იტვირთება

ევროპული საქართველო: ქართული ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - სახელმწიფო საგარეო ვალმა დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ევროპული საქართველოს განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: პოსტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელზეა საუბარი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მაჩვენებლისგან განსხვავებით, სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებსაც მოიცავს და შინაარსით, იმ მაჩვენებლისგან - რაც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც სახელმწიფო საგარეო ვალი, განსხვავდება. განცხადებაში დასახელებული ლიმიტი წარმოდგენილია კანონში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომელიც ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის დასაშვებ ზღვრად, მთავრობის მთლიანი (შიდა და გარე ვალების ჯამი) ვალის მშპ-თან 60%-ს განსაზღვრავს. ეროვნული ბანკის მიერ დასახელებული მაჩვენებლის განხილვა კანონით დაწესებულ 60% ლიმიტთან მიმართებით, არ არის მართებული, რადგან პოსტში მოყვანილ კუმულატიურ მაჩვენებელზე, საკანონმდებლო ლიმიტი დაწესებული არ არის.

ასევე, აღსანიშნავია რომ ძირითადად, პანდემიური კრიზისიდან გამოწვეული მიზეზებით, მთავრობის მთლიანი (და არა ცალკე საგარეო) ვალის ოფიციალური მაჩვენებელი კანონში განსაზღვრულ 60%-ს აღემატება, თუმცა მთავრობის ვალი მოიცავს როგორც შიდა, ისე საგარეო ვალს და ცალკე აღებულად საგარეო ვალის ოფიციალურ მაჩვენებელს, 60%-სთვის არ გადაუჭარბებია. ამავდროულად, ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტი ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. საგარეო ვალის ლარში გამოსახულ მოცულობაზე კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამავდროულად, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, განცხადების პირველი ნაწილი, „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგზე მანიპულაციურია და სავალუტო რყევებისა და პანდემიური კრიზისის გავლენას ვალის მაჩვენებლებზე კონტექსტის მიღმა ტოვებს. მტკიცება, რომ საგარეო ვალმა ლიმიტს გადააჭარბა, არასწორია, ხოლო განცხადების ბოლოს დასახელებული რიცხვები კონტექსტს არ შეესაბამება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა პოსტი, შემდეგი შინაარსით: „ქართული ოცნების“ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი: სახელმწიფო საგარეო ვალმა დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბა და 31.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 61.3%-ია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ პოსტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელზეა საუბარი, რომელიც საგადასახდელო ბალანსთან არის ჰარმონიზებული. იგი სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) სექტორის საგარეო ვალს მოიცავს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (31.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 61.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი 7.4 მლრდ აშშ დოლარია (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 583.2 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 923.6 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი).

პოლიტიკური პარტიის განცხადებაში დასახელებული ლიმიტი კანონში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ არის წარმოდგენილი, რომელიც ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის დასაშვებ ზღვრად, მთავრობის მთლიანი (შიდა და გარე ვალების ჯამი) ვალის მშპ-თან 60%-ს განსაზღვრავს. თუმცა, დადგენილ მაჩვენებელზე მეტი ვალის აღება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია. ამავდროულად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმასაც წარუდგენს. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. წარსულში, დასახელებული კანონი ვალის ფარდობითი მაჩვენებლის ჭერად სახელმწიფო ვალის 60%-ს განსაზღვრავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვალის ოფიციალური სტატისტიკა და ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი, რომელიც პოსტშია დასახელებული, ერთმანეთისგან განსხვავებულ რიცხვებს წარმოადგენენ და მეთოდოლოგიურად, სხვადასხვანაირად ითვლებიან. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ დასახელებული მაჩვენებლის განხილვა კანონით დაწესებულ 60% ლიმიტთან მიმართებით, მართებული არ არის. პოსტში დასახელებულ მაჩვენებელზე, ლიმიტი დაწესებული არ არის.

„სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის“ თანახმად - „საქართველოს სახელმწიფო ვალი-საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინიტროსა და მისი გარანტიით სხვა ორგანოების/დაწესებულებების მიერ დადებული ხელშეკრულებებით აღებული, ეროვნული ვალუტით გამოსახული, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიერ ეროვნული ან უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული საფინანსო რესურსიდან მიღებული სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების ჯამური თანხაა’’. ამ განმარტებიდან ნათელია, იმისთვის რომ ვალდებულება აღირიცხოს სახელმწიფო ვალად აუცილებელია, რომ ფინანსთა სამინისტრო ვალდებულების წარმოქმნის პროცესში მონაწილეობდეს. აღნიშნული ვალის განმარტების თანახმად სახელმწიფო ვალი მოიცავს ცენტრალური მთავრობის, ეროვნული ბანკის და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული კერძო სექტორის ვალს, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დათვლილი მაჩვენებელი, მოიცავს აგრეთვე სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებსაც (უფრო ვრცლად, იხილეთ ბლოგი).

მთავრობის ვალის სტატისტიკა, რომელიც რელევანტურია კანონით განსაზღვრულ 60% ზღვართან მიმართებით, წარმოდგენილია გრაფიკ 1-ზე.

გრაფიკი 1: მთავრობის ვალის სტატისტიკა 2012-2020 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

აღნიშნული მაჩვენებლის შემთხვევაშიც, ნათელია რომ ძირითადად, პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისიდან გამომდინარე, მთავრობის ვალის მაჩვენებელმაც 60%-ს მიაღწია. თუმცა ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტი ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. მთლიანი სახელმწიფო ვალის ზრდა, ძირითადად სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდაზე მოდის. საგარეო ვალის ლარში გამოსახულ მოცულობაზე კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამავდროულად, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3364 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი