იტვირთება

ირაკლი კობახიძე: ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი. მარტივი აქსიომაა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრის ერთიანი, სამართლებრივი და ოფიციალური განმარტება არ არსებობს. შესაბამისად, ტერმინი „პოლიტიკური პატიმარი“ არაოფიციალურ სტატუსს წარმოადგენს, რომელიც, ფართო გაგებით, გულისხმობს პირის სისხლისსამართლებრივ დევნას მისი პოლიტიკური მრწამსის და/ან მისი საქმიანობის გამო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1900 (2012) განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლის არსებობის შემთხვევაში, პირი შეიძლება პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნეოდეს. სწორედ, ამ კრიტერიუმებს დაეყრდნო საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წელს გამოცემული კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც პარლამენტმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი 190 ადამიანს მიანიჭა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის 1900 (2012) და „საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ გზამკვლევის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრის ცნება ადამიანის პოლიტიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება. პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც მართლმსაჯულება მიკერძოებულად მიმდინარეობს და/ან ამ პირის წინააღმდეგ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება.

ანალიზი:

2021 წლის 30 მარტს, ევროკავშირის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ, შეთანხმების ჩაშლაში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ოპოზიცია იყო თავიდანვე გაღიზიანებული იმით, რომ მოდერატორმა, კრისტიან დანიელსონმა საერთოდ არ შეიტანა პუნქტი არჩევნებთან დაკავშირებით და ბოლომდე ამასთან დაკავშირებით ჰქონდა პრინციპული პოზიცია და აქედან გამომდინარე, დააყენა ერთი ულტიმატუმი ოპოზიციამ და მეორე ულტიმატუმი უკავშირდებოდა რურუას თემას. ეს ორი ულტიმატუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ დიალოგის გაგრძელებამ დაკარგა აზრი“. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 1 აპრილს გიორგი რურუას პატიმრობის და მისი გათავისუფლების საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი. მარტივი აქსიომაა. აქ ხომ რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ“. მომდევნო დღეებში ანალოგიური განცხადება „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმაც, მამუკა მდინარაძემ, ბექა დავითულიანმა და ალუდა ღუდუშაურმაც გააკეთეს.

„ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. მოცემული სტატიის მიზანს არ წარმოადგენს, რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ არსებული სიხლისსამრთლებრივი საქმის შეფასება. სტატია მიზნად ისახავს, გაარკვიოს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს პირს პოლიტიკური პატიმარი და ამ სტატუსისთვის საჭიროა, თუ - არა პირი იყოს პოლიტიკოსი. შესაბამისად, აღნიშნულ სტატიაში „ფაქტ-მეტრი“ მიმოიხილავს არა გიორგი რურუას პოლიტპატიმრობის საკითხს, არამედ, ზოგადად, ამ ტერმინის შინაარსს.

ვინ შეიძლება იყოს პოლიტიკური პატიმარი?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრის ერთიანი, სამართლებრივი და ოფიციალური განმარტება არ არსებობს. შესაბამისად, ტერმინი „პოლიტიკური პატიმარი“ არაოფიციალურ სტატუსს წარმოადგენს, რომელიც ფართო გაგებით, გულისხმობს პირის სისხლისსამართლებრივ დევნას მისი პოლიტიკური მრწამსის და/ან მისი საქმიანობის გამო.

ამის მიუხედავად, 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მერვე მოწვევის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. კანონის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და მიაჩნია, რომ საქართველოში დღეს არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამ კანონის შესაბამისად აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას“.

ამნისტიის კანონი ჯამში 17000-მდე პატიმარს შეეხო. ამასთან, პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით განისაზღვრა, 190 პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირთა სია, რომლებმაც 2013 წლის 13 იანვარს ციხეები პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვეს. აღნიშნული სია მოწმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი იმ პირებსაც მიანიჭა, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პიროვნული თავისუფლება აღკვეთილი პირი განიხილება როგორც პოლიტპატიმარი:

ა) თუ დაკავება მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით (ECHR) განსაზღვრული ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების დარღვევით, კერძოდ, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფით.

ბ) თუ პატიმრობა დაწესებულია წმინდა პოლიტიკური მიზეზების გამო, რაიმე დანაშაულთან კავშირის გარეშე.

გ) თუ პოლიტიკური მოტივით, დაკავების ხანგრძლივობა ან მისი პირობები აშკარად არ შეესაბამება იმ დანაშაულის პროპორციულობას, რომლის ჩადენაშიც პირი არის ეჭვმიტანილი ან დამნაშავედ ცნობილი.

დ) თუ სხვა პირებთან შედარებით, პირის დაკავება ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

ე) თუ დაკავება არის სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლოდ წარიმართა და ეს პროცესი ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.

აღნიშნული რეზოლუციის გარდა, 2012 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების მიერ პოლიტიკური პატიმრების საკითხების შესწავლა“ ფარგლებში, „საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ გზამკვლევი გამოიცა. დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკურ პატიმრად შესაძლოა, მიჩნეული იყოს პირი, რომელიც:

ა. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს საქართველოს კონსტიტუციით და/ან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევით, როგორიცაა აღმსარებლობის თავისუფლება, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება;

ბ. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით და არა რაიმე დანაშაულის ჩადენის გამო;

გ. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს მისი ოჯახის წევრის, ნათესავის ან ახლობლის პოლიტიკური აქტიურობის გამო.

დ. სამართალდამრღვევად, ბრალდებულად ან/და დამნაშავედ ცნეს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე და რომლის დაკავების, პატიმრობის ან/და თავისუფლების აღკვეთის ვადა ან მისი პირობები მკვეთრად არაპროპორციულია ჩადენილ დანაშაულთან.

ე. პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლებააღკვეთილ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში;

ვ. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს აშკარად არასამართლიანი სამართალწარმოების შედეგად და ეს სავარაუდოდ უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებს.

ზ. დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს სამართალდარღვევის ან დანაშაულისთვის, რომელიც პროვოცირებული იყო პოლიტიკური მოტივაციით, ხელისუფლების ან/და სხვა დაინტერესებული პირების მიერ.

გზამკვლევის მიხედვით, აღნიშნული კრიტერიუმები ევროსაბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ასევე, საქართველოში არსებულ პრაქტიკასა და ტენდენციებს ეფუძნება.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ასევე „საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ გზამკვლევში განსაზღვრული კრიტერიუმები მოწმობს, რომ პოლიტიკური პატიმრის ცნება ადამიანის პოლიტიკური საქმიანობით არ შემოიფარგლება. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც, მართლმსაჯულება მიკერძოებულად მიმდინარეობს და/ან ამ პირის წინააღმდეგ ხელისუფლების ინტერესი იკვეთება. პოლიტიკური პატიმრის, ამგვარ დეფინიციას თავის დროზე „ქართული ოცნებაც“ ეთანხმებოდა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 2012 წლის 5 დეკემბერს პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რომლის საფუძველზეც 2012 წლის ამნისტიის კანონის ფარგლებში, 190 ადამიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით დატოვებდა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2920 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი