იტვირთება

რაჟდენ კუპრაშვილი: [კანონით] ვალდებულებები წარმოექმნება ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სერვისები ადაპტირებული იყოს შშმ პირებისთვისაც

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს. სამსახური გადახდისუუნარო მოქალაქეებს შემდეგი სახის მომსახურებას სთავაზობს: იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის - ნებისმიერ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა; საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და გამოსაკითხი პირის/მოწმის ინტერესების დასაცავად; საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე; წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.

უფასო იურიდიული დახმარების მიზნებისთვის, გადახდისუუნაროდ ითვლება პირი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრია და მისი სარეიტინგო ქულა 70 ათასს ან ნაკლებს შეადგენს. ასევე, გარკვეული კატეგორიის პირთათვის, შესაძლოა, სარეიტინგო ქულა 100 ათასი ან ნაკლები იყოს. ამასთანავე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის დირექტორის გადაწყვეტილებით, უფასო იურიდიული დახმარების მიღება შეუძლია პირს, რომელიც არ არის ბაზაში რეგისტრირებული, თუმცა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები აქვს და საადვოკატო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა თვითონ არ შეუძლია.

2020 წლის 14 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ“. ამ კანონმა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. რა ტიპის საქმიანობას ახორციელებს სამსახური და რომელ მუნიციპალიტეტებშია ხელმისაწვდომი მისი ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები, ამის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ სამსახურის დირექტორს, რაჟდენ კუპრაშვილს ესაუბრა.

-როდის შეიქმნა სამსახური და ვის წინაშეა ანგარიშვალდებული?

-იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლიდან ერთ-ერთი სამინისტროს - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. 2015 წელს მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. შეიქმნა კანონი იურიდიული დახმარების შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური გამოეყო სამინისტროს და დღეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ პარლამენტის წინაშე. ვფინანსდებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

-რამდენ მუნიციპალიტეტში გაქვთ წარმომადგენლობა?

-უკვე ცამეტ რეგიონში გვაქვს იურიდიული ბიურო. გარდა ამისა, საკონსულტაციო ცენტრები გვაქვს, რომლებსაც წელს ოცდაორი ცენტრი დამატება და ჯამში ორმოცდაათი საკონსულტაციო ცენტრი გვექნება. ამით უფასო იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაჭრილი იქნება საქართველოს მასშტაბით. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით - ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებისთვის, უფასო სამართლებრივი მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება.

- თქვენ პრეზენტაციაზე აღნიშნეთ, რომ ოფისებისთვის ადაპტირებული შენობების მოძებნა გაგიჭირდათ...

- თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, მოგვეცა საშუალება, რომ ყველა რეგიონში გვქონოდა ოფისი და ეს ოფისები მუნიციპალურ შენობებში განვათავსეთ. მოგეხსენებათ, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი „შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ“. კანონმა ბევრი საკითხის დარეგულირება მოითხოვა იმ დაწესებულებებისგან, რომლებსაც შშმ პირებისთვის სხვადასხვა სერვისის მიწოდების ვალდებულება აქვთ. პირველი ჩვენი გამოწვევა იყო, რომ ხელმისაწვდომობასა და ადაპტაციასთან დაკავშირებული საკითხები გადაგვეჭრა. უნდა ვთქვათ, რომ ერთობლივად ყველა შენობა-ნაგებობის ადაპტირება შეუძლებელია, ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება. ამიტომ ჩვენ დავგეგმეთ ისეთი რეფორმები, რომ შენობის ადაპტირების მიუხედავად, ყველა მოქალაქისთვის, ყველა შშმ პირისთვის ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომი იყოს. მოქალაქეებს ამ სერვისების მიღება ელექტრონულად, ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლიათ. ამ სიახლის პრეზენტაცია შშმ პირთა თემთან გავაკეთეთ და მათი მოსაზრებები მოვისმინეთ. ჩვენი სამსახური 1-ლ აპრილს პარლამენტს სტრატეგიულ დოკუმენტს წარუდგენს და აღებულ ვალდებულებას წლის ბოლომდე შევასრულებთ. ეს არის ადაპტაცია, ანუ შშმ პირებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გზებზე.

ჩვენ აჭარის რეგიონში, ხულოში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში საკონსულტაციო ცენტრები გავხსენით. ასევე ბათუმში გვაქვს ბიურო. ადაპტაციის პრობლემა ყველა შენობა-ნაგებობას აქვს და ყველგან გასაკეთებელია. სამწუხაროდ, ყველა ეს შენობა, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ადმინისტრაციული შენობებიც არის ძველ დროში აშენებული, 20-30 წლის წინანდელი შენობებია და მაშინ სულ სხვა სტანდარტები იყო. ამ შემთხვევაში, მარტივი ადაპტაცია გამოსავალი არაა. ამით შეიძლება, ვიღაც შეინიღბოს და თქვას, რომ აი პანდუსი მოვაწყვე რაღაც სტანდარტით და ადაპტირებული მაქვს ოფისიო, მაგრამ ასე არ არის. პრობლემაა ისიც, რომ თითოეულ შენობა-ნაგებობას სჭირდება საფუძვლიანი შესწავლა, არის, თუ - არა საერთოდ შესაძლებელი ასეთი შენობა-ნაგებობის გადაკეთება და ადაპტირება. შშმ პირს აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც ყველა სხვა მოქალაქეს. ეს ყველამ უნდა გაიაზროს. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა სამინისტრომ უნდა წარადგინოს ერთწლიანი სტრატეგიული დოკუმენტი. სახელმწიფო უკვე დგამს ნაბიჯებს, რომ გრძელვადიანი გეგმა არსებობდეს, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ადმინისტრაციული შენობის მოწყობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობის ახალი კანონითაც გათვალისწინებულია ეს საკითხები და ამ სტანდარტების დაუცველად, შეუძლებელია ახალი ობიექტის აშენება.

-გასაგებია, რომ შენობები - ადაპტირებული და სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ არის კი ინფრასტრუქტურა ადაპტირებული, რომ შშმ პირმა თქვენს ოფისებამდე დამოუკიდებლად მოსვლა შეძლონ? ვგულისხმობ საგზაო ინფრასტრუქტურას, სპეციალურ ბილიკებს მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვა.

-რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა მთლიანად ქვეყნისთვის. ვხედავთ, რომ ზოგიერთ ქალაქში ინფრასტრუქტურა უფრო სწრაფად ვითარდება, სხვაგან ჩამორჩენაა. თუმცა მთავარია, რომ არსებობდეს ერთიანი გენგეგმა. ეს მთავრობის მიერ მომზადებული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი შეითანხმებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეცოდინება,გარკვეულ პერიოდში, რომელ საშუალებებში რა მოცულობის თანხას დახარჯავს სახელმწიფო, რომელი გეგმით აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა. აქამდე ეს გეგმა არ არსებობდა. ახლა მაქსიმალურად მოგვეთხოვება, რომ არსებობდეს ვადებში გაწერილი კონკრეტული გენგეგმა და ბიუჯეტიც შესაბამისად დაიგეგმოს.

-მაგრამ ჩვენ არაერთი სტრატეგიული გეგმა და კანონი გვინახავს, რომლებიც არ სრულდება. გაქვთ მოლოდინი, რომ ეს კანონი შესრულდება?

- რა თქმა უნდა, მე, როგორც იურისტს, ამის მოლოდინი მაქვს. მთავარია, რომ სახელმწიფომ სწორი კანონები მიიღოს და ჩვენ ვართ ამის აღმსრულებლები. თვითმმართველობა იქნება, თუ - ჯანდაცვის წარმომადგენელი, როცა შენ მიმართავ და ეუბნები, რომ ესა თუ ის უფლება კანონით გაქვს მონიჭებული, ბუნებრივია, მოთხოვნაც და შედეგიც უფრო ეფექტურია.

-რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ შშმ პირებისთვის განათლებაზე, ჯანდაცვაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს?

-ეს გამოწვევა არსებობს და პანდემიამ ამ უფლებების ხელმისაწვდომობა და რეალიზება კიდევ უფრო პრობლემური გახადა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ექსპერტებთან ერთად მიმოვიხილეთ საერთაშორისო კანონმდებლობაც, ჩვენი ახალი კანონიც. არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს გადასალახი გვაქვს ძალიან ბევრი ბარიერი, რომლებსაც თვითონ უნდა მოვერიოთ. პირველ რიგში, ყველას ცნობიერებაში უნდა იყოს მყარად, რომ ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და ერთნაირი უფლებების მქონე მოქალაქეები ვართ. სახელმწიფოს აქვს მთელი რიგი კანონისმიერი ვალდებულებები, რომ დადგენილი სტანდარტები შესრულდეს. მთავარი იყო, რომ სახელმწიფოს ეს კანონი მიეღო და მან კანონი მიიღო.

-ამ ახალი კანონის მიხედვით, რა როლი ენიჭებათ თვითმმართველობებს შშმ პირების უფლებების დაცვის საკითხში?

-ვალდებულებები წარმოექმნება ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ რა სერვისებიც აქვს, ადაპტირებული იყოს შშმ პირებისთვის. ამავდროულად, თვითმმართველობამ მშენებლობასთან, ქუჩებისა და ტროტუარების, სანიშნეების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს.

-თქვენი სამსახურის არსებობის განმავლობაში, რამდენი საქმე მიიღეთ წარმოებაში და საინტერესოა, თუ გქონდათ იმ ტიპის განცხადებები, როცა შშმ პირები მათ მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ?

-ჩვენი სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროებმა, 2018 წელს, წარმოებაში 16 ათასამდე სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე მიიღეს. აქედან 12 ათასამდე მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე იყო. რაც შეეხება შშმ პირებთან დაკავშირებულ ქეისებს, მათ ისეთივე პრობლემები წარმოექმნებათ, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს. ესენია: საკრედიტო დავალიანება, დამსაქმებელთან დაკავშირებული პრობლემები, ბიზნესის მიმართულებით გარკვეული კონსულტაციების მიღება... არის საკითხები, როცა პრობლემა მათი სპეციალური საჭიროების გამო წარმოიქმნება და სჭირდებათ მოთხოვნის დაყენება, რომ ვიღაცამ ეს საჭიროებები გაითვალისწინოს. რაც შეეხება დისკრიმინაციას, თუ სამართლებრივად შევხედავთ, მოქალაქემ შესაძლო რაღაც მიდგომა ან დამოკიდებულება დისკრიმინაციულად მიიჩნიოს, მაგრამ, სამართლებრივად, ეს დისკრიმინაცია არ იყოს.

-თუ გქონიათ ისეთი საქმეები, როცა პირი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალდა?

-ჩვენ გვიძნელდება კონკრეტულ ქეისებზე საუბარი, თუმცა გვქონია ასეთი ქეისებიც.

-ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

-მაგალითად, შეხვედრები ჩატარდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის თბილისის ოფისის პარტნიორობითა და მხარდაჭერით. ჩვენს სამსახურს საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც პარტნიორული ურთიერთობები აქვს. არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ როგორც სამსახურის გაძლიერების, ისე ბენეფიციარებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევქმენით პორტალი, ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ თუ ჩვენს სამსახურს კონკრეტული მოქალაქის მიერ დასმულ ამა თუ იმ საკითხზე მანდატი არ აქვს, შესაბამის ორგანიზაციასთან დავაკავშიროთ. რა თქმა უნდა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც კვალიფიციურ და უფასო დახმარებას მიიღებს.

ინფორმაციისთვის: დაინტერესებულ პირს შეუძლია, სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდზე გაეცნოს და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება ონლაინრეჟიმში მიიღოს.

სამსახურთან დაკავშირება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებითაც: 1485 ან +995 (32) 2920055

ფოტო:Razhden Kuprashvili • რაჟდენ კუპრაშვილი


მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი