იტვირთება

ამირან გამყრელიძე: „ჩინეთის განცხადება ეხებოდა, არა „სინოფარმის“, არამედ „სინოვაკის“ ვაქცინას

10 აპრილს, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ COVID-19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინებისა და იმუნიზაციის სტრატეგიების შესახებ ქალაქ ჩენდუში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა: „ჩვენ გადავჭრით იმ საკითხს, რომ ამჟამად არსებულ ვაქცინებს დაცვის ძალიან მაღალი ხარისხი არ გააჩნიათ“. ამასთან, ფუმ ვაქცინების ეფექტურობის გაზრდის გზებიც განიხილა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედიის მიერ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამ განცხადების გაშუქების შემდეგ, გაო ფუმ უარყო, რომ ის ჩინურ ვაქცინებზე საუბრობდა. მისი თქმით, საკითხს არასწორი ინტერპრეტირება მიეცა, რადგან, სინამდვილეში, ის ზოგადად, მსოფლიოში არსებული ვაქცინების და არა კონკრეტულად ჩინური ვაქცინების ეფექტურობის ხარისხზე მსჯელობდა.

საქართველოს ჩინეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა აქვს შეძენილი. კიდევ ერთი ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზას კი ჩინეთის მთავრობა საქართველოს ჩუქნის.

12 აპრილს, ქართულ მედიაში გავრცელდა მანიპულაციური ინფორმაცია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი ჩინური ვაქცინა არაეფექტურია“.

საქართველოს მიერ შეძენილ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩინეთის განცხადება, ეხებოდა არა კონკრეტულად „სინოფარმს“, რომელიც საქართველოშია შემოტანილი, არამედ „სინოვაკს“.

სინოფარმი და სინოვაკი ინაქტივირებული ვაქცინებია, ისინი დიდი ხნის წინ დანერგილი ტექნოლოგიას ემყარება, რომელიც ისეთი დაავადებების სააწინააღმდეგო ვაქცინებში გამოიყენება, როგორიცაა ჰეპატიტი B ან გრიპი. ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინოვაკის ვაქცინა სიმპტომური კორონავირუსის პროფილაქტიკაში 50.7%-ით ეფექტურია. ინდონეზიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა 78% იყო. რაც შეეხება სინოფარმის ვაქცინას, III ფაზის კვლევაში, რომელიც 10 ქვეყანაში ჩატარდა, ვაქცინის ეფექტურობა 79% იყო. არაბთა გაერთიანებული საემიროების კვლევაში კი აღნიშნული ვაქცინის ეფექტურობამ 86%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული COVID-19 ვაქცინები mRNA– ს ვაქცინების BioNTech / Pfizer და Moderna–ს ეფექტურობის მაჩვენებელზე (95%-ზე მეტი) დაბალია, ისინი მაინც ეფექტურია. ჩინური წარმოების ვაქცინების ეფექტიანობა სხვადასხვაა, თუმცა ყველა მათგანი აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ 50%-იან ზღვარს.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე საუბრისას, გაო ფუს კონკრეტული ვაქცინები არ დაუსახელებია, თუმცა ის ვაქცინების დაცვის ეფექტურობის გაზრდაზე მსჯელობდა, ხოლო სიმპტომური კორონავირუსის პროფილაქტიკაში ეფექტურობის თვალსაზრისით „სინოვაკის“ ვაქცინა (50.7%) სხვა კოვიდვაქცინებს გაცილებით ჩამოუვარდება. BBC-ის ინფორმაციით, „ჯორჯ გაომ, ქვეყნის მთავარმა პირმა დაავადებათა კონტროლის კუთხით, კვირის ბოლოს მართლაც განაცხადა, რომ ვაქცინების შერევამ მათი ადმინისტრირებისას შესაძლოა, უკეთესი შედეგი გამოიღოს იმ ვაქცინების შემთხვევაში, რომელთა დაცვის ხარისხიც ძალიან მაღალი არაა. აღსანიშნავია, რომ ის მკაფიოდ არ საუბრობდა ჩინურ ნაწარმზე. თუმცა Sinovac Biotech-ის ვაქცინამ აჩვენა, რომ მისი ეფექტურობა 50 პროცენტზე ოდნავ ნაკლები ან ოდნავ მეტია. უცხოური კონკურენტები, მოდერნა და ფაიზერი 90 პროცენტს მიღმა არიან, ასტრაზენეკა კი 90-60 პროცენტს შორისაა. ამიტომ, როგორც ჩანს, ის [გაო ფუ] ჩინურ ნაწარმზე საუბრობდა“.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2924 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი