გიორგი ბოტკოველი: პური, ზოგიერთ შემთხვევაში - 10 თეთრით, ზოგიერთ შემთხვევაში - 20 თეთრით გაძვირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: გასული წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ პურის ფქვილის სუბსიდირების 4-თვიანი პროგრამა აამოქმედა, რომლის მიზანი, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული ფასის სუბსიდირების გზით, სოციალურ (პირველადი მოხმარების) პურზე არსებული საცალო/სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება იყო. პროგრამა გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა და შედეგად, აღნიშნული კატეგორიის პურზე ფასები 0.90-1.00 ლარის ფარგლებში შენარჩუნდა. თუმცა, საქსტატის მონაცემის მიხედვით, თებერვლის თვეში ზოგადად ხორბლის პურზე ფასი 1.5%-ით გაიზარდა. გიორგი ბოტკოველის განცხადება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ყველა კატეგორიის პურზე მოხდა ფასების მატება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ყოველდღიური - მასიური მოხმარების პურზე, ფასები არ გაზრდილა, თუმცა მათი შენარჩუნება მხოლოდ სუბსიდირებით გახდა შესაძლებელი და, სუბსიდირების პროგრამის ამოწურვის შემდეგ, ფასების ზრდა ამ ნაწილშიც მოსალოდნელია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ბოტკოველის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა პირველ არხზე, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ სტუმრობისას განაცხადა: „იცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში -10 თეთრით, ზოგიერთ შემთხვევაში - 20 თეთრით გაძვირდა პური? რუსეთმა საბაჟო გადასახადი გააძვირა და ამის გამო სხვა, დამატებითი სახელმწიფოების მოძებნა სჭირდება ხელისუფლებას, რომ საქართველოში პური რამენაირად არ გაძვირდეს“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, პურზე და პურპროდუქტებზე ფასი 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ( მარტის თვის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი) ხორბლის პურის და ხორბლის ფქვილის ფასები შემდეგნაირად იცვლებოდა:

ცხრილი1: ხორბლის ფქვილის და პურის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (წინა თვე=100)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ხორბლის პურის ყველაზე მაღალი ფასი თებერვალში დაფიქსირდა, ზრდამ წინა თვესთან შედარებით 1.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ხორბლის ფქვილის ფასის ყველაზე მეტი ზრდა კი გასული წლის დეკემბერში იყო, როცა ხორბლის ფქვილი, წინა თვესთან შედარებით, 3.88 პროცენტული პუნქტით გაძვირდა.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 30 ნოემბერს ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება საქარველოს მთავრობამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო. პროგრამის მიზანი, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული ფასის სუბსიდირების გზით, პურზე არსებული საცალო/სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა. სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა 50-კილოგრამიან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარს შეადგენს. პროგრამის მონაწილე ბენეფიციარია ვალდებულია, 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია არაუმეტეს 53 ლარად მოახდინოს. პროგრამა 4-თვიანია (დეკემბრიდან მარტის ჩათვლით გრძელდება) და ყოველთვიურად 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე წლის 21 იანვარს ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, სუბსიდირების მოცულობა ერთ ტომარა 50-კილოგრამიან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გაიზარდა და 10 ლარის ნაცვლად, 15 ლარს შეადგენს. აღნიშნული ცვლილება ძალაში პირველი თებერვლიდან შევიდა.

„ფაქტ-მეტრი“ პურის ფასთან დაკავშირებით პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, სოციალურ ანუ ყოველდღიურ მოხმარების პურზე ფასი არ გაზრდილა და 0.90-1 ლარის ფარგლებში შენარჩუნდა, რაც სახელმწიფოს მიერ ფქვილის სუბსიდირებამ განაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ კატეგორიის პურზეც, ისევე როგორც სხვა სახეობის პურზე, ფასი 0.10-0.20 ლარით გაიზრდებოდა. ჩვენ კომპანია „იფქლსაც“ დავუკავშირდით, რომლის წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა, რომ სოციალურ პურზე ფასი არ გაზრდილა.

საქართველო თვეში დაახლოებით 30 000 ტონა ფქვილს მოიხმარს. ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა კი თვეში 10 000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს. ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის მიზანი, საქართველოში სოციალურ (ყოველდღიურ მოხმარების) პურზე ფასების შენარჩუნებაა, სწორედ ამ კატეგორიის პურისთვის არის საკმარისი თვეში 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი. დანარჩენ პურის სახეობასა და პურ-პროდუქტეულზე ფასები, როგოც ზემოთ აღვნიშნეთ, თებერვლის თვეში, წინა თვესთან შედარებით - 1.5% -ით არის გაზრდილი. გიორგი ბოტკოველის განცხადება შთაბეჭდილებას ქმის, რომ ფასი ყველა კატეგორიის პურზე გაიზარდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა პურის ფქვილის სუბსიდირების პროგრამამ თავისი ძირითადი მიზანი - სოციალურ პურზე (ყოველდღიური მოხმარების პურზე) საცალო/სარეალიზაციო ფასი შენარჩუნება - შეასრულა და ამ კატეგორიის პურზე ფასი არ გაზრდილა. თუმცა სხვა კატეგორიის პურზე ფასები თებერვალში 1.5%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება რუსეთში ხორბლის გაძვირებას, როგორც ცნობილია, პანდემიის პერიოდში რუსეთმა მარცვლეულ კულტურებზე კვოტირების და საბაჟო გადასახადის მექანიზმი აამოქმედა. პირველ ეტაპზე, გასული წლის ბოლოს, მარცვლეულზე კვოტირება გამოაცხადა და დაადგინა, რომ თებერვლიდან ივნისი ჩათვლით, ქვეყნიდან 17.7 მილიონ ტონაზე მეტ ხორბალს არ გაიტანდა. გარდა ამისა, რუსეთმა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ექსპორტირებულ ხორბალზე საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც 1 ტონაზე 25 ევროს შეადგენდა. უკვე პირველი მარტიდან საბაჟო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე - 50 ევრომდე გაიზარდა. საბაჟო გადასახადის ამოქმედებამდეც რუსეთში 1 ტონა ხორბალი 280 დოლარი ღირდა, საბაჟო გადასახადის ამოქმედების შედეგად კი ხორბლის ფასი 300 დოლარს აცდა.

2019 წელს საქართველოში დაახლოებით 109 მილიონი აშშ დოლარის ხორბალი იყო იმპორტირებული, საიდანაც 90,67 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხორბალი რუსეთიდან იყო შემოტანილი. შესაბამისად, იმპორტირებული ხორბლის 83.2% რუსული იყო, ხოლო დანარჩენი 16.8% კი - ყაზახური. 2020 წელს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, საქართველოში სულ დაახლოებით 108 მილიონი აშშ დოლარის ხორბლის იმპორტი განხორციელდა (490, 944 ტონა), რომელიც თითქმის სრულად - 99,4 % (488, 279 ტონა) რუსეთიდან იქნა შემოტანილი. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მთლიანად საქართველოში 15,92 მილიონი აშშ დოლარის (67 285 ტონა) ხორბალია იმპორტირებული, საიდანაც რუსეთის წილი 79.7%-ია ( 12,68 მილიონი აშშ დოლარის - 50 612 ტონა), დანარჩენი 20.3% კი ყაზახეთსა და აშშ-ზე მოდის.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო პურის ფქვილის სუბსიდირების 4-თვიან პროგრამას ახორციელებს, რომელიც მარტის ბოლოს მთავრდება. რადგან ხორბლის ფასი ბაზარზე კვლავაც მაღალია და 280-300 აშშ დოლარს შორის მერყეობს, სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად, სახელმწიფოს ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება სულ მცირე 1 თვით მაინც მოუწევს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი