რომან გოცირიძე: [ეკონომიკური ზრდა] 2-ჯერ მეტი იყო იმ 9 წლის [ნაციონალური მოძრაობის] განმავლობაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, 2013-2020 წლებში, ეკონომიკა საშუალოდ 2.81%-ით იზრდებოდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, საშუალოდ 6.24%-ით. შესაბამისად, 2004-2012 წლებში, ეკონომიკა 2.2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე 2013-2020 წლებში. 2020 წლის, ანუ პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა. 2004-2012 წლებში, 2009 წლის გამოკლებით, ეკონომიკა საშუალოდ 7.48%-ით იზრდებოდა, ხოლო 2008 და 2009 წლის გამოკლებით 8.2%-ით. შესაბამისად, რომან გოცირიძის მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება.

რადგან განცხადების კონტექსტი ცალსახად კრიტიკაა, რელევანტურია საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკის შედარება რეგიონის ქვეყნებთან, ვინაიდან საქართველო ღია ეკონომიკის ნაწილია და ეკონომიკურ კონიუნქტურაზე, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს. შედარებისთვის, მიზანშეწონილია მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის გამოყენება, რომელშიც საქართველოს გარდა 22 ქვეყანა შედის. 2004-2012 წლებში, საშუალო რეგიონალური ეკონომიკური ზრდა 5.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2013-2019 წლებში, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 3.5%-მდე შენელდა. შესაბამისად, 2013-2019 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონალურ ზრდაზე მაღალი იყო. უშუალოდ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, 2004-2012 წლებში, ეკონომიკა 7.6%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2019 წლებში 3%-ით, რასაც ბუნებრივია, საქართველოზეც ექნებოდა გავლენა.

ანალიზი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: „ეკონომიკური ზრდა 8 წლის განმავლობაში იყო 2.75% საშუალოდ წლიური. პანდემიური წლის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკური ზრდა იყო 3.9%. იმ 9-წლიანი მმართველობისას იყო 2.3-ჯერ მეტი, ვიდრე ამ მმართველობის. თუ გამოვაკლებთ ანალოგიურ კრიზისს, მაშინ სადღაც 2-ჯერ მეტი იყო ეკონომიკური ზრდა“.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს. მშპ-ს ზრდა, საბაზისო წლის ფასებში გამოსახული რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილებით იზომება, რაც ზრდაში ინფლაციის ეფექტს გამორიცხავს. დამატებით განმარტებას საჭიროებს ფაქტი, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რამაც საქართველოს მშპ-ს მაჩვენებლის ზრდა გამოიწვია. სხვადასხვა წელს ზრდა განსხვავებულია. შესწორებებს მშპ-ს მონაცემები 2010 წლის შემდგომ დაექვემდებარა, შესაბამისად, 2003-2012 წლების შედარებისთვის გამოყენებული ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემებია, რაც მშპ-ს დინამიკის გამოთვლის ვალიდურ წყაროს წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, 2013-2020 წლებში, ეკონომიკა საშუალოდ 2.81%-ით იზრდებოდა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, 2004-2012 წლებში, საშუალოდ 6.24%-ით. შესაბამისად, 2004-2012 წლებში ეკონომიკა 2.2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე 2013-2019 წლებში. 2020 წლის, ანუ პანდემიური კრიზისის გამოკლებით, 2013-2019 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 4.09%-ით იზრდებოდა. 2004-2012 წლებში, 2009 წლის გამოკლებით (ეკონომიკური კრიზისის), ეკონომიკა საშუალოდ 7.48%-ით იზრდებოდა, ხოლო 2008 და 2009 წლის გამოკლებით - 8.2%-ით. შესაბამისად, რომან გოცირიძის მიერ დასახელებული რიცხვები სიმართლეს შეესაბამება.

გრაფიკი 1: ეკონომიკის ზრდა საქართველოში, 2004-2020 წლებში, (%)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისების შედარება პირობითია და ბუნებრივია, მათი გავლენა ეკონომიკაზე სხვადასხვანაირი იყო. ასევე, საქართველო ღია ეკონომიკის ნაწილია და ეკონომიკურ კონიუნქტურაზე, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორებიც მოქმედებს. აღნიშნული თვალსაზრისით, რელევანტურია საქართველოს ეკონომიკური განვითარების დინამიკის შედარება რეგიონის ქვეყნებთან. შედარებისთვის, მიზანშეწონილია მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის გამოყენება, რომლშიც საქართველოს გარდა 22 ქვეყანა შედის. 2004-2012 წლებში, საშუალო რეგიონალური ეკონომიკური ზრდა 5.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2013-2019 წლებში, ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 3.5%-მდე შენელდა. შესაბამისად, 2013-2019 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონალურ ზრდაზე მაღალი იყო. უშუალოდ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, 2004-2012 წლებში ეკონომიკა 7.6%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2019 წლებში 3%-ით, რასაც ბუნებრივია, საქართველოზეც ექნებოდა გავლენა.

გრაფიკი 2: ეკონომიკური ზრდა საქართველოში და რეგიონში, %, 2004-2019 წლებში

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი