ზაურ დარგალი: უახლოეს პერიოდში სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყება
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის დაპირება არ შესრულდა.
რეზიუმე: 2016 წელს, მარნეულის თვითმმართველობამ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მარნეულის ცენტრალური სტადიონის, „ალგეთი არენას“, პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომლის მომსახურება 150 ათას ლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, 2017-2019 წლებში, აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა.
2019 წელს, მერობის კანდიდატის რანგში, ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მარნეულის ცენტრალური სტადიონის გარემონტებას დაჰპირდა.
აღნიშნული დაპირების განსახორციელებლად 2020 წლის სექტემბერში 6 168 906 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 7 თვე, მარნეულის ცენტრალური სტადიონის სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის, თუმცა შემსყიდველს კომპანიისთვის, ავანსის სახით, 616 892 ლარი უკვე გადახდილი აქვს.
ანალიზი
2016 წელს, მარნეულის თვითმმართველობამ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მარნეულის ცენტრალური სტადიონის, „ალგეთი არენას“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სტადიონი UEFA-ს მეორე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა და 1 500 მაყურებელს დაიტევდა. პრეზენტაციაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელმა გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა აღნიშნა, რომ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა.
თანამედროვე სტანდარტების სტადიონი რომ აშენდებოდა, ამას მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამაზ ნავერიანიც დაჰპირდა.
მიუხედავად 2016 წელს გაცემული დაპირებისა, 2017-2020 წლებში აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა.
სტადიონის თემა საკუთარ დაპირებებში 2019 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმაც შეიტანა. მან პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში სტადიონის მოწყობის სამუშაოები დაიწყებოდა და ამისთვის 10 მლნ ლარი დაიხარჯებოდა.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ მარნეულის ცენტრალური სტადიონის საპროექტო/საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 2016 წელს 150 ათას ლარად შეისყიდა. იმის გამო, რომ 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, საჭირო გახდა საპროექტო დოკუმენტაციის განახლება.
თამაზ ნავერიანი, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსის „ალგეთი არენას“ პროექტის პრეზენტაციაზე. 2016 წელი. სურათი აღებულია თამაზ ნავერიანის ფეისბუქ გვერდიდან.
ამის შემდეგ, თითქმის სამწლიანი დაგვიანებით, 2020 წლის 9 ივლისს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი (NAT200008300) გამოაცხადა. ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N52-ში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე 1 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 6 911 722 ლარი იყო. ტენდერში შპს „Construction Service“–მა გაიმარჯვა. 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ, საბოლოოდ, 6 168 906 ლარი შეადგინა. სამუშაოები 12 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მიუხედავათ იმისა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდი თვე გავიდა, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
აქდან გამომდინარე, „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, 2016 წელს მარნეულის თვითმმართველობის დაპირება და 2019 წელს, ზაურ დარგალის დაპირება, რომ მარნეულის ცენტრალური სტადიონი აშენდებოდა, არ შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ შპს „Construction Service“-ის დირექტორი და 55%-იანი წილის მფლობელი გიორგი გაბუნიაა, რომელმაც 2016 წელს 59 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ შესწირა. ამ კომპანიის 40%-ს ფლობს შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენი“, რომლის ამონაწერის თანახმად, 12,5%-იანი წილის მფლობელი გიორგი პერტაიაა. ის ჯერ კიდევ 2018 წელს სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. გარდა ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, 2020 წელს, არჩევნების წინ, 60 000 ლარი აქვს გადარიცხული შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენის“ 12,5% წილის მფლობელ გივი კუბლაშვილს.
ინფორმაციისთვის: მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაუწყია, შემსყიდველმა მას ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ დღეში, 29 სექტემბერს, პროექტის მთლიანი ღირებულების 10% უკვე გადაუხადა, რაც 616 892 ლარს შეადგენს.