იტვირთება

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია უნიკალური უფლებებით არის აღჭურვილი, ეგეთი არ ყოფილა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: მოცემული სტატია, ფორმატიდან გამომდინარე, დეტალურად არ აღწერს იმ უფლებებს, რაც, ზოგადად, დღესდღეობით, ოპოზიციას პარლამენტში გააჩნია. თუმცა, უკანასკნელ წლებში მიღებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, რაც ზოგადად, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ იყო მიმართული, ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა პარლამენტში გარკვეული მიმართულებებით გაუარესდა (თუ არ ჩავთვლით მიმდინარე წელს მიღებულ დროებით ცვლილებებს, რაც ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა).

ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებო, გასულ წელს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებია, რომლებმაც ოპოზიციის უფლებები პარლამენტში მნიშვნელოვნად შეამცირა/გააუარესა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა პარლამენტში დღესდღეობით გაუმჯობესებულია, არის მეტწილად მცდარი.

ანალიზი

9 მარტს „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პირველ არხზე გადაცემა „თავისუფალ ხედვის“ პოლიტიკურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. დებატების მიმდინარეობისას მან აღნიშნა, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში უნიკალური უფლებებით არის აღჭურვილი: „ის უფლებები, რაც დღეს პარლამენტს და, ზოგადად, ოპოზიციას გააჩნია პარლამენტში, უნიკალური უფლებებით არის აღჭურვილი, ეგეთი არ ყოფილა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნებისმიერი პრემიერის დამტკიცება და ნებისმიერი პრემიერის გამოძახება თუ მინისტრის გამოძახება პარლამენტში როგორი სუსხიანი იქნებოდა. ერთია, როდესაც მე ჩემი პარტიის პრემიერს ვიძახებ, მეორეა, როცა ოპოზიცია იძახებს“, - განაცხადა მან.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, ზემოაღნიშნული განცხადების სიზუსტით და ამ მიმართულებით, კერძოდ, პარლამენტში ოპოზიციის უფლებების თვალსაზრისით, უკანასკნელ წლებში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნო.

ბოლო წლებში ქვეყანაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რომლებიც - როგორც პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციის, ისე, მთლიანად, პარლამენტის უფლებამოსილებებს შეეხო. ამ მხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი 2017-2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა ახალი რეგლამენტიც მიიღო. პარლამენტის ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების თვალსაზრისით, რიგი საკითხები გაუმჯობესდა, თუმცა გარკვეული გამოწვევები კვლავ დარჩა.

შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებები რეგლამენტში გასულ წელს განხორციელდა, თუმცა ცვლილებების კანონპროექტის წარდგენას ოპოზიციისა და მესამე სექტორის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კანონპროექტი შეაფასა, როგორც უმრავლესობისთვის პრივილეგიების შექმნაზე ორიენტირებული, რომელიც ოპოზიციის (მათ შორის, დამოუკიდებელი დეპუტატების) უფლებრივ მდგომარეობას პარლამენტში მნიშვნელოვნად აუარესებს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს განხორციელებულ ცვლილებებს, აღსანიშნავია რეგლამენტში იანვარში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის, საპარლამენტო საქმიანობის განსხვავებული წესები იმოქმედებს.

2018 წელს დამტკიცებული ახალი რეგლამენტი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე სრულად გადავიდა. შედეგად, პარლამენტის რეგლამენტშიც შევიდა ცვლილებები, რომლითაც პარლამენტის მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების თვალსაზრისით, მთელი რიგი პოზიტიური სიახლეები დაინერგა.

კერძოდ, 2018 წლის რეგლამენტის დადებით მხარედ ისეთი მთავარი ცვლილებები უნდა შეფასდეს, როგორიცაა:

პარლამენტში დებატების წახალისება. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის მოხსენებისა და ინტერპელაციის შემდეგ დებატების გამართვის შესაძლებლობა;

მინისტრის საათის შემოღება, ანუ მინისტრების პარლამენტისთვის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენის ვალდებულება;

სამთავრობო პროგრამის შესახებ მოხსენების წარდგენა პრემიერ-მინისტრის მიერ. ასევე, სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის სხდომებზე განხილვის შესაძლებლობა.

თანამდებობის პირთა არჩევის პროცესის დახვეწა;

პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტისთვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივება;

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ორეტაპიანი კენჭისყრის პროცედურის გაუქმება;

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმისაწვდომობა გამოძიების მასალებზე;

საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ანგარიშების განხილვის პროცედურის განსაზღვრა და ა.შ.

ახალმა რეგლამენტმა, თავის მხრივ, გარკვეულწილად, ოპოზიციის უფლებებიც გააუმჯობესა, რამდენადაც ცვლილებები მთლიანად პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, რიგი საკითხები კვლავ დასახვეწი დარჩა. ყველაზე პრობლემურად ჩაითვალა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფრაქციის მიერ ანგარიშვალდებული პირის ფრაქციის სხდომაზე დაბარების უფლება გაუქმდა, რაც როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე ოპოზიციის რიგებიდან, უარყოფითად შეფასდა.

2020 წელს განხორციელებული ცვლილებები რეგლამენტში

პარლამენტის რეგლამენტში გასულ წელს შეტანილ ცვლილებებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კანონპროექტის მიღებამდე აღნიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი სიახლეებისა, ის ოპოზიციის მდგომარეობას აუარესებდა.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში დემოკრატიული მმართველობის განვითარება შეუძლებელია მხოლოდ უმრავლესობის უფლებების გაძლიერების ხარჯზე. პარლამენტის როლის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესებში. ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებები ორიენტირებული იყოს ყველა პოლიტიკური ძალის სრულფასოვან მონაწილეობაზე საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესში და გააძლიეროს ოპოზიციის როლი (რისი რეკომენდაციაც არაერთხელ წარვუდგინეთ პარლამენტს), იგი იმ უფლებებსაც უმცირებს ოპოზიციას, რაც მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ორგანიზაციამ კანონპროექტთან დაკავშირებით.

2020 წლის ივლისში, რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობის, განსაკუთრებით - მცირე შემადგენლობის ოპოზიციური პარტიების, საზიანოდ.

ცვლილებებით, ფრაქციის შექმნის უფლება პარლამენტის არანაკლებ 7 წევრს მიენიჭა, როცა მანამდე მოქმედი რედაქციით - 6 წევრს ჰქონდა.

სხვა პარტიასთან ერთად ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა წაერთვა პარტიებს, რომლებსაც 7 მანდატზე ნაკლები ექნებათ პარლამენტში. ფრაქციის შექმნის უფლებამოსილება, ასევე, წაერთვა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ დამოუკიდებელ მაჟორიტარებსაც.

ასეთი ცვლილება (მით უფრო - დაბალი საარჩევნო ბარიერის პირობებში) ოპოზიციური პარტიების მიერ ფრაქციის შექმნის შანსს კიდევ ამცირებს. კერძოდ, პარტიებს, რომლებიც 7 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებენ, სხვა პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანების შესაძლებლობა არ აქვთ. ფრაქციის ვერ შექმნის შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთი მნიშვნელოვანი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა ეზღუდებათ.

პატარა ფრაქციების უფლებრივი მდგომარეობა გაუარესდა პოლიტიკური დებატების კუთხით. მაგალითად, უფრაქციო პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი დრო 5-დან 3 წუთამდე შემცირდა.

პრობლემატურია თანამდებობების დაკავების საკითხიც, რომელიც უმრავლესობას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, ცვლილების თანახმად, თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები. ფრაქციის თავმჯდომარეს ყოველ 15 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილე შეიძლება ჰყავდეს. შედეგად, თუკი ფრაქცია უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, მისი თანამდებობის პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ცვლილებების თანახმად, გარკვეულწილად შემცირდა ოპოზიციის როლი პარლამენტის მიერ თანამდებობის პირთა არჩევის პროცესშიც. მაგალითად, მანამდე არსებული რედაქციით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის ორ წევრს ირჩევდა უმრავლესობა, ხოლო 1 წევრს - უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები. ცვლილებით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით და ოპოზიციას მხოლოდ კანდიდატურის წარდგენის უფლება რჩება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ასევე, შემცირდა დამოუკიდებელი დეპუტატების როლი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის პროცესში. მანამდე, მოქმედი რეგლამენტით, სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენდა პარლამენტს ასარჩევად, ცვლილების თანახმად კი - ეს უფლება მხოლოდ ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციებს დარჩათ, რომლებშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პრობლემურ საკითხად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დაკომპლექტების წესიც მიიჩნია. კერძოდ, მანამდე მოქმედი რედაქციით, პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული იყო 1 წევრი – უმცირესობის წევრთაგან, ხოლო 1 წევრი პარლამენტის დამოუკიდებელ წევრთაგან აერჩია. ცვლილებებით, მას ოპოზიციურ ფრაქციებთან და დამოუკიდებელ წევრებთან მხოლოდ კონსულტაციის ვალდებულება დარჩა.

პოლიტიკური კრიზისის შედეგად მიღებული ცვლილებები

რაც შეეხება მიმდინარე წელს განხორციელებულ ცვლილებებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეგლამენტში იანვარში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო საქმიანობის განსხვავებული წესები იმოქმედებს.

ზოგადად, პარლამენტის თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა ოპოზიციაში შემავალი 2 ფრაქციის წარდგინებით, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული. იმის გამო, რომ იანვრისთვის მხოლოდ 4 ოპოზიციონერი დეპუტატი იყო პარლამენტში შესული, ისინი ფრაქციას ვერ აყალიბებდნენ, რეგლამენტში შევიდა დროებითი ცვლილება, რომელიც ვიცე-სპიკერის წარდგენის საშუალებას უფრაქციო დეპუტატებსაც აძლევს.

გარდა ამისა, დროებითი ცვლილებით, კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება ექნება უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს. დაზუსტდა უფრაქციო დეპუტატებისთვის პოლიტიკურ დებატებში, კანონპროექტის განხილვის დროს და ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხები.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ცვლილებები არა მმართველი გუნდის კეთილმა ნებამ, არამედ ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა. კერძოდ, იმან, რომ 2 ოპოზიციური პარტიის სიით გასული დეპუტატების გარდა, პარლამენტში ამ დრომდე სხვა არცერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა.

მოცემული სტატია, ფორმატიდან გამომდინარე, დეტალურად არ აღწერს იმ უფლებებს, რაც, ზოგადად, ოპოზიციას გააჩნია პარლამენტში დღესდღეობით. თუმცა, უკანასკნელ წლებში მიღებულ ცვლილებებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, რაც ზოგადად, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ იყო მიმართული, ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა პარლამენტში გაუარესდა (თუ არ ჩავთვლით მიმდინარე წელს მიღებულ დროებით ცვლილებებს, რაც ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა განაპირობა).

იმაზე, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არაა ორიენტირებული (არა მხოლოდ უშუალოდ პარლამენტში, არამედ, ზოგადად, მის გარეთაც), ბოლო პერიოდში მათივე ინიცირებული კანონპროექტები მიანიშნებს.

კერძოდ, საქმე ეხება საარჩევნო კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს საბიუჯეტო დაფინანსების და საეთერო დროის შეზღუდვას პარტიისთვის, თუ ის საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც არ აითვისებს, და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც საქართველოს მოქალაქე არაა და აგიტაციაში მონაწილეობს.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა კანონებში შესატანი ცვლილებები უარყოფითად შეაფასა და ქვეყანას მათი გადახედვისკენ მოუწოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი