იტვირთება

ნათია თურნავა: [არსებული პროგნოზებით] საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე აღადგენს ეკონომიკას.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

ბუნდოვანია, თუ რომელ რეგიონზე საუბრობდა და კონკრეტულად, რომელი ორგანიზაციები იგულისხმა ეკონომიკის მინისტრმა. შედარებისთვის, მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონი გამოვიყენეთ, რომლშიც საქართველოს გარდა 22 ქვეყანა შედის. [1] ანალიზისთვის, შესაძლოა გამოვიყენოთ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზები. როგორც საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზაციების, რომლებიც რეფერირებად სუბიექტებს წარმოადგენენ.

არსებული პროგნოზებით, საქართველო, რეგიონთან შედარებით, მართლაც წამყვან პოზიციებს იკავებს. თუმცა, აქვე, საჭიროა აღინიშნოს ფაქტი რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი პროგნოზის არსებობა არ წარმოადგენს გარანტიას, რომ არსებული პროგნოზები რეალობად იქცევა. მაგალითისთვის, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო წარსულში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებდა, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო, საქართველო რეგიონში 23 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე აღმოჩნდა. პროგნოზებზე დაყრდნობით მტკიცებით ფორმაში საუბარი, შინაარსს მოკლებულია, თუ არ დაკმაყოფილდება ის პირობები - რა დაშვების ფარგლებშიც აღნიშნული შეფასებები არის განხორციელებული. შესაბამისად, მტკიცება ფაქტს არ წამოადგენს და მის მისაღწევად ხელისუფლებას მნიშვნელოვანი ძალისხმევის გამოვლენა მოუწევს.

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზებთან დაკავშირებით განაცხადა: „ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება იმაზე, რომ საქართველო არის რეგიონში ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე აღადგენს ეკონომიკას“.

ბუნდოვანია, თუ რომელ რეგიონზე საუბრობდა და კონკრეტულად, რომელი ორგანიზაციები იგულისხმა ეკონომიკის მინისტრმა. რეგიონის უნივერსალური განსაზღვრება არ არსებობს და სხვადასხვა ორგანიზაციები, რეგიონებს სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ. შესაბამისად, კონკრეტული განსაზღვრების გარეშე, განცხადება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. შედარებისთვის, მიზანშეწონილია მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონის გამოყენება, რომლშიც საქართველოს გარდა 22 ქვეყანა შედის. ანალიზისთვის, შესაძლოა გამოვიყენოთ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზები. აღნიშნული ორგანიზაციები საერთაშორისო მასშტაბის, რეფერირებად სუბიექტებს წარმოადგენენ.

მსოფლიო ბანკს გამოქვეყნებული აქვს 2021-2022 წლების პროგნოზები, რომლის მიხედვით, საქართველო რეგიონში, მონტენეგროსთან ერთად, 5%-იანი ზრდის მაჩვენებლით, მართლაც ლიდერი იქნება.

გრაფიკი 1: საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2021-2022 წლებში, მსოფლიო ბანკის მიხედვით

წყარო: მსოფლიო ბანკი

საერთაშორისო სავალუტო ფონდს, პროგნოზები შემუშავებული აქვს 2025 წლამდე. 2021-2025 წლების საშუალო ზრდის პროგნოზების მიხედვით, საქართველო უზბეკეთთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს, 5.5%-იანი ზრდის პროგნოზით. ყირგიზეთი პირველ ადგილს იკავებს (6.5%-იანი ზრდით).

გრაფიკი 2: საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2021-2025 წლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

აქვე, საჭიროა აღინიშნოს ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი პროგნოზის არსებობა არ წარმოადგენს გარანტიას, რომ არსებული პროგნოზები რეალობად იქცევა. მაგალითისთვის, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო წარსულში ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებდა, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო, საქართველო რეგიონში 23 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზე აღმოჩნდა.

[1]კოსოვოს გამოკლებით, რომელსაც საქართველო არ აღიარებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი