იტვირთება

დეზინფორმაცია დასავლური ვაქცინების ცუდი ხარისხის, რუსული ვაქცინის უპირატესობის შესახებ

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

რეზიუმე

Facebook-მომხმარებლის, ალექსანდრე ყანთელაძის, მიერ გავრცელებული ინფორმაცია პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია/პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. ის შეიცავს მანიპულაციურ და მცდარ ინფორმაციას რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის, დასავლეთში შექმნილ ვაქცინებთან შედარებით უპირატესობის შესახებ, საპირისპიროდ კი, დასავლური ვაქცინები უხარისხოდ არის შეფასებული.

რეალურად, რუსული ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერჯერობით მკაცრი მარეგულირებლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადასტურებული არაა, მაშინ, როცა დასავლურმა ვაქცინების (ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, ჯონსონი&ჯონსონი) ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებითა და შეფასებებით დადასტურებულია. მეტიც, ფაიზერისა (95%) და მოდერნას (94,1%) ეფექტიანობა Sputnik V-ის (რუსული მხარის მტკიცებით, 91,6%) სავარაუდო ეფექტიანობაზე მეტია. ასევე ყალბია პოსტში მოცემული ინფორმაცია, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები დასავლური ვაქცინების გამოყენებას აჩერებენ და რუსული ვაქცინის ყიდვის რიგში დგებიან. მათ უმრავლესობას რუსული ვაქცინისთვის ავტორიზაცია არ მიუცია და არც ყიდვას აპირებს, ხოლო დასავლური ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესს აგრძელებენ. გარდა ვაქცინებისა, ალექსანდრე ყანთელაძე წერს, რომ სამედიცინო, სამხედრო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის სფეროები რუსეთში აშშ-ზე წინაა. თუმცა, სინამდვილეში, დასახელებული სფეროების საერთაშორისო რეიტინგებში აშშ-ს რუსეთზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს. ჩამოთვლილი დეზინფორმაციების გარდა, პოსტში გაჟღერებულია პრორუსული პროპაგანდის გზავნილები მოლდოვასა და უკრაინის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ.

ანალიზი

Facebook-მომხმარებელმა, ალექსანდრე ყანთელაძემ, რომლის მოსაზრებებიც ისეთ ანტიდასავლურ და პრორუსულ გამოცემებში ქვეყნდება, როგორიცაა: „თვალსაზრისი“ და „ნიუსფრონტი“, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესახებ 20 თებერვალს დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. თუმცა პოსტი ანტიდასავლური და პრორუსული შინაარსის სხვა დეზინფორმაციულ გზავნილებსაც შეიცავს. აღნიშნული პოსტი „ნიუსფრონტმა“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ალექსანდრე ყანთელაძის პოსტი saqinformbiuro.wordpress.com-ზეც გავრცელდა, რომელიც „ნიუსფრონტის“ მასალების გავრცელების ალტერნატიული პლატფორმაა.

მტკიცება: აშშ-ის დიპლომატიურმა კორპუსმა რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართა და რუსული ვაქცინა [Sputnik V] ითხოვა

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ალექსანდრე ყანთელაძის მტკიცებით, აშშ-ის დიპლომატიურმა კორპუსმა რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართა და რუსული ვაქცინა (იგულისხმება Sputnik V) ითხოვა. აღნიშნულ მტკიცება მანიპულაციურად და კონტექსტის გარეშეა მოწოდებული, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

რეალურად, აშშ-ის მიერ რუსული Sputnik V-ის მოთხოვნის საჯარო მიმართვა არ არსებობს. აშშ-ში საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია მხოლოდ სამ ვაქცინას - ფაიზერს, მოდერნას და ჯონსონ&ჯონსონს მისცა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას სწორედ დასახელებულ სამ ვაქცინას უწევს. ასევე FDA-სთვის რუსულ მხარეს მისი ვაქცინა დასამტკიცებლად არ გაუგზავნია და აშშ-ს არც წინასწარ შეუძენია Sputnik V-ის დოზები. სავარაუდოდ, ალექსანდრე ყანთელაძე მიუთითებს, Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ვაქცინის დოზების ნაკლებობის გამო ამერიკელ დიპლომატებს დოზების თხოვნა უცხოური მთავრობებისთვის უწევთ, მათ შორის რუსეთისთვის. Washington Post-ი ინფორმაციას მოპოვებულ ჩანაწერებზე, ინტერვიუებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომლებიც საჯარო და ოფიციალური წყაროებით დადასტურებული არაა.

კონკრეტულად, Washington Post-ის თანახმად, აშშ-ის დიპლომატები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში მსახურობენ, სადაც ცუდი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, ვაქცინის განაწილების მიდგომის გამო ვაშინგტონის უმაღლესი პირებისადმი უკმაყოფილოები არიან. Washington Post-ის ინფორმაციით, ვაქცინების შეზღუდული დოზების გამო სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე დათანხმდა 13 სახელმწიფოს შეთავაზებას, რომ ამერიკული ვაქცინების (მოდერნა და ფაიზერი) მათთვის განკუთვნილი დოზებით აეცრათ აშშ-ის მომსახურე პერსონალი, ხოლო მინიმუმ რვა სხვა სახელმწიფოსგან იმავე შემოთავაზებას სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს. რაც შეეხება, რუსეთს, Washington Post-ი წერს, რომ რუსეთში მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსკოვს რუსული Sputnik V-ის დოზებისთვის მიმართეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ Sputnik V არც ჯანმოს და არც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ავტორიზაცია არ მიუღია და ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტი მის თანამშრომლებს აღნიშნული ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევს, თუმცა ნებას რთავს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის გადაწყვეტილება თავად მიიღონ. შესაბამისად, ალექსანდრე ყანთელაძის მტკიცება, რომ „ამერიკელების დიპ-კორპუსმა, ოფიციალურად მიმართა, რუსეთის ხელისუფლებას და ითხოვა რუსული ვაქცინა“ მანიპულაციურია და კონტექსტი აკლია, რადგან საუბარია მხოლოდ რუსეთში მომსახურე დიპლომატების მიერ Sputnik V-ით აცრის სავარაუდო თხოვნაზე. მეტიც, აღნიშნული ინფორმაცია Washington Post-ის მოპოვებულია და ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მტკიცება: ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა დამარცხება აღიარეს - რუსული ვაქცინის უპირატესობა, ვარგისიანობა და უსაფრთხოება აღიარეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

აგრეთვე, ალექსანდრე ყანთელაძე ამტკიცებს, რომ ევროპისა და ამერიკის მთავრობებმა დამარცხება აღიარეს - რუსული ვაქცინის უპირატესობა, ვარგისიანობა და უსაფრთხოება აღიარეს და მისი მიღების რიგში ჩადგნენ, ხოლო ყველა სხვა წარმოების ვაქცინებზე, უარი თქვეს, რადგან საშიშად და უსარგებლოდ მიიჩნიეს. აღნიშნული მტკიცება მცდარია. აშშ-ს რუსული ვაქცინა არ დაუმტკიცებია და, შესაბამისად, არც მისი ეფექტურობა ან უსაფრთხოება უღიარებია, არათუ უპირატესობა სხვა ვაქცინებთან შედარებით. რაც შეეხება ევროპას, ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის მედიცინის სააგენტომ (EMA), 4 მარტს რუსული ვაქცინის განხილვა დაიწყო, რათა გამოიტანოს დასკვნა, აჭარბებს, თუ - არა აღნიშნული ვაქცინის სარგებელი მის რისკებს. პოსტის გამოქვეყნების დროს, 20 თებერვალს, EMA-ს რუსული ვაქცინის განხილვაც კი არ ჰქონდა დაწყებული, თუმცა თავად განხილვის დაწყებაც ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას არ ადასტურებს. შესაბამისად, რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას აშშ-ს გარდა, ჯერჯერობით, არც ევროკავშირი აღიარებს. ასევე, არ არსებობს გასაჯაროებული გეგმა, რომ აშშ ან ევროკავშირი რუსული ვაქცინის დოზების შესყიდვას აპირებს ან მისი ყიდვის რიგში დგას. მედიაში გავრცელდა ცნობები, თითქოს ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისა, რომ ის Sputnik V-ის შეძენას არ გეგმავს, ევროკავშირი რუსული ვაქცინის შეძენა ან წარმოება შეიძლენა დაეწყო. აღნიშნულზე შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა და ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ტიერი ბრეტონიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება და იმუნიზაციის პროცესში ევროპაში წარმოებულ ვაქცინებს გამოიყენებენ. ეს განცხადება ადასტურებს, რომ არსებული მდგომარეობით, ევროკავშირი რუსული ვაქცინის შეძენას არ გეგმავს. ევროკავშირის მარეგულირებლის ავტორიზაცია მიღებული აქვს ასტრაზენეკას, მოდერნას, ფაიზერს და ჯონსონ&ჯონსონს. შესაბამისად, ტყუილია, თითქოს, ევროპამ და აშშ-მა რუსული ვაქცინის გარდა სხვა ვაქცინები საშიშად და უსარგებლოდ მიიჩნიეს და მათზე უარი თქვეს. EMA-ს ავტორიზაციის მინიჭებამდე სპუტნიკ V-ს რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყენებს/აპირებს გამოყენებას - ბელარუსი, სერბეთი, სლოვაკეთი (სლოვაკეთმა რუსული სპუტნიკ V შეიძინა, რასაც სამთავრობო კრიზისი და ჯანდაცვის და პრემიერ-მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა. ხოლო სლოვაკეთს შესყიდვის მიუხედავად, სპუტნიკ V-ით ვაქცინაციის პროცესი არ დაუწყია), უნგრეთი, სომხეთი, მონტენეგრო, სან მარინო, მოლდოვა (სპუტნიკ V-ს ავტორიზაცია მიღებული აქვს. მოლდოვას ჯერ დოზები არ მიუღია, თუმცა არსებობს შეთანხმება 180 ათას დოზაზე), თუმცა ტყუილია, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა სხვა ვაქცინები საშიშად და უსარგებლოდ მიიჩნიეს და მათზე უარი თქვეს (თითქმის ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა ევროპული და ამერიკული წარმოების ვაქცინებს, როგორებიცაა: ასტრაზენეკა და ფაიზერი იყენებს ან დამტკიცებული აქვს და გამოყენებას აპირებს). ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ ასტრაზენეკას გამოყენება დროებით შეაჩერა, მაგრამ შემდეგ მისი კვლავ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან EMA-მ ის უსაფრთხოდ და ეფექტურად მიიჩნია (აღნიშნულ საკითხზე დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ამასთან, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინების გამოყენება არც ერთ პერიოდში არ შეჩერებულა.

მტკიცება: ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებზე აფრიკაც უარს აცხადებს

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ევროპისა და ამერიკის გარდა, პოსტში საუბარია, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებზე აფრიკაც უარს აცხადებს და მათ უკან აბრუნებს. მტკიცება, თითქოს ევროპისა და ამერიკის გარდა ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებზე უარს აფრიკაც აცხადებს, კიდევ ერთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციაა. აფრიკის მრავალ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება უკვე დაწყებულია და უმეტესი სახელმწიფო COVAX პლატფორმის წევრია და ვაქცინებს სწორედ COVAX-დან იღებს, ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინას. მაგალითად, რუანდა ფაიზერის ვაქცინასაც იყენებს, ხოლო სამხრეთ აფრიკაში ჯონსონ&ჯონსონის ვაქცინაც გამოიყენება. მართალია, რამდენიმე აფრიკულმა სახელმწიფომ, მაგალითად, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მალიმ, კამერუნმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ასტრაზენეკას გამოყენება დროებით შეაჩერა, მაგრამ აფრიკის კავშირი ასტრაზენეკას გამოყენების გაგრძელების რეკომენდაციას გასცემს და ბევრ აფრიკულ ქვეყანას მისი გამოყენება არ შეუჩერებია. რაც შეეხება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, მან ასტრაზენეკას გამოყენება იმის გამო შეაჩერა, რომ აღნიშნული ვაქცინა კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტურია. ასტრაზენეკას დოზები მან სხვა აფრიკულ სახელმწიფოებს მიჰყიდა, რომლებიც აღნიშნული მწარმოებლის ვაქცინის გამოყენებას აგრძელებენ.

ამასთან, ალექსანდრე ყანთელაძე შიშობს, რომ აღნიშნული „დაწუნებული“ ევროპული და ამერიკული ვაქცინების შეტანას უკრაინა აპირებს და შეიძლება, საქართველომაც იგივე გააკეთოს. მართალია, რომ უკრაინა ევროპული და ამერიკული წარმოების ვაქცინებს - ასტრაზენეკასა და ფაიზერს - იყენებს, ისევე როგორც საქართველო. თუმცა ისინი „დაწუნებული“ არაა და აღნიშნული მტკიცება ყალბია, რადგან ასტრაზენეკასა და ფაიზერის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ავტორიტეტული მარეგულირებლის მიერ არის დადგენილი.

მანიპულაციები რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო, სამედიცინო შესაძლებლობებთან დაკავშირებით

ასევე პოსტი შეიცავს მტკიცებებს, რომ სამედიცინო სფეროში რუსეთის დაწინაურების გარდა, აშშ-მა ხუთი წლის წინ აღიარა, რომ რუსეთმა აშშ-ს სამხედრო ტექნოლოგიებშიც გაუსწრო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკულ ვაქცინებთან შედარებით რუსული ვაქცინის უპირატესობის მტკიცებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია - Sputnik V-ის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ავტორიტეტული მარეგულირებლების მიერ ჯერ დამტკიცებული არაა. ასევე ფაიზერის ეფექტიანობა 95% და მოდერნასი 94,1%-ია, როდესაც რუსეთი მისი ვაქცინის ეფექტიანობად 91,6%-ს ასახელებს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინების დისკრედიტაცია და Sputnik V-ის უპირატესობის წარმოჩინება კრემლის საერთაშორისო პროპაგანდის ნაწილია, რომლის შესახებაც აშშ რუსეთის დაზვერვას ადანაშაულებს. აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ იტყობინება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატკომის სპეციალური ჯგუფის (East STRATCOM Task Force) პროექტი EUvsDisinfo და ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი. რაც შეეხება ზოგადად სამედიცინო სფეროების შედარებას, აშშ რეიტინგებში რუსეთზე წინაა, მაგალითად იხილეთ ჯანმო, Hudson’s Global Residence Index HEALTHindex 21, გაერო-ს განვითარების პროგრამის ჯანდაცვის ინდექსი და ა.შ.

ამასთან, სამხედრო სიძლიერესა და სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში რუსეთის აშშ-ზე უპირატესობის წარმოჩენაც ასევე რუსული დეზინფორმაცია/პროპაგანდის ნაწილია და რეალურად ავტორიტეტული პლატფორმების რეიტინგებში აშშ პირველ, ხოლო რუსეთი მეორე ადგილს იკავებს (მაგალითად იხილეთ globalfirepower.com, businessinsider, statista, techtheday).

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები; ქვეყნები, რომლებიც Global Firepower PowerIndex-ში (0.000 ნიშნავს საუკეთესოს/ყველაზე ძლიერს) ყველაზე მაღალ ადგილებს იკავებენ. (სხვა ფაქტორებთან ერთად) გათვალისწინებულია: შეიარაღების რაოდენობა, შეიარაღების მრავალფეროვნება, ბუნებრივი რესურსები, ხელმისაწვდომი ინდუსტრიები, ცოცხალი ძალა, ფინანსური სტაბილურობა, წყარო: Global Firepower. ცხრილი: statista

ალექსანდრე ყანთელაძე აგრეთვე ამტკიცებს, რომ რუსეთი აშშ-ზე წინაა ინფრასტრუქტურულად, რასაც ტეხასში არსებული კრიზისული სიტუაცია ადასტურებს, როდესაც აშშ -3 გრადუსს ვერ გაუმკლავდა, როდესაც რუსეთში -48 გრადუსზეც არ იქმნება პრობლემები და ა.შ. ტეხასის შტატში ამინდის გაუარესებამ სერიოზული კრიზისი მართლაც შექმნა. თუმცა ტეხასში -3 გრადუსის და რუსეთში -48 გრადუსის შედარება არარელევანტურია, რამდენადაც ტეხასში რუსეთთან შედარებით თბილი კლიმატია და ინფრასტრუქტურა მსგავს დაბალ გრადუსზე გათვლილი არ იყო. ხოლო აშშ-სა და რუსეთის ინფრასტრუქტურული განვითარების შედარების შემთხვევაში ავტორიტეტული პლატფორმების რეიტინგებში აშშ რუსეთზე ბევრად წინაა, მაგალითად იხილეთ მსოფლიო ბანკის ინფრასტრუქტურის ინდექსი, statista, კიელის ინსტიტუტი, მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსი.

მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხის ინდექსი (2017 წლის მონაცემები): აშშ-ის ინდექსი შეფასებულია, როგორც 5,85 და მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხის მხრივ საუკეთესო ქვეყნების 10%-ში შედის. ხოლო რუსეთის ინდექსი შეფასებულია, როგორც 3,98. ცხრილზე წყვეტილი ხაზი მსოფლიოს მედიანას (საშუალო მაჩვენებელი) აღნიშნავს. მონაცემების წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი; ცხრილი: მსოფლიო ბანკი - tcdata360.worldbank.org

ალექსანდრე ყანთელაძის პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა

ჩამოთვლილი დეზინფორმაციების, ყალბი ამბებისა და მანიპულაციების გარდა, ალექსანდრე ყანთელაძე პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის სხვა ნარატივებსაც ავრცელებს.

მის თანახმად, მოლდოვაში „იქაური ოცნება“ „დაამხეს“, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას არ ამწვავებდა და მის ნაცვლად რუმინელი რუსოფობი „გაადადოფლეს“, რომელმაც „დნესტრისპირეთზე ცხელი საომარი განცხადებების გაკეთება“ დაიწყო. რეალურად, მოლდოვაში პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი პროდასავლელ კანდიდატთან, მაია სანდუსთან, არჩევნებში დამარცხდა და პრეზიდენტი არჩევნების შედეგად გახდა.

ასევე, პროპაგანდა შეეხო უკრაინაში პრორუსული არხების აკრძალვას, დასავლეთის მიერ მოლდოვისა და უკრაინის რუსეთთან საომრად გამზადებას, დასავლეთს მიერ რუსეთისთვის ბოლო ორასი წლის განმავლობაში კონფლიქტების მოწყობას, მათ შორის კავკასიაშიც და ასევე სტალინის მიერ საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანის გამართლებას.

ამასთან, ალექსანდრე ყანთელაძემ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის საქართველოში კონფლიქტის მოწყობა ივარაუდა. მის თანახმად, NATO, გაერო, აშშ და ევროკავშირი საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ ან ვადამდელი არჩევნების გზით იმ ძალების (ოპოზოციის) მოყვანის მცდელობაში დაადანაშაულა, რომლებიც „სიხარულით გაწირავენ ქართველ ერს საზარბაზნე ხორცად“. პოსტის ავტორმა გაავრცელა ყალბი ამბავიც, რომ დასახელებული ორგანიზაციები მათი მიზნის მისაღწევად საქართველოს მთავრობას სანქციების დაწესებით დაემუქრნენ. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან NATO-ს, გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოსადმი სანქციების დაწესების მუქარა არ გაუჟღერებიათ.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ყანთელაძემ „კათოლიკური დასავლეთისა“ და „მუსულმანური სამყაროსგან“ საქართველოს „ფიზიკური განადგურების და რუკიდან გაქრობის“ ერთადერთ გზად საქართველოს რუსეთის „ფრთის ქვეშ“ ყოფნა და რუსეთთან სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური მჭიდრო კავშირი დაასახელა.

განხილული პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის ნარატივებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წლიურ ანგარიშში - „დეზინფომეტრი“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული დეზინფორმაციული მასალა პრორუსულ პროპაგანდასა და დასავლური ვაქცინების საწინააღმდეგო დეზინფორმაციას შორის კავშირს ადასტურებს.

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი