მამუკა ხაზარაძე: ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარების მიმღები ადამიანების რაოდენობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა ხაზარაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მართლაც ისტორიულ მაქსიმუმზეა, 2021 წლის მარტში ფულადი სოციალური დახმარება [საარსებო შემწეობა] 541,764 ადამიანმა (151,117 ოჯახმა) მიიღო.

პანდემიის პერიოდში, 2021 წლის მარტში - 2020 წლის მარტთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 110,804-ით (32,003 ოჯახი) გაიზარდა. მათგან ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 83,296 ადამიანით (22,378 ოჯახი) გაიზარდა.

საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა ძირითადად მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდამ (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია) განაპირობა, რაც თავის მხრივ, პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. მეორე მხრივ, საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდაზე გარკვეული გავლენა სოციალურად დაუცველთა ბაზებში უკვე რეგისტრირებული პირებისათვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებამ იქონია. [1]

ანალიზი

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარების მიმღები ადამიანების რაოდენობა“.

ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძვლზე ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2021 წლის მარტში ფულადი სოციალური დახმარება [საარსებო შემწეობა] 541,764 ადამიანმა (151,117 ოჯახმა) მიიღო. 2008-2021 წლებში სოციალურად დაუცველთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წლის მარტში დაფიქსირდა. (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2008-2021 წლებში

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

პანდემიის პერიოდში, 2021 წლის მარტში - 2020 წლის მარტთან შედარებით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 110,804-ით (32,003 ოჯახი) გაიზარდა. მათგან ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 83,296 ადამიანით (22,378 ოჯახი) გაიზარდა. (იხილეთ გრაფიკი 2).

გასულ წელს, პანდემიით და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა გაფართოვდა. შესაბამისად, დახმარების მიმღებთა წრეც გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან - 100 ათასის ჩათვლითაა, გაიცა 600-ლარიანი კომპენსაცია (საშუალოდ 100 ლარი თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით). აღნიშნული დახმარება მიიღო 79 158 ოჯახმა. ამასთან, პანდემიის პერიოდში, მრავალშვილიანი ოჯახები, (სადაც არის 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი), რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000 ქულის ფარგლებშია, ასევე 6 თვის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) თვეში 100-ლარიან დანამატს იღებდნენ. პანდემიამდე, 65-101 ათასი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებზე სოციალური შემწეობა (50 ლარის ოდენობით) მხოლოდ 16 წლამდე ბავშვებზე გაიცემოდა. ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან (6 თვის განმავლობაში) 65-დან 100 ათასი სოციალურ ქულის მქონე ოჯახები და ასევე მრავალშვილიანი ოჯახები ზემოთ აღნიშნულ კომპენსაციებს კვლავ იღებენ.

სოციალურად დაუცველთა [საარსებო შემწეობის მიმღებთა] ზრდა გარკვეულწილად პანდემიის პერიოდში პროგრამის გაფართოვებას უკავშირდება. თუმცა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერშიც გაიზრდა, როდესაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი დახმარება არ გაიცემოდა.

გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, 2020 წლის მარტი - 2021 წლის მარტი

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

ზოგადად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო მუდმივად ამოწმებენ. ამასთან, პროგრამას ახალი ბენეფიციარებიც ემატება. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებას. 2020-2021 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან პირდაპირ კავშირშია.

[1] პროგრამების გაფართოების შედეგად საარსებო შემწეობის მიღების კრიტერიუმები დააკმაყოფილა სოციალურად დაუცველთა ბაზაში უკვე რეგისტრირებულ პირთა ნაწილმა, ვისაც პროგრამის გაფართოებამდე საარსებო შემწეობა არ ეკუთვნოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი