დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მამაკაცებში უნაყოფობას იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი Khatia Sichinava პლატფორმაზე დეზინფორმაციას ავრცელებს. 27 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც დღემდე 367 გაზიარება აქვს, ხატია სიჭინავა ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მამაკაცებში უშვილობას იწვევს. Facebook-მომხმარებლის განცხადებით, უშუალოდ ვაქცინის ანოტაციაში მითითებულია, რომ მამაკაცებმა სპერმა უნდა გაყინონ, რაც, სიჭინავას მტკიცებით, უშვილობის, როგორც აცრისგან გამომწვევ გვერდით ეფექტზე მეტყველებს. „ანოტაცია მაინც წაიკითხეთ აცრის !! სპერმა გაყინეთო მამაკაცებს რომ უწერიათ, ნუთუ მიზეზს ვერ ხვდებით?! უშვილო თაობა გინდათ?!“, - ნათქვამია პოსტში.

ხატია სიჭინავას განცხადება, რომლის მიხედვითაც ვაქცინების ანოტაციებში მამაკაცებს სპერმის გაყინვისკენ მოუწოდებენ, ყალბი ამბავია. დღემდე საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ აღიარებული არცერთი ვაქცინის ანოტაციაში, მოწოდება სპერმის გაყინვის შესახებ არ არსებობს (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3; წყარო 4). ამასთან ერთად, არც ერთ მათგანის გვერდით ეფექტებში - პოტენციური უშვილობის საფრთხეები, ნახსენები არაა.

ვაქცინაციის შემდეგ, ქალისა და კაცის ორგანიზმების ნაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ მრავალი დეზინფორმაციის გამო, აღნიშნულ საკითხს „ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოება“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაცია“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) გამოეხმაურა. ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, გერმანიასა და ისრაელში ჩატარებული სამედიცინო კვლევების თანახმად, კორონავირუსის ინფექციას მოკლევადიან პერსპექტივაში, სპერმის ხარისხისა და ნაყოფიერების უნარის შემცირება ან მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის გამოწვევა შეუძლია. ამდენად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირიქით, მამაკაცებში ამ შესაძლო გართულების ( კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში) თავიდან აცილება შეუძლია.

სპერმის გაყინვა წარმოადგენს მამაკაცის სპერმის შენახვის პროცედურას სამომავლო გამოყენებისთვის. სპერმის გაყინვის შემდეგ, ის -196 გრადუსზე, თხევად ნიტროგენში ხარისხის დაკარგვის გარეშე, წლობის განმავლობაში ინახება. სპერმის გაყინვა შესაძლოა რამდენიმე მიზეზის გამო მოხდეს, მათ შორის ხშირია მაშინ, როცა მამაკაცი ისეთი სამკურნალო საშუალების მოხმარებას ან პროცედურების ჩატარებას იწყებს (მაგ: ქიმიოთერაპიას), რომელმაც სამომავლოდ მის ნაყოფიერებაზე, შესაძლოა, გავლენა იქონიოს.

ხატია სიჭინავას დეზინფორმაცია კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ აქამდეც გაუვრცელებია. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: