იტვირთება

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, 2020 წელი საქართველოსთვის, ისევე, როგორც მსოფლიოსთვის, განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი ორგანო, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, დასაქმებულთა რიცხოვნობასა და სახელფასო ფონდს მაინც ზრდის.

ერთ-ერთი მათ შორის, ვინც პანდემიის დროს დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს უკვე გაზარდა და 2021 წლის ბიუჯეტიც გაზრდილი სახელფასო ფონდით დაგეგმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა. კერძოდ, 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტში, საკუთრივ ქობულეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოში დასაქმებულ 201 თანამშრომელზე, შრომის ანაზღაურებისთვის 2 189 400 ლარი განისაზღვრა. 2019 წელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობა - ხუთი ერთეულით, ხოლო ხელფასისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა 113 285 ლარით იზრდებოდა.

მოგვიანებით ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები რამდენიმე თვის განმავლობაში, მით უფრო, აჭარის რეგიონში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იყვნენ გადასული, 2020 წლის ბიუჯეტის გეგმით, საკრებულოსა და მერიის შტატში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ ხუთი ერთეულით გაიზარდა, ანუ 2019 წელთან შედარებით, მომუშავეთა რიცხოვნობის ზრდამ სულ 10 ერთეული შეადგინა. თუმცა შრომითი ხელშეკრულებით მომუშავეთა რაოდენობა სამი ერთეულით შემცირდა. ცვლილების შედეგად, მოიკლო შრომის ანაზღაურებისთვის დაგეგმილი თანხის მოცულობამ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილი პასუხით (დანართი 1) ირკვევა, რომ ხელფასების სახით, შარშან დარიცხულია ჯამში 2 165 006 ლარი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში როგორც შტატით, ისე შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების საკითხი შეგვესწავლა. საანგარიშო პერიოდად 2012-2020 წლები ავიღეთ.

აღნიშნული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ოფიციალურად გამოითხოვა. ირკვევა, რომ 2014 წელს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ყველაზე მეტი ადამიანი მუშაობდა, თუმცა ამ პერიოდში არც ერთი შტატგარეშე თანამშრომელი არ ფიქსირდება.

გრაფიკი 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში 2012-2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობა

წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

როგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, თვითმმართველობაში ყველაზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი 2017 წელს იყო დასაქმებული. სამაგიეროდ, ამ დროს შტატში, სხვა წლებთან შედარებით, ნაკლები ადამიანი მუშაობდა. თუმცა დასაქმებულთა ყველაზე დაბალი ჯამური რაოდენობა სწორედ 2017 წელს იყო და ამის შემდეგ კვლავ გაიზარდა. ამ ეტაპზე, მერიასა და საკრებულოში, შტატსა და შტატგარეშე დასაქმებულია ჯამში 222 ადამიანი.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების მოცულობას, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში შტატში და შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულებზე ყველაზე მეტი ხელფასი 2014 წელს გაიცა.

გრაფიკი 2. ქობულეთის საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 2012-2020 წლების მიხედვით (ათასი ლარი)

წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების თანხის მოცულობა, 2014 წლის შემდეგ, კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა 2019 წელს ისევ იმატებს. 2020 წელს, პანდემიის გამო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების გამო, სახელფასო ფონდი მცირდება. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმატებს შტატში მომუშავეთა რიცხოვნობა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა სამი ადამიანით იკლებს.

რაც შეეხება 2021 წლის მაჩვენებლებს, შტატში კვლავ 206 ადამიანია დასაქმებული, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით - 17, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1-ით მეტია. (დანართი 2) ამასთანავე, იზრდება შრომის ანაზღაურების მოცულობაც და 2020 წლის საბოლოო გეგმას - 206 234 ლარით, ხოლო 2019 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს 194 641 ლარით აღემატება. ეს მაშინ, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ შემოსავლები დააკარგვინა, ან შეუმცირა, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კი მკვეთრად გაზარდა. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მარტში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 33 903 მოქალაქეა რეგისტრირებული, ხოლო შემწეობას 11 506 პირი იღებს. შარშან იმავე პერიოდში რეგისტრირებული 29 676 ადამიანი იყო, ხოლო შემწეობას 9 630 იღებდა.


მსგავსი სიახლეები

3062 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი