერს კრემლის სასტიკ პოლიტიკას და პოლიტიკური მიზნებისთვის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.

რაც შეეხება 1930-33 წლებში ყაზახეთში არსებულ მასობრივ შიმშილს, აღნიშნულთან დაკავშირებით აკადემიურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა. 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ყაზახებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მარცვლეული ჩამოართვა, ჩამორთმეული მარცვლეულის დიდი ნაწილი კი ქალაქებს გადასცა. შიმშილით დაღუპულთა უმრავლესობა მომთაბარეები იყვნენ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ შიმშილობა საბჭოთა ხელისუფლების მიერ განხორციელებული გენოციდი იყო, რაც ყაზახეთში მომთაბარეების კლასის განადგურებას და ამით კოლექტივიზაციის ხელშეწყობას ემსახურებოდა. მკვლევართა გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყაზახეთში შიმშილი არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი, გარდაუვალი პროცესი იყო, რაც მომთაბარე კლასის მუდმივმოსახლე ჯგუფად გადაქცევას მოჰყვა თან.

„ალტ-ინფოს“ წამყვანის მტკიცების საპირისპიროდ, თითქოს რუსეთი გენოციდზე „წამსვლელი არაა“, საგულისხმოა მე-20 საუკუნეში რუსეთის სფსრ-ის მიერ განხორციელებული გენოციდები, რომელთა შორის, ჰოლოდომორის გარდა, აღსანიშნავია 1944 წელს ჩეჩნების, ინგუშების და ყირიმელი თათრების იძულებითი დეპორტაცია (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) და 1919-33 წლებში მიმდინარე კაზაკების გენოციდი, რაც რუსეთის იმპერიიდან კაზაკების, როგორც კონკრეტული ეთნიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფის გაქრობას ისახავდა მიზნად.

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებებისა, ეთერში კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, თითქოს რუსეთიც კი, რომელიც სომეხთა სტრატეგიული პარტნიორია, მათ გენოციდს არ აღიარებს. რეალურად, რუსეთი სომეხთა გენოციდს აღიარებს - რუსეთის დუმამ 1995 წლის 14 აპრილს 24 აპრილი სომეხთა გენოციდის მოხსენიების დღედ გამოაცხადა.

ზოგადად, რუსეთის უპირატესობის წარმოსაჩენად, მცდარი დილემის შექმნა და ფაქტების ცალმხრივად გაშუქება, პრორუსული პროპაგანდის კარგად ნაცნობი ტექნიკაა. საქართველოში არსებული პრორუსული ძალები უკვე წლებია, ისეთი ხელოვნური დილემის წინაშე გვაყენებენ, რომელიც დღის წესრიგში არ დგას. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული გზავნილი - რუსეთის გარდა, თურქეთის ოკუპანტად წარმოჩენაა. ამ და სხვა საკითხებზე, რითიც ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, იხილეთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანგარიში „დეზინფომეტრი“.

წყაროს შესახებ

„ალტ-ინფო“ ცნობილი ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელი წყაროა, რომელსაც ყალბი და მანიპულაციური ხასიათის ინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია. ISFED-ის ანგარიშის თანახმად, შპს „ალტ-ინფო“ 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, შოთა მარტინენკოა. კომპანიის 50-50%-იან წილებს შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია ფლობენ. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი ორგანიზაცია ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“, 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. ორგანიზაციას, მათივე განცხადებით, კონსტანტინე მორგოშია აფინანსებს, რომელიც 2016 წელს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მცხეთის მაჟორიტარ კანდიდატად იყო წარდგენილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, იგი აქტიურად იყო ჩართული „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებში და 2018 წელს, დაფუძნებული „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ წევრი გახლდათ, სადაც ასევე შედიოდა მაგალითად, საქართველოში მოქმედი ღიად პრორუსული ორგანიზაციის - „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. ვრცლად, „ალტ-ინფოს“ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ მასალაში.

არქივირებული ბმულები:

აშშ სომხების გენოციდს აღიარებს - YouTube

თალაკვაძის გადადგომა, მთავრობის უარი ნამახვანზე მოლაპარაკებებზე, აშშ სომხების გენოციდს აღიარებს - YouTube

ალტერნატიული ინფორმაცია - ალტ-ანალიტიკა (24.04.21) | Facebook

აშშ სომხების გენოციდს აღიარებს | Facebook

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] მცდარი დილემა - ამ ტექნიკას შავ-თეთრ დილემასაც უწოდებენ, როცა ადრესატებს მხოლოდ ორ ალტერნატივას უსახავენ და აქედან ერთ-ერთს, პირდაპირ ან ირიბად, უკეთესად წარმოაჩენენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „მძიმე ვითარებიდან“ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს, მათგან ერთი „ცუდია“, მეორე - "კარგი".


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი