იტვირთება

გიგლა მიქაუტაძე: ინვესტიციების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა, ასეთი ვარდნა ომის პერიოდშიც არ ყოფილა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგლა მიქაუტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 52.9%-ით შემცირდა და 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მტკიცება, რომ ინვესტიციების მოცულობა ბოლო 15 წლის მინიმუმზეა, სიმართლეა. თუმცა ინვესტიციების ყველაზე მეტი ვარდნა სწორედ ომის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა. ომის შემდგომ პერიოდში, 2009 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 666.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებელზე 57.7%-ით ნაკლები იყო.

ტენდენციის სრულყოფილი ანალიზისათვის მართებული იქნებოდა პუი-ს მშპ-სთან ფარდობითი წილის ცვლილების ანალიზიც. თუმცა, საანგარიშო პერიოდი (2005-2020) მოიცავს წლებს, რომელთათვისაც მშპ-ს მოცულობა განსხვავებული მეთოდოლოგიით არის დათვლილი, შესაბამისად, მონაცემები შედარებადი არ არის.

2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90.9% შეადგინა. სააქციო კაპიტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები პრაქტიკულად არ შემოსულა, რაზეც გიგლა მიქაუტაძე თავის განცხადებაში სწორად მიუთითებს.

ანალიზი

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა: „2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები ბოლო 15 წლის მინიმუმზეა“. მისივე განმარტებით, პანდემიამ ინვესტიციების შემცირებაზე ობიექტურად იქონია გავლენა, თუმცა ასეთი ვარდნა ომის პერიოდშიც არ ყოფილა. მისივე თქმით, „ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში სულ 9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს უცხოეთიდან ინვესტიცია ქვეყანაში უბრალოდ არ შემოსულა და უცხოელი ინვესტორები, ფაქტობრივად, მხოლოდ საქართველოში მიღებული მოგების რეინვესტირებით შემოიფარგლნენ. საინტერესოა ისიც, რომ უცხოური ინვესტიციების 65% მხოლოდ საფინანსო სექტორზე მოვიდა და სხვა სექტორებში ახალი ინვესტიციები უცხოელების მიერ რეალურად არ განხორციელებულა“.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 52.9%-ით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ -102.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნიდან ინვესტიციები გავიდა. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა სახელდება. აღნიშნული მიზეზი, ბოლო წლებში კლებად უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას ხელისუფლების სტანდარტულ „თავის მართლებად“ გადაიქცა. თუმცა, ინვესტიციების კლების დინამიკის კონტრარგუმენტად, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მხოლოდ „ტექნიკური“ ასპექტების დასახელება (ვალების გასტუმრება, BP-ს გაზსადენის პროექტის დასრულება და ა.შ.), სპეკულაციურია. როგორც წესი, როდესაც წინა წლებში პუი იზრდებოდა, ასეთ დეტალებზე ყურადღება არ მახვილდებოდა. ინვესტიციების ნაწილი ქვეყნიდან წინა წლებშიც გადიოდა (იფარებოდა ვალები, სხვისდებოდა კომპანიები), თუმცა აღნიშნული გადინება სხვა ნაკადებით ბალანსდებოდა, რაც ბოლო წლებში ვერ მოხერხდა. შესაბამისად, გასულ წლებში ტექნიკურ მიზეზებზე მითითება, ხელისუფლებას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (მლნ აშშ დოლარი) და ზრდის მაჩვენებელი (%) [1]

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90.9% (560.7 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა. სავალო ვალდებულებებმა 47.1 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სააქციო კაპიტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რეინვესტიციის ამგვარი მაღალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციები პრაქტიკულად არ შემოსულა.

გრაფიკი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (მლნ აშშ დოლარში) კომპონენტების მიხედვით, 2013-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9% (400.3 მლნ აშშ დოლარი) საფინანსო სექტორში განხორციელდა, 16.5% (101.5 მლნ აშშ დოლარი) სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში, 11.6% (71.8 მლნ აშშ დოლარი) უძრავი ქონების სექტორში. ყველა დანარჩენ სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ჯამში მთლიანი ინვესტიციების 7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 255.8 მლნ-ით შემცირდა და 5.8 მლნ შეადგინა, ენერგეტიკის სექტორი 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით უმსხვილესი სექტორი იყო და საფინანსო სექტორის შემდეგ, რიგით მეორე პოზიცია ეკავა. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში უცხოური ინვესტიციები 341.7 მლნ-ით შემცირდა და - 221.5 შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამგვარი მკვეთრი ვარდნა 2020 წელს, რა თქმა უნდა, პანდემიასთან პირდაპირ კავშირშია. თუმცა, პრეპანდემიურ პერიოდშიც, ინვესტიციების მოცულობა კლებადი ტენდენციით უკვე ხასიათდებოდა.

[1] პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის შესაფასებლად მართებულია, რომ განვიხილოთ პუი-ს წილი მშპ-ში. თუმცა აღნიშნული მონაცემების შედარება 2010 წლამდე პერიოდთან ვერ ხერხდება, რადგან 2010 წლიდან მშპ-ს მოცულობა გაანგარიშებულია ახალი მეთოდოლოგიით.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი