4 924 ვაქცინირებული ნიშნავს 68 სიცოცხლის გადარჩენას

სერგო ჩიხლაძე: 4 924 ვაქცინირებული ნიშნავს 68 სიცოცხლის გადარჩენას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სერგო ჩიხლაძის განცხადება არის სიმართლე.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დილის მონაცემებით აცრილი იყო 4 924 პირი. კოვიდით სიკვდილიანობა საქართველოში შეადგენს 1.3%-ს. ანუ, ამ 4 924 ადამიანს ბუნებრივად რომ შეყროდა კოვიდი, მათგან 68-ს დავკარგავდით. 68 სიცოცხლე შენარჩუნდა ვაქცინაციის წყალობით, ამ მომენტისთვის! თუ ავცრით ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს (დაახლოებით 1 700 000),  გადარჩება 22 000- ზე მეტი სიცოცხლე!“

29 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 280 472 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 272 601 ადამიანი (97%) გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 765 პირი (1.3%) გარდაიცვალა. 

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო, რაც თავის მხრივ დაგვიანებული იყო. იმუნიზაციის პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მისაღწევად, პირველ ეტაპზე დღეში მინიმუმ 3 ათასი აცრა უნდა გაკეთებულიყო. თუმცა ვაქცინაციის პროცესი კრიტიკულად ნელი ტემპით მიმდინარეობს. 29 მარტის მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით  4 924 პირი იყო აცრილი. პოტენციურად, COVID-19-ით ყველა მათგანი რომ დაინფიცირებულიყო, გარდაცვალების მაჩვენებლის მიხედვით 1.3%, ანუ 64 შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა. 

ვაქცინა არის პრევენციის საუკეთესო გზა და ინფიცირების შანსი მინიმალურია. ვაქცინაციის შემდგომ დაავადებით ინფიცირების შემთხვევაშიც კი ვაქცინა 100%-ით გვიცავს დაავადების შემდგომი გართულებებისგან და სიკვდილისგან. 

გლობალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ანტივაქსერული კამპანია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის შეჩერება და შესაბამისად, მრავალი სიცოცხლის გადარჩენა, მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, იმუნიცაზიის პროგრამა წლის ბოლომდე სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის, დაახლოებით - 1.7 მილიონი მოქალაქის მოცვას გულისხმობს. COVID-19-ის სიკვდილიანობის კოეფიციენტის გათვალისწინებით, 1.7 მლნ ადამიანის ვაქცინაცია მინუმუმ 22.1 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უდრის. რეალურად კი - ვაქცინაცია  გაცილებით მეტი სიცოცხლის გადარჩენას გულისხმობს, რადგან მასობრივი ვაქცინაციით საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა პანდემიის დასასრულს ნიშნავს.