იტვირთება

თამარ გოგოლაძე: ჩვენმა ქალაქის მერმა ნაჩუქარი პროექტი შეცვალა, 100 ვოლიერი გაზარდა 300-მდე, რომლის ინვესტიციასაც შეიძლება 20 წელი ელოდო, იმიტომ, რომ თანხაც გაიზარდა

ვერდიქტი: თამარ გოგოლაძის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: 2018 წელს ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ ახალციხის მუნიციპალიტეტს 40 ცხოველზე გათვლილი თავშესაფრის პროექტი გადასცა, ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ ვოლიერების რაოდენობა 40-დან 250-300 მდე გაზარდა. შედეგად, მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაც გაიზარდა. პროექტის პირველ ვერსიაში მშენებლობისთვის მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, ცვლილებების შემდეგ აღნიშნულმა თანხამ 7 მლნ-ს გადააჭარბა. რადგან პროექტი ინტერმუნიციპალურია, ცვლილების შეტანის შესახებ, ახალციხესთან ერთად, გადაწყვეტილება ხუთი მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მიიღო. თავშესაფრის საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს, 35 000 ლარად შეისყიდა, მას შემდეგ ორ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მშენებლობა არ დაწყებულა. როგორც მგფ-დან მოგვწერეს, ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტის განხორციელება გათვალისწინებული არ არის. აქედან გამომდინარე „ფაქტ მეტრის“ დასკვნით, თამარ გოგოლაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი: ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, თამარ გოგოლაძემ, 2020 წლის 27 მაისს განაცხადა: „ჩვენმა ქალაქის მერმა ნაჩუქარი პროექტი შეცვალა, 100 ვოლიერი გაზარდა 300-მდე... რომლის ინვესტიციასაც შეიძლება 20 წელი ელოდო, იმიტომ, რომ [პროექტის განხორციელებისთვის საჭირო] თანხაც გაიზარდა“...

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2018 წელს ა(ა)იპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინიციატივით, „კომპანიონ ცხოველთა სამცხე-ჯავახეთის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის“ პროექტი მოამზადა და რეგიონს უფასოდ გადასცა. თავშესაფრის მშენებლობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. მისი შემდგომი ფუნქციონირებისთვის კი თანხა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის: ადიგენის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხისა და ასპინძის ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად უნდა გამოყოფილიყო.

ის, რომ თავდაპირველად პროექტი 40 ცხოველზე იყო გათვლილი, დასტურდება „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ 2018 წელს გამართული პრეზენტაციითაც. ამ პრეზენტაციაზე პროექტი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა, ლაშა გეგეჭკორმა თვითონ წარადგინა და განაცხადა, რომ თავშესაფარი 40 ცხოველს დაიტევდა. პროექტის განხორციელების მიზნით, ტენდერი 2018 წლის ბოლომდე უნდა გამოცხადებულიყო.

მოგვიანებით, პროექტი თვითმმართველობამ ავტორებთან შეუთანხმებლად შეცვალა. ვოლიერები 40-დან 300-მდე გაზარდა. აღნიშნული საკითხი პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ლაშა გეგეჭკორმა გააპროტესტა. მისი თქმით, თავშესაფრის პროექტისთვის ტენდერის გამოცხადება იმის გამო დაგვიანდა, რომ თვითმმართველობამ პროექტში ცვლილებები დამოუკიდებლად შეიტანა და ვოლიერების რაოდენობა გაზარდა. შესაბამისად, თავშესაფრის მშენებლობას გაცილებით მეტი თანხა დასჭირდება, ვიდრე პირვანდელ პროექტში იყო გათვალისწინებული.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი (SPA180009436) 2018 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანია „კოლოსთან“ 35 000-ლარიანი ხელშეკრულება 2019 წლის 17 იანვარს გაფორმდა. პროექტის მიხედვით, 250-300 ვოლიერიანი თავშესაფარი სოფელ სხვილისთან, იმ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს (საერთო ფართი 23 600 კვ.მ.), სადაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მსგავსი დანიშნულების დაწესებულება ფუნქციონირებდა.

2019 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ განმარტა, რომ თავშესაფარში ვოლიერების რაოდენობა ცხოველებისთვის სასტუმროს მოწყობის ხარჯზე იზრდება. მისი თქმით, სასტუმროში დროებით დაიტოვებენ და მოუვლიან იმ ცხოველებს, რომელთა პატრონები დასასვენებლად ან საქმიანი ვიზიტით გაემგზავრებიან. გარდა ამისა, თავშესაფარში მოქალაქეებს ცხოველების დატოვება გამოკვლევების ჩატარების მიზნითაც შეეძლებათ.

ამ კომენტარიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ თავშესაფრის მშენებლობის ბედი კვლავ გაურკვეველია. ახალციხის მერია და სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ გვირჩია, კითხვებზე პასუხის მისაღებად მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის მიგვემართა.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან „ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში წერია, რომ პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს არ იგეგმება. მათივე ინფორმაციით, 2019 წელს შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მშენებლობისთვის 7 300 000 ლარია საჭირო.

„გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით მომზადებულ იქნა ახალციხის ცხოველთა თავშესაფრის საპროექტო დოკუმენტაცია. პროექტის თანახმად, თავშესაფარი გათვლილია 250 ძაღლზე (250 ზაფხულის ვოლიერი, 250 ზამთრის ვოლიერი), პროექტით დამატებით განსაზღვრულია სხვადასხვა სივრცის მოწყობა, როგორიცაა - კარანტინი, სასეირნო, პოსტოპერაციული და ა.შ.. ასევე, პროექტით უნდა მოეწყოს ადმინისტრაციული შენობა პერსონალისთვის და ავტოფარეხი სპეცტექნიკისთვის, გათვალისწინებულია კრემატორიუმის შენობის მოწყობა შესაბამისი აღჭურვილობით. რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობას, გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული აღნიშნული პროექტის განხორციელება”, – მოგვწერა უწყებამ.

„ფაქტ-მეტრს“ მგფ-სგან ასევე აინტერესებდა, კონკრეტულად რა შეიცვალა თავდაპირველად არსებულ პროექტში, რამდენად ზრდის ეს ცვლილებები მშენებლობის ღირებულებას და რა მიზეზის გამო დაგვიანდა პროექტის განხორციელების დაწყება, თუმცა აღნიშნულ კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3062 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი