Covid-19-ის ვაქცინების გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 11 მარტს, Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ Covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მოცემულია ცხრილი, რომელიც შორე შანიძის მტკიცებით, ვაქცინების ლეტალობასა და მძიმე შედეგებს ასახავს. ცხრილის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით გამოწვეული მძიმე შედეგები 30%-ია, Moderna-ს შემთხვევაში 49%, ხოლო AstraZeneca-სი - 72%. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პოსტში მოცემული ცხრილი გერმანულ ენაზე, ხოლო პოსტზე ინფორმაციის წყაროდ EudraVigilance (EMA-ს ბაზაზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილების სისტემა) არის მითითებული. რეალურად, ცხრილზე დატანილი წარწერების მიხედვით, პირველ სვეტში მოცემულია ვაქცინების დასახელებები, მეორეში - გვერდითი შემთხვევების რაოდენობა, მესამე სვეტში - მძიმე/სერიოზული გვერდითი მოვლენები, მეოთხე სვეტში კი - მეორე სვეტში დაფიქსირებულ გვერდით მოვლენათაგან რამდენია მძიმე/სერიოზულ შემთხვევათა პროცენტული წილი. ამრიგად, ცხრილში წარმოდგენილი რიცხვები არა EudraVigilance-ის სისტემაში დაფიქსირებულ ლეტალობის შემთხვევებს, არამედ ვაქცინასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებს ასახავს.

ცნობისთვის, EudraVigilance (European database of suspected adverse drug reaction reports) ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ გვერდით მოვლენებს ასახავს. აქვე აღსანიშნავია, რომ Facebook-პოსტში მოცემული ცხრილი EudraVigilance-ის ვებგვერდზე არ იძებნება. თუმცა, ცხრილზე გაკეთებული წარწერის მიხედვით დადგინდა, რომ ფოტოს ორიგინალი ვერსია „Fact Sheet Austria“-ს Telegram არხზეა განთავსებული.

ზოგადად, EudraVigilance-ის სისტემაში სხვადასხვა მედიკამენტისა თუ Covid-19-ის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების განთავსება სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს თანაბრად შეუძლიათ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი შეტყობინების თანახმად, ბაზაში დაფიქსირებული საეჭვო გვერდითი მოვლენები - ამა თუ იმ მედიკამენტის თუ აქტიური ნივთიერების მიმართ, არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ეს გვერდითი მოვლენები აუცილებლად ამ ნივთიერებებისა თუ მედიკამენტების გამოწვეულია. მსგავსი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და დასკვნების გამოტანა (სამედიცინო პრეპარატის სარგებლიანობასა და რისკებზე) მხოლოდ შემდგომი დეტალური სამეცნიერო კვლევა-გამოძიებით არის შესაძლებელი. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინდივიდუალური შემთხვევების რაოდენობა დაფიქსირებულ გვერდით მოვლენების რაოდენობას ყოველთვის არ ემთხვევა, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სისტემაში ერთ პირს თავის შეტყობინებაში ერთზე მეტი გვერდითი მოვლენა შეუძლია დააფიქსიროს. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ცხრილი EudraVigilance-ის მონაცემებსაც რომ ეყრდნობოდეს, კონკრეტული დადასტურებული დასკვნის გამოტანა, რომ ესა თუ ის გვერდითი მოვლენა რომელიმე ვაქცინის ან მედიკამენტის გამოწვეულია, დაუდასტურებელია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონაცემები/სტატისტიკა კოვიდვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ ინტერნეტსივრცეში არ იძებნება.

წყარო- https://www.adrreports.eu/

მიუხედავად ცხრილის პირველწყაროს დადგენისა (Telegram არხი), მაინც გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაში/ქვეყნებში ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილ გვერდით მოვლენებზეა საუბარი. შესაბამისად, ზოგადად ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილ მძიმე/სერიოზულ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით შეგვიძლია ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ს მაგალითზე ვისაუბროთ. მარტის შუა რიცხვების მონაცემების თანახმად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში აცრილი 60 მილიონამდე ადამიანიდან, სერიოზული გვერდითი რეაქცია ვაქცინირებულთა 16,8%-ს დაუფიქსირდა და ამ გვერდით მოვლენებს ფატალური შედეგი არ მოჰყოლია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის (CDC)-ის თანახმად, ვაქცინაციის შემდგომ სერიოზული გვერდითი მოვლენა, მწვავე ალერგიული რეაქციის სახით, ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოვლინდა. VAERS-ის სისტემაში ასახული მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ვაქცინირებულთაგან ყოველ მილიონ ადამიანში მწვავე ალერგიული რეაქცია 2-დან 5-მდე პირს გამოუვლინდა.

შესაბამისად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით გამოწვეული მძიმე შედეგები და ლეტალურობის მაჩვენებელი Pfizer/BioNTech-ის შემთხვევში 30%-ია, Moderna-სი 49%, ხოლო AstraZeneca-სი - 72%, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.