იტვირთება

„ქართული ოცნების“ განცხადებები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალა.

რეზიუმე: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა იყო. ბოლო პერიოდში ნამახვანის ჰესების კასკადის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ა.შ. აქტიურად საუბრობდნენ დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე. მეტიც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ყოველწლიურად მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს.

ანალიზი:

2019 წლის 19 მარტს ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, მოლაპარაკებები დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადს კომპანია „ენკა“ ააშენებს.

ნამახვანჰესის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტია, რომელიც 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ხორციელდება. ნამახვანის კასკადის პროექტი რიონის ხეობაში ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას გულისხმობს: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). ქვემო ნამახვანჰესის წყალსაცავის ზედაპირის სარკის ფართობი იქნება 5.1 კმ2“.

რამდენიმე თვეა, რაც ადგილობრივი მოსახლეობა, ე.წ. „რიონის მცველები“, გარემოსდამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით რამდენიმე მრავალათასიანი აქცია ქუთაისშიც გაიმართა. გასული თვეების განმავლობაში, რიონის ხეობაში პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება არაერთხელ დაიძაბა. დაპირისპირება განსაკუთრებით 2021 წლის მარტის მეორე ნახევარში და აპრილის პირველ ნახევარში გამძაფრდა. პროტესტის მონაწილეები ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის არსებული კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნით, ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და კომპანიისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების შესახებ განკარგულება უნდა გაუქმდეს და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ე.წ. „რიონის მცველების“ პროტესტის ფონზე, მმართველი გუნდის ლიდერები ნამახვანჰესის და ზოგადად დიდი ჰესების საჭიროებაზე საუბრობენ. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ენერგომოხმარებაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ყოველ წელს ქვეყანაში მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც არაერთი განცხადება გააკეთა. 2021 წლის 8 თებერვალს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგია აღარ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, ახალი ჰიდროსადგურები უნდა აშენდეს, მსხვილი და მცირე სადგურებიც უნდა აშენდეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სერიოზულ კვლევებზე დაყრდნობით. ჰესების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების პოზიციის მიხედვით, ნებისმიერი ასეთი მასშტაბური პროექტი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებში.

საყურადღებოა, რომ მთავრობის მეთაურის და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების ბოლოდროინდელი განცხადებები არსებითად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ თავდაპირველ - გაცხადებულ პოზიციას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საარჩევნო პროგრამის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო, „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“. ასევე, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების გამოყენების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ამ სახის ინდივიდუალური სისტემების გავრცელების მხარდაჭერა, ენერგოეფექტიანობის გაზრდისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება; ქვეყანაში ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდისა და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, მიკრო და მცირე ჰესების მშენებლობის, აგრეთვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის ხელშეწყობა. [1]

აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პოზიცია არსებითად შეიცვალა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვა იყო, თუმცა დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰესების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია მიხეილ სააკაშვილმაც არსებითად შეიცვალა. აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

ფაქტ-მეტრი არ ახდენს პოზიციის ცვლილების მორალურ შეფასებას ან განსჯას. თუ მოქალაქეთა ერთი ნაწილის შეხედულებით პოზიციის ცვლილება პრინციპებში მერყეობის ან/და მყარი ღირებულებების უქონლობის ნიშანია, სხვათა შეხედულებით ეს კომპრომისზე მზაობისა და პრაგმატიზმის მაჩვენებელია. როგორც კლასიკური ფაქტჩეკინგის შემთხვევაში, პოზიციის ცვლილების გადამოწმების (FLIP-O-METER) ფარგლებშიც, ჩვენი მიზანია საზოგადოებას, უფრო ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად, ხელი შევუწყოთ.

[1] საარჩევნო ბლოკის, „ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გვ. 55


მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი