რესპუბლიკური პარტიის წევრმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტიდან 48 000 ლარის გადახდა მოუწევს. საქმე ეხება ,,კულტურის ცენტრის'' ყოფილი დირექტორის ლექსო ვალიაურის სარჩელს, სადაც ის გორის მერის 2015 წლის 18 ნოემბრის ბრძანების, სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას - იმავე თანამდებობაზე და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა. საქალაქო სასამართლოს შემდეგ, სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა ვალიაურის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს.
„უზენაესმა სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. აღდგენის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ვეღარ მოხერხდება (გაუქმებულია ორგანიზაცია). განაცდურსაც თუ დავითვლიდით, 6 წელია გასული და 70 000 ლარამდე უწევდა და რა ლოგიკით დააკისრეს 48 000 ლარი, ჯერ არ ვიცი. ველოდებით გადაწყვეტილების ოფიციალურად ჩაბარებას და მეტი დეტალი მოგვიანებით გვეცოდინება“,-ამბობს ლექსო ვალიაური.
რესპუბლიკური პარტიის წევრის და ყოფილი საჯარო მოხელის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. გორის ოფისის თავმჯდომარე, ქეთევან ბებიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულებას ექვემდებარება და მაშინდელი აღმასრულებელი ორგანოს სამართალმემკვიდრე - გორის მერიას, აღნიშნული თანხის ვალიაურისთვის ანაზღაურება უახლოეს პერიოდში მოუწევს.
„სასამართლო ხარჯები მერიას ყოველ წელს აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული, ამიტომ ანაზღაურებასთან დაკავშირებით დროის გაჭიანურების საფუძველი ამ მხრივ სამართლებრივად არ არსებობს. მერიას შეუძლია იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და თუ ჩათვლის, რომ ეს არის მაშინდელი მერის პასუხისმგებლობის საკითხი, შეუძლია, რეგრესის წესით, კონკრეტული პირისგან ამოიღოს ეს თანხა“,-ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.
ლექსო ვალიაურის მუნიციპალური ა(ა)იპ-იდან გათავისუფლების პერიოდში გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იყო. ის ამჟამინდელმა გორის მერმა გასული წლის შემოდგომაზე ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის, ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად დანიშნა.
ექსმერი ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და არც აპირებს აღნიშნულზე კომენტარის გაკეთებას.
„ვინმეს გაღიზიანება, რომ არ გამოიწვიოს ჩემმა ნათქვამმა, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“,-აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
რაც შეეხება გორის ამჟამინდელ მერს, კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
„ჯერ დეტალებზე არ გვისაუბრია, არ ვიცი, გავივლი იურისტებთან ამ საკითხს და კანონის შესაბამისად, როგორც შეგვეძლება, ისე ვიმსჯელებთ ამ თანხასთან დაკავშირებით“,-ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.
„წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის“ გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში 861 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხიდან გაიცემა ლექსო ვალიაურის კომპენსაცია თუ ყოფილ მერს დაეკისრება ამ თანხის გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.
გორის მაშინდელი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ლექსო ვალიაურს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა. ამის დასამტკიცებლად ზურაბ ჯირკველიშვილს შიდა აუდიტის დასკვნა მოჰყავდა.
შიდა აუდიტმა დაადგინა, რომ კულტურის ცენტრის დირექტორმა ლექსო ვალიაურმა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა, პორტუგალიაში ანსამბლ ,,შავლეგოს" წევრებთან ერთად, საბიუჯეტო თანხებით იმოგზაურეს. ვიზის ასაღებად კი, გორის მერის შუამდგომლობა იყო საჭირო. ვითარება იმ გარემოებამ გაართულა, რომ საცეკვაო ანსამბლი კერძო ორგანიზაცია იყო და ის მერიას არ ეკუთვნოდა.
,,ლექსო ვალიაურმა მე მომატყუა, როცა შემომიტანა დოკუმენტი ხელმოსაწერად. მე არ ვიცოდი, რომ ანსამბლი იყო კერძო საკუთრება. მან დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მომაწერინა, კულტურის ცენტრის საქმიანობაში ყველა დეტალს არ ვიცნობდი. ანსამბლის წევრები ვარჯიშობდნენ გორის მერიის კუთვნილ ფართში, მეგონა ანსამბლი კულტურის ცენტრს ეკუთვნოდა“,-განმარტავდა მაშინდელი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ლექსო ვალიაურმა სამივლინებო ხარჯები გამოყო იმ ნებართვის შესაბამისად, რაც მას გორის მერმა მიანიჭა. სწორედ, გორის მერის ხელმოწერილი დოკუმენტი ამყარებდა ლექსო ვალიაურის პოზიციებს. გორის მერმა კი ვერ დაამტკიცა, რომ ის შეცდომაში ვალიაურმა შეიყვანა და დოკუმენტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.
2015 წელს, ლექსო ვალიაურს, კომპენსაციის სახით, მხოლოდ 2000 ლარი უნდა მიეღო, რადგან მისი ხელფასი 1000 ლარს შეადგენდა. ის სამსახურიდან 2015 წლის ოქტომბერში გაუფრთხილებლად, კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს, რასაც ვალიაური მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა. საბოლოოდ, აღნიშნული საქმის მოპასუხე მხარემ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, დოკუმენტზე მოტყუებით ხელმოწერის ფაქტი ვერ დაადასტურა და პროცესი ლექსო ვალიაურის სასარგებლოდ დასრულდა.
პარალელურად, გორის მერია ლექსო ვალიაურს პროკურატურაში უჩივის და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ედავება. ლექსო ვალიაურთან ერთად, ამ დრომდე, 50-მდე ადამიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა. ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შესაძლოა ის პროკურატურის საქმეში იყოს გამოყენებული. მერიის მიერ მოთხოვნილ მიმართულებებს, რითიც უწყებას გამოძიების წარმოება სურს, ხანდაზმულობის ვადა, შესაძლოა, 15-დან-30-წლამდეც ჰქონდეს.
ფოტო: qartli.ge