მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა COVID-19-ის პანდემიამდე არსებულ დონემდე, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება.
2021 წლის 30 მარტს მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, COVID-19-ის პანდემიამ საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებაზე საგარეო მოთხოვნის შემცირებამ, 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. ამასთან, ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით, ხოლო 2022 წელს 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა - გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა.
პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. უმუშევრობის დონემ 2020 წლის მეოთხე კვარტალში 20.4%-ს მიაღწია. დასაქმებულთა მესამედმა ვერ შეძლო მუშაობა შეზღუდვების პიკის განმავლობაში. შედეგად, 2020 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 5.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში მითითებულია, რომ საუბარია სიღარიბის ეროვნულ მაჩვენებელზე [აბსოლუტური სიღარიბე]. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე 2019 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 19.5% ცხოვრობდა.
ანგარიშში განხილული სცენარით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში ეპიდაფეთქების მესამე ტალღა არ იქნება და 2022 წლისთვის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ვაქცინირებული, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა შეიძლება 5%-მდე აღდგეს, ანალოგიური საპროგნოზო მაჩვენებელია 2023 წელსაც. საბაზისო სცენარით, ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3%-მდე 2023 წლისთვის შემცირდება. სიღარიბის დონე კი თანდათან შემცირდება და პანდემიამდე არსებულ დონეს 2023 წლისთვის დაუბრუნდება. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ დაგვიანებული ვაქცინაცია, შემდგომი შეზღუდვები და ხანგრძლივი პოლიტიკური დაძაბულობა საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევის მთავარ უარყოფითი რისკებს წარმოადგენს.
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა: „საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება COVID-19-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე“.
ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში პანდემია სავარაუდოდ გამოიწვევს ერთ სულ მოსახლეზე მისაღები სულ მცირე ხუთწლიანი შემოსავლის დაკარგვას და გაზრდის სიღარიბის მაჩვენებელს, ძირითადად სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო. ზოგადად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება რეგიონში დაბალ დონეზეა და პანდემიამდე არსებულ ტენდენციას ჩამოუვარდება. მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 3.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.