იტვირთება

დეზინფორმაცია: ჯონ კენედიმ მოსახლეობას ამერიკელთა დამონების გეგმის შესახებ ამცნო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24 მარტს Facebook-ანგარიშმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანებმა“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამერიკის პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ფოტო და თანდართული ციტატა არის მოცემული: „არსებობს შეთქმულება ამ ქვეყანაში, რომ დაიმონონ ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი. სანამ ამ მაღალ და დიდებულ კაბინეტს დავტოვებ, ვაპირებ ვამხილო ეს შეთქმულება“. პოსტის ავტორის თანახმად, კენედიმ ციტატა მის მკვლელობამდე 7 დღით ადრე წარმოთქვა.

ციტატის ინგლისური ვერსია სოციალურ ქსელებში 2019 წლიდან ცირკულირებს. მისი ნამდვილობა 2019 წელს ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ - Politifact-მა, 2020 წელს კი Reuters-მა გადაამოწმა. დეტალების გასარკვევად Politifact ჯონ კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას დაუკავშირდა. ბიბლიოთეკის არქივის წარმომადგენლის, სტეისი ჩენდლერის თანახმად, მათ ციტატასთან დაკავშირებული კითხვებით ხშირად მიმართავენ. სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, კენედიმ აღნიშნული სიტყვები გარდაცვალებამდე 7 დღით ადრე, 1963 წლის 15 ნოემბერს კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს წარმოთქვა. მეორე ვარიანტის თანახმად, პრეზიდენტმა ციტატა 1963 წლის 12 ნოემბერს გააჟღერა. ჯონ ფ. კენედის სახელობის ბიბლიოთეკის არქივში შენახულია კენედის სიტყვით გამოსვლის ჩანაწერები. ბუნებრივია, მათ შორის არის პრეზიდენტის მკვლელობამდე (1963 წლის 22 ნოემბერი) 7 დღით ადრე გაკეთებული ყველა საჯარო გამოსვლის და განცხადების ტექსტი. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, კენედი, მის მკვლელობამდე (1963 წლის 22 ნოემბერი) 7 დღით ადრე, შესაბამისად, 15 ნოემბერს, სიტყვით გამოვიდა ქალაქ ნიუ-იორკში, „ამერიკის შრომის ფედერაციისა და ინდუსტრიული ორგანიზაციების კონგრესის“ (AFL-CIO) ყრილობაზე და ასევე „ახალგაზრდული კათოლიკური ორგანიზაციის“ ეროვნულ კრებაზე. კენედის სიტყვის ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებეზე: ბმული 1, ბმული 2. არცერთ ამ ჩანაწერში ზემოთ მოცემული ციტატა ან მიახლოებული შინაარსის განცხადება არ ფიგურირებს. გარდა ამისა, ჩენდლერმა Politifact-თან განაცხადა, რომ ბიბლიოთეკამ სხვადასხვა ხერხით სცადა ციტატის ავთენტურობის გადამოწმება. შეამოწმა ჟურნალ-გაზეთების სხვა წლების ნომრებიც, კალიფორნიის უნივერსიტეტში პრეზიდენტის გამოსვლების ჩანაწერები, თუმცა ციტატის კვალი არცერთ წყაროში არ აღმოჩენილა.

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მკვლელობამდე შვიდი დღით ადრე ჯონ კენედიმ მოსახლეობას ამცნო ამერიკელთა დამონების გეგმის შესახებ, რომელსაც იგი თანამდებობის დატოვებამდე გაამჟღავნებდა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი